გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

AutoSharing Option
25 აგვისტოს გელა სანაიამ ფოთის "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი ალეკსანდრ შტელინი მუშაობს. "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ 39 წლის სპეციალისტს უკვე ჰქონდა მიწვევები, რაც თავადაც დაგვიდასტურა...

"პირველი ლიგის გუნდიდან კონკრეტული შემოთავაზება იყო. მაგრამ უარი ვთქვი, რადგან პრობლემური გუნდიდან წამოვედი და იმავე ვითარებაში მოხვედრა არ მსურდა. ახლა ვისვენებ და ფსიქოლოგიურად აღდგენას ვცდილობ. თუმცა იმედი მაქვს, მალე მეტ-ნაკლებად გამართულ კლუბს ჩავიბარებ", - ამბობს სანაია.

ახალგაზრდა სპეციალისტი გულახდილად ლაპარაკობს, წამოსვლა რამ აიძულა:

"გუნდში სამი წელია ვმუშაობდი. იყო პერიოდი, 4 თვის
დავალიანების აღების მოთხოვნით მიტინგებზე ვიდექით და მერე სავარჯიშოდ მივდიოდით. კიდევ კარგი, ფეხბურთის განვითარების ფონდი დაფუძნდა და ეს ამბავი მოგვარდა. მაგრამ უბაზოდ, უსტადიონოდ და სპონსორის გარეშე ლიგაში ადგილის დასარჩენად ბრძოლა გაგვიჭირდა. ორჯერ გუნდი ლიგაში დავტოვეთ, გარდამავალ ჩემპიონატში ეს ამოცანა უპრობლემოდ შევასრულეთ და ევროსაგზურის პლეი-აუტამდე ცოტაღა დაგვაკლდა. ეს პრობლემებით სავსე გუნდში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ნიშნავდა.

პრობლემები წელს არანაკლები იყო, მაგრამ ბოლოადგილოსან 11 ქულას ვუსწრებდით და მინიმუმ, გადათამაშებაში მონაწილეობას მაინც დავიმსახურებდით. თუმცა, გაძლიერების ნაცვლად, ზაფხულში ლიდერებმა დაგვტოვეს - კოვტალიუკი, კორობკა და მეკარე სიკაჩი წავიდნენ, ბოლოს არფანგ დაფეც გაიქცა. ამ დანაკლისის შევსება ძალიან ძნელი იყო და მივხვდი, "კოლხეთში" ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე და გადაწყვეტილებაც მივიღე".

სანაია ქართული ფეხბურთის საერთო პრობლემებსაც შეეხო:

"როდესაც გუნდს ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, შეუძლებელია მისი კარგად მომზადება. ეს ზედმეტი ხარჯი და გაუთავებელი მგზავრობაა. შესაძლოა, გარკვეული დროით აიტანო, მაგრამ სამი წელი გზაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამღლელია. რაც მთავარია, თამაშებამდე ხანმოკლე შეკრებების მოწყობის საშუალებაც არ გვქონდა. ეს კი აუცილებელი იყო, ლეგიონერები ადგილობრივებს რომ დაახლოებოდნენ, დაფანტულები არ ყოფილიყვნენ და თავი გუნდის წევრებად ეგრძნოთ. ბაზაზე ყოფნით კი მეტი ყურადღების ქვეშ იქნებოდნენ.

კიდევ ერთი მომენტი - ვარჯიშების ჩატარების დრო წინასწარ უნდა დაგეგმო. მაგრამ საკუთარი ბაზის არქონის გამო, მორაგბეთა მოედანს ვქირაობდით და ამის გამო სასურველ დროს ვერ ვვარჯიშობდით. ბაზაზე ყოფნის კიდევ ერთი პლუსია, რომ ამ დროს კვების პრობლემა მოგვარებულია და ესეც ვერ ხერხდებოდა.

