11:31 25-09-2017
საბურთალო-შუქურა 3:2 - რას ბურთაობს "საბურთალო"?! [VIDEO]
AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა "კბილები" დასაწყისშივე გამოაჩინეს და პირველი 14 წუთის შემდეგ ლაშა შინდაგორიძის, გიორგი ხარაიშვილისა და გაგი მარგველაშვილის გოლებით 3:0-ს იგებდნენ. ხარაიშვილმა პირველ გოლზე შინდაგორიძეს (რომელიც მშვენიერ ფორმაშია) ასისტენტობა გაუწია, მერე კი საბურთალოელთა კაპიტანმა მორიგი ჯარიმა გაიტანა.
საინტერესო თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა. მიუხედავად დასაწყისში გაშვებული 3 გოლისა, ქობულეთელებმა ბოლომდე იბრძოლეს. მეორე ტაიმში თამაში აშკარად გამოაკეთეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ ეს იყო და ეს.
"შუქურაში" პირველად ითამაშა ჩინელმა ჰან ტიანლინმა - ტანმაღალი აზიელი ნახევარმცველი ბევრს ცდილობდა, მაგრამ თანაგუნდელებთან შეთამაშებაც აშკარად აკლდა და თავი მხოლოდ ყვითელი ბარათით გამოიჩინა.
ქობულეთელებმა თამაში მას შემდეგ გამოასწორეს, რაც ტიანლინი მეორე ტაიმის დასაწყისში ბრაზილიელმა ჟეფინიომ შეცვალა - ამ უკანასკნელის დამსახურებაა, მასპინძლებმა მოედნის ცენტრში უპირატესობა რომ დაკარგეს.
საბოლოოდ, ჭიაბრიშვილის გუნდმა 3:2 მოიგო და აგრძელებს ბრძოლას ევროსაგზურისთვის.
მატჩის სტენოგრამა
2' - გოლი! 1:0! მოედნის ცენტრში გია ჩადუნელის გადაცემა გიორგი ხარაიშვილმა ჩაჭრა და ლაშა შინდაგორიძეს ბურთი საჯარიმოში გააყოლა. ამასაც ბევრი ფიქრი არ დაუწყია და ერთი შეხებით ბურთი მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა.
3' - სტუმართა ძალიან სახიფათო შეტევა - სანდრო გურულის ფლანგური გადაცემის შემდეგ გიორგი კახელიშვილმა ბურთი კარში ერთი შეხებით გაგზავნა და მიზანს ოდნავ ააცილა.
8' - გოლი! 2:0! ისევ ხარაიშვილის "სტანდარტი". მასპინძელთა კაპიტანმა საჯარიმოს რკალიდან დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.
14' - სუპერგოლი! 3:0! კუთხურის შემდეგ დავით ვოლკოვმა კარში ვერ დაარტყა, მაგრამ იქვე მყოფმა გაგი მარგველაშვილმა "მაკრატელათი" ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა.
34' - გიორგი კოხრეიძემ ჩადუნელს საჯარიმოსთან აართვა ბურთი და იქვე წააქციეს. სახიფათო საჯარიმო ამჯერად დავით ვოლკოვმა შეასრულა, თუმცა - უშედეგოდ, დამატებაზე კი კარს თორნიკე თარხნიშვილმაც ააცილა.
39' - გურულმა მეკარესთან პირისპირ დატოვა მარსელინიო. ლაზარე კუპატაძემ გასაოცარი რეაქცია გამოავლინა და "საბურთალო" აშკარა გოლისგან იხსნა.
48' - ავტოგოლი! 3:1! საჯარიმო გურულმა შეასრულა. ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მერე მის მოსაგერიებლად გადამხტარ მეკარე კუპატაძეს შეეხო ხელზე და ბადეში შეგორდა.
59' - ჟეფინიო სამ მცველს გასცდა და კარში "მოჭრილად" დაარტყა. ბურთს კარის ხაზზე ლუკა ლაკვეხელიანი გადაეღობა და "საბურთალო" გადაარჩინა!
64' - ტერამ მცველზე გაკეთებული არაზუსტი გადაცემით სტუმართა თავდამსხმელი ჩაგელიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა. მცველმა ბოლო მომენტში ბურთს ფეხი წაჰკრა და კუთხურზე მოიგერია.
65' - გოლი! 3:2! კუთხური გურულმა შეასრულა. რომან ჩაჩუამ ყველას დაასწრო და თავურით ბურთი კარში გაგზავნა.
70' - ხარაიშვილი კარისკენ დაიძრა და 20 მეტრიდან ძლიერად "გაისროლა" - ბურთმა კარს მცირე მანძილზე ჩაუქროლა.
82' - ჟეფინიო ქობულეთელთა შეტევას მახვილი კუთხიდან აგვირგვინებდა. კუპატაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
83' - გურულმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, რომელიც კახელიშვილის დარტყმის შემდეგ ფეხზე მოხვდა ვოლკოვს და კინაღამ მეორე ავტოგოლი გავიდა...
84' - გურულის კუთხურის შემდეგ ჟეფინიო ბურთს ერთი შეხებით გზავნიდა კარში. კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.
ეროვნული ლიგა. XXVII ტური
22.09. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი არენა"
საბურთალო-შუქურა 3:2
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (2), 2:0 ხარაიშვილი (8), 3:0 მარგველაშვილი (14), 3:1 კუპატაძე (48-საკ. კარში), 3:2 ჩაჩუა (65. გურულის პასით)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - მამუჩაშვილი (62. ტერა), თარხნიშვილი - შინდაგორიძე (72. მუიეცი), ხარაიშვილი, ვოლკოვი - კოხრეიძე (55. ბიძინაშვილი).
სათადარიგოები: გოშაძე, მალი, გვარაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
შუქურა (