ეროვნული ლიგის XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სეზონის დასრულებამდე როცა სამი-ოთხი ტური რჩება, თითქმის ყველა წყვილში სატურნირო ინტრიგა ჩვეულებრივი ამბავია ხოლმე. მაგრამ, ეროვნულ ლიგაში ჯერ III წრე არ დასრულებულა და ახლა რომ ერთმანეთზე საინტრიგო მატჩებია, ადვილი წარმოსადგენია, ერთი თვის მერე რა იქნება. მოკლედ, სატურნირო ცხრილშიც სიტუაცია ხშირად იცვლება და საერთოდ, ეროვნული ლიგის მატჩებშიც დაძაბულობა ტურიდან ტურამდე მატულობს.

აღარაფერს ვამბობთ არაპროგნოზირებად შედეგებზე: აშკარა კრიზისში მყოფი ერთი-ორი გუნდის მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებს თუ არ ჩავთვლით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ფაქტობრივად, გამორიცხულია ნებისმიერ წყვილში ფავორიტისა თუ აუტსაიდერის წინასწარ "გამოცნობა". თანაც, ამ ბოლო
დროს ისე იმატა, ერთი შეხედვით, მოულოდნელი შედეგით დასრულებულმა მატჩებმა, რომ ტერმინი "სენსაცია" უკვე არააქტუალურიც გახდა.

აბა, შეიძლება, გასული ტურის ცენტრალური მატჩის შედეგს "სენსაციური" ვუწოდოთ? კი ბატონო, თბილისური დერბის საბოლოო ანგარიში, შესაძლოა, მართლაც მოულოდნელი იყოს ვინმესთვის, მაგრამ ვინც თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" დაპირისპირებას თვალი მიადევნა, ყველა დაგვეთანხმება, რომ "დინამო არენაზე" აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა!

XXVI ტურის მიმოხილვაც სწორედ ამ უხვგოლიანი დედაქალაქური დერბის პერიპეტიებით უნდა დავიწყოთ.

ნავსის გატეხვაც და უფრო მეტიც...
ორი ტურის წინ, ვინმე იფიქრებდა, რომ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი თბილისის "დინამო" ორ საშინაო მატჩში მხოლოდ და მხოლოდ ერთ ქულას აიღებდა? არადა, სწორედ ასე მოხდა: ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ჯერ "შუქურასთან" ითამაშა ფრედ, ახლა კი, სულაც დიდი ანგარიშით დამარცხდა იმ გუნდთან, რომელთან დაპირისპირებაშიც... გოლი არ ჰქონდა გაშვებული!

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ არცთუ უმნიშვნელო ფაქტორიც: შუა კვირაში, თბილისის "დინამოს" უმძიმესი სათასო მატჩის ჩატარებამ მოუწია, როცა პენალტების სერიაში დაამარცხა "რუსთავი". იმ მეოთხედფინალის გმირი ნუკრი რევიშვილი გახლდათ: საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარემ ჯერ ძირითად დროში გამოავლინა თავისი მაღალი კლასი, შემდეგ კი სულაც 3 (სამი!) პენალტი მოიგერია.

რევიშვილის იმ მართლაც გამორჩეულ მატჩს შემთხვევით არ ვიხსენებთ: ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ ამ გამოცდილი მეკარის შეცდომის გამოც იყო, თბილისის "დინამომ" დიდი ანგარიშით რომ წააგო "საბურთალოსთან". კი ბატონო, პირველი გოლის ეპიზოდში "დინამოს" მეკარე აშკარად შეცდა, მაგრამ როგორ შეიძლება იმის დავიწყება, თუ როგორი ურთულესი ბურთები მოიგერია რევიშვილმა მეორე ტაიმში: ჯერ ლაშა შინდაგორიძეს არ დაანება გოლის გატანა, მერე - გიორგი ხარაიშვილს, ბოლოს კი ძალიან ახლო მანძილიდან დავით ვოლკოვის თავური დარტყმაც მოიგერია.