მაგრამ ისე არ გაიგოთ, თითქოს, ეს მხოლოდ "კოლხეთის" პრობლემაა - მსგავსი ამბები ბევრ სხვა გუნდში ხდება".

სანაიას თქმით, "კოლხეთი" უიმედო მდგომარეობაში არ მიუტოვებია:

"დღემდე მისი გულშემატკივარი ვარ და მჯერა, თუნდაც დარჩენილ ტურებს სახლში თუ ჩაატარებს, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება. ს

აკუთარი მაყურებელი ძალიან ბევრს ნიშნავს, რაშიც გარდამავალ ჩემპიონატშიც დავრწმუნდით - ფოთის "პარკი არენაზე" გამართულ შეხვედრებში გუნდს გამორჩეული მოტივაცია და სტიმული ჰქონდა. როცა კლუბი ფინანსურად ძლიერი არ არის, საკუთარ ქალაქში არ თამაშობს და სტადიონს გამუდმებულად სხვაგან ეძებს, ეს ძალიან დამღლელია.

ერთხელ "ლელოში" წავიკითხე და სწორი შედარება იყო - ფოთის სტადიონის მშენებლობა სურამის ციხესავით გაიწელა. საქართველოს ზღვისპირეთში, ბათუმში, ფოთში, ქობულეთში რომ არ არის კარგი სტადიონი, საფეხბურთო სკოლებიც ვერ ვითარდებიან და ამით ჩვენი ფეხბურთი ბევრ ტალანტს კარგავს.

ფოთელები არიან ირაკლი ძარია, ლაშა გვალია, დათო სამურკასოვი, რეზო ჩიტეიშვილი, მათე ცინცაძე... მაგრამ პირობები არ ჰქონდათ და წავიდნენ, ბევრად მეტი ტალანტი კი დაიკარგა. ეს ქალაქები ქართული ფეხბურთის ტალანტების სამჭედლო იყო და სამწუხაროა, ახლა ასეთი ვითარებაში რომ ჩაცვივდნენ. ამიტომაც არის დიდი გადინება, ადგილობრივი გუნდები კი ძლიერი შევსების გარეშე რჩებიან.

ერთი ის მახარებს, რომ ჩემს წამოსვლამდე მდგომარეობა შეიცვალა, ტენდერში სერიოზულმა კომპანიამ მოიგო და "ფაზისი" უნდა აშენდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმ ანეკდოტისა არ იყოს,ჩვენ საბუთი და პირობა კი არ გვჭირდება,ბაზები გვინდა ,ბა ზე ბიიი.ბათუმში და ფოთის სტადიონის დამანგრეველი იმ ადგილით უნდა ჩამოჰკიდო,პუტინი რომ ჰპირდებოდა.სანამ ბაზებს აშენებულს არ ვნახავ,არავის აღარ დავუჯერებ სიტყვაზე.
სოსო
19:52 23-09-2017
0
ჭარმაგი ასაკის გულშემატკივარი ვარ,90 წლებში მახსოვს რა მგარი გუნდი იყო ტორპედო დათო ყიფიანს როგორ უმაგრებდა გვერდს შტელინი..ამ ბოლოს 14 ადგილიდან ტორპედო 6 მოახვედრა მითუმეტეს გუნდი თავად არ დაუკომპლექტებია,კიდევ ხელს უშლიდნენ პრეზიდენტის მხრიდან,მაგრამ კარგ ფეხბურთს თამაშბდნენ.,ამ ისტორიას რატომ ვყვები?რა უნდოდა ფოთში იქ ფეხბურთი არ არსებობს სამწუხაროდ..რა აზრი აქვს ასეთი კლუბის მონაწილეობას?თან ვერ გავიგე,კარგი ინფრასტრუქტურა არ არის მაგრამ ფონდი ყველას ერთნაირად უყოფს ფულს,საჩმელი და ხელფასები მაინც რატომ არ იყო?მონეჯმენტი 0 ..
daviti
12:34 23-09-2017
0

სიახლეები პოპულარული