უჩა სოსიაშვილი: ქართულ ფეხბურთს მესამე ლიგაშიც შეიძლება, ემსახურო...

AutoSharing Option
ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში ბევრი არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდება (თან ძალიან ახალგაზრდულ ასაკში), მოიპოვებს საყოველთაო აღიარებას და მერე რანგით მესამე ლიგაში მუშაობას დათანხმდება...

უჩა სოსიაშვილი სწორედ ასეთია. მან გორის "დილას" მთავარი ქართული ტიტული მოაგებინა, ახლა კი ზესტაფონის "მარგვეთში" მუშაობს და ცდილობს, მესამე ლიგაში გუნდს ადგილი შეუნარჩუნოს.

გუშინ "ლელო" ახალგაზრდა სპეციალისტს შეეხმიანა და ინტერვიუ ჩამოართვა...

- ბევრისთვის მოულოდნელი იყო თქვენი მისვლა ზესტაფონის "მარგვეთში", რომელიც რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
- ვმუშაობთ მთელი სერიოზულობით, რათა გადავჭრათ ის
პრობლემები, რომელიც არის ჩვენ წინაშე და შევასრულოთ დასახული ამოცანა. პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ რაც აქ მოვედი, ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მიმაჩნია, რომ თუნდაც რანგით მესამე ლიგაში შეიძლება ემსახურო ქართულ ფეხბურთს და ეს ბევრად უკეთესია იმაზე, რომ იჯდე სახლში.

ამ ეტაპზე ჩემი ამოცანაა, მოტივაცია მივცე ფეხბურთელებს. მათ უნდა ირწმუნონ, რომ შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი აქ ყოფნა მათ ამაში დაეხმარება.

- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე ჩაატარა ოფიციალური მატჩები...
- პირველ შეხვედრაში ხარაგაულის "ჩხერიმელას" მოვუგეთ. გუნდმა ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. სამწუხაროდ, მეორე მატჩში დავმარცხდით მარნეულის "ალგეთთან". თამაშის ხასიათი არ იყო ანგარიშის შესაბამისი, მაგრამ ქულები შედეგს მოაქვს.

ვმუშაობთ და ვფიქრობ, მალე კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით. რაც აქ ვმუშაობ, თბილისში სულ ორჯერ ვიყავი...

- ზოგადად, როგორია მესამე ლიგის სპეციფიკა?
- ყველა ტურნირს თავისი სპეციფიკა აქვს. ასეა აქაც. პირველი, რაც უნდა ვთქვა, ეს არის - ყველა კლუბს აქვს კონკრეტული თანხა და ეს იძლევა გარანტიას, რომ ჩემპიონატს უპრობლემოდ დაასრულებს. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც. მაგალითად, დიდი პაუზებია თამაშებს შორის. 12, 10, 9 დღე... ეს დიდი ვადაა. მაგალითად, "ჩხერიმელას" რომ მოვუგეთ, კარგ განწყობაზე, დამუხტული იყო გუნდი და "ალგეთთან" შეხვედრამდე გაძნელდა ასეთი განწყობის შენარჩუნება. არის კითხვები კალენდართან დაკავშირებითაც.

- სადაც კი იმუშავეთ, არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააწინაურეთ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ "მარგვეთში"?
- უნდა გითხრათ პირდაპირ: ძალიან კარგი! ჩვენი ფეხბურთელებისა და იმ მოთამაშეების დონე, რომლებიც გამოდიან უმაღლეს ლიგაში, ერთმანეთისგან ბევრით არ განსხვავდება. მათ აქვთ დიდი სურვილი და მონდომება, რომ ითამაშონ კარგი ფეხბურთი. დღეს უმაღლეს ლიგაში რომ ვმუშაობდე, "მარგვეთიდან" 3 ფეხბურთელი აუცილებლად იქნებოდა ჩემს გუნდში.

- როგორც ვიცით, საშინაო მატჩებს წყალტუბოში ატარებთ...
- კი, ასეა. რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა, რომ ზესტაფონში ვითამაშოთ. ეს არის საკითხი, რომელიც ორმხრივი მოლაპარაკებითა და ძალისხმევით უნდა მოგვარდეს. ილია კოკაია არის ადამიანი, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის. მან ზესტაფონში შექმნა შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და ყველამ პატივი უნდა ვცეთ მის ღვაწლს.

- როგორც ვიცით, ვერ დაიმატეთ სასურველი ფეხბურთელები...
- მართალი ხართ, ისეთ პერიოდს დაემთხვა ჩემი მოსვლა, ტრანსფერები ვეღარ მოხერხდა. ამის მიუხედავად, იმ კონტინგენტით ფონს გასვლა, რომელიც დღეს გვყავს, სავსებით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, აქცენტს ადგილობრივ მოთამაშეებზე ვაკეთებთ, გვყავს ერთი აფრიკელი ლეგიონერი - ემიკი. მან კარგად წარმოაჩინა თავი "ჩხერიმელასთან" მატჩში - 3 გოლი გაიტანა.

- ცხადია, თქვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა...
- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ამას მოვახერხებთ კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მესამე ლიგაში მაინც რა უნდა აფრიკელ ლეგიონერს,მანდ შედეგზეც არ უნდა იყოს დიდი ყურადღება გადატანილი,მანდ ახალგაზრდებს უნდა დაუთმოთ ასპარეზი და არა ბებერ და კარიერის პიკზე მყოფ ფეხბურტელებს,ესაა პარადოქსი ზუსტად აპა სად უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი ჭაბუკმა ფეხბურთელებმა თუ არა მესამე ლიგაში.........
ქუთაისელი
09:46 25-09-2017
0
უჩასთან ინტერვიუდან გამოდის დასკვნა,ქვედალიგების მიმოხილვებიც უნდა გაკეთდეს და ყოველი ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილებიც დაიდოს.თუ ვიდეოებიც დაიდება მთლად უკეთესი,ფეხბურთელებს მოტივაცია გაეზრდებათ და ინტერესიც გაჩნდება.
სოსო
19:54 24-09-2017
0

სიახლეები პოპულარული