ისე, მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა: სამი ძალიან რეალური მომენტი ხომ ვახსენეთ, ამის გარდა, ერთ ეპიზოდში გიორგი ხარაიშვილმა ძელს გაარტყა ბურთი და, რაც მთავარია, "საბურთალოს" კოლოსალური უპირატესობა ერთმანეთზე უკეთეს კიდევ ორ გოლში გამოიხატა! "დინამოს" დაცვის ხაზიც უამრავ შეცდომას უშვებდა, ნახევარდაცვაშიც უამრავი წუნი იყო და აღარაფერს ვამბობთ ყოვლად უსუსურ შეტევის ხაზზე: 83-ე წუთი იქნებოდა, "საბურთალოს" 21 წლის მეკარე ლაზარე კუპატაძე თამაშში რომ ჩაერთო...

ამ მატჩამდე "საბურთალოს" არც ერთხელ არ ჰქონდა მოგებული თბილისის "დინამოსთან" და გოლიც არ ჰქონდა გატანილი ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის კარში; ახლა კი გიორგი ჭიაბრიშვილის მშვენივრად დამოძღვრილმა და მოტივირებულმა გუნდმა აბსოლუტურად დამსახურებულად დაამარცხა ერთ დროს თავისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე.

მართლაც ერთი სიამოვნება იყო "საბურთალოს" თამაშის ცქერა: მწვრთნელის მიერ აშკარად შეტევაზე ორიენტირებულმა ტაქტიკურმა სქემამაც (4-3-3), ფაქტობრივად, 100 პროცენტით გაამართლა და, საერთოდაც, მატჩის პირველი წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ "საბურთალო" ნავსს გატეხდა და "დინამოსთან" ამჯერად მაინც არ დამარცხდებოდა.

ისე, პირველი ტაიმი, მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო და ლაზარე კუპატაძემაც, სულ მცირე ორ ეპიზოდში გადაარჩინა თავისი გუნდი; თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "საბურთალოს" ფეხბურთელები ბევრად უფრო ლაღად და, რაც მთავარია, უშეცდომოდ თამაშობდნენ, მაქსიმალურად იყენებდნენ ფლანგებსაც და რამდენიმე აშკარად დამუშავებული კომბინაციაც შემოგვთავაზეს.

"დინამო", აშკარად გადაღლილი გამოიყურებოდა და ალბათ, ორადორი ფეხბურთელი თუ იყო, მეტ-ნაკლებად რომ ცდილობდა თამაშის სცენარის შეცვლას: ლაშა თოთაძე და გიორგი ზარია. თუმცა, ეს აშკარად არასაკამარისი აღმოჩნდა ზემოტივირებული "საბურთალოს" პერმანენტული შეტევის გასანეიტრალებლად.

"დინამოს" ფეხბურთელებმა ასევე ვერაფერი მოუხერხეს მეტოქის ცალკეულ მოთამაშეებსაც: "საბურთალოს" 21 წლის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა გოლიც მშვენიერი გაიტანა და, საერთოდაც, ძალიან შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, ისევე, როგორც მარჯვენა გარემარბმა, 24 წლის ლაშა შინდაგორიძემ, 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა, 18 წლის ცენტრფორვარდმა გიორგი კოხრეიძემ და საერთოდ, მთელმა გუნდმა.

აღარაფერს ვაბობთ, 22 წლის დავით ვოლკოვზე: "საბურთალოს" მარჯვენა გარემარბმა თავის ახალ გუნდში მეშვიდე მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა!

წინა ტურში "საბურთალომ" 5:0 დაამარცხა ბათუმის "დინამო", ახლა კი კვლავაც დიდი ანგარიშით მოიგო.

აი, თბილისის "დინამოს" კი ბოლო ორ თამაშში დაკარგული ქულები, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს, მით უფრო, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას, ფაქტობრივად, აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა გუნდის გასაძლიერებლად: ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელების გადინებას ხომ ბოლო არ უჩანს. არადა, III წრის ბოლო მატჩში "დინამოს" ურთულესი და უპრინციპულესი გასვლითი მატჩი ელოდება "ტორპედოსთან".

ინტრიგა გაცოცხლდა!
თბილისის "დინამოს" წაფორხილებით მშვენივრად ისარგებლეს უახლოესმა კონკურენტებმა: "სამტრედიასა" და "ტორპედოს" მხოლოდ 6 ქულაღა აშორებს პირველ ადგილთან! თანაც, იმავე "დინამოსაგან" განსხვავებით, "სამტრედიას" ახალ-ახალი ფეხბურთელები ემატებიან.

ერთ-ერთმა ახალწვეულმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე გამოიჩინა: 24 წლის ნიგერიელმა შემტევმა მაიკლ ოლაიტანმა საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და "ლოკომოტივთან" ურთულესი დაპირისპირების ბოლო წამებზე აქტიური მონაწილეობაც მიიღო საგოლე კომბინაციაში, რომელიც ზუსტი დარტყმით დაასრულა კიდევ ერთმა ახალწვეულმა, 24 წლის ფორვარდმა ინტერს გიიმ (კოტ დ"ივუარი). ამ უკანასკნელმა სულაც დუბლი შეასრულა და ამის წყალობით, გია ცეცაძის გუნდის წაუგებელი სერია გააგრძელა.

მცირე ჩავარდნის მერე, აშკარად ფერზე მოვიდა კიდევ ერთი საჩემპიონო კანდიტატი "ტორპედო", რომლის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შუა კვირაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა სათასო მატჩში და ძირითადი შემადგენლობის როტაციაც ეფექტიანი აღმოჩნდა!

შეგახსენებთ, თასის მოქმედი მფლობელი "ტორპედო" წლეულსაც აგრძელებს ბრძოლას ამ საპატიო პრიზისათვის, ჩემპიონატის ბოლო ტურში კი ქუთაისელებმა გასვლაზე დიდი ანგარიშით მოუგეს მართლაც სერიოზულ კრიზისში მყოფ ბათუმის "დინამოს".

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ მიმდინარე სეზონში უკვე მესამე დუბლი შეასრულა. თანაც, კუხიანიძეს საუკეთესო შედეგი აქვს ეროვნულ ლიგაში: 4 პენალტი შეასრულა და ოთხჯერვე ზუსტად!

ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, თანაც, ბოლო ორი ერთნაირი ანგარიშით (0:5); ჰოდა, ამის გამოცაა, წინა სეზონის ბრინჯაოს პრიზიორს ამ ჩემპიონატში აბსოლუტურად განსხვავებული მიზანი რომ აქვს: ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

შავიზღვისპირეთს სტიქიამ შემოუტია?!
ბათუმის "დინამოს" მსგავსად, სერიოზული პრობლემები აქვთ დანარჩენ შავიზღვისპირა გუნდებსაც: "კოლხეთს" უკვე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, "შუქურა" კი ვერაფრით ახერხებს ბოლო ადგილიდან თავის დაძვრენას.

არადა, ქობულეთელთა გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი ჰქონდა ამ ტურში, მაგრამ წინა ტურისაგან განსხვავებით, გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ამჯერად ქულის მოპოვება ვერ მოახერხა (ანუ, კვლავაც უცვლელი დარჩა "კოლხეთთან" ჩამორჩენა).

სამაგიეროდ, III წრის ფინიშზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო "დილამ" და გიორგი დარასელიას დამოძღვრილი გუნდიც, როგორც იქნა, პლეი აუტის ზონას დასცილდა. "შუქურასთან" იმ მართლაც ექვსქულიანი მატჩის ბედი კი გორელთა გუნდის გამოცდილი შუახაზელის, 28 წლის ირაკლი ძარიას ოსტატურმა გოლმა გადაწყვიტა.

გამოცდილი უკრაინალი სპეციალისტი ალექსანდრ შტელინი საქართველოს ჩემპიონატში წელიწადნახევრიანი პაუზის მერე დაბრუნდა, მაგრამ თავის ახალ გუნდში მისი დებიუტი წარუმატებელი გამოდგა.

სხვათა შორის, "ჩიხურამ" ბოლომდე დაიცვა "სამართლიანი თამაშის" პრინციპები და თავისთვის უმოტივაციო მატჩში მოედანზე მოსაგებად გამოვიდნენ! ჰოდა, მოიგეს კიდეც და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოსო ფრუიძის გუნდი თასზეც აგრძელებს ბრძოლას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
27
17
4
6
24
55
26
17
3
6
31
54
26
11
6
8
8
39
26
7
10
9
3
31
27
7
9
11
-11
30
27
7
7
13
-11
28
27
7
6
14
-35
27
27
4
5
18
-24
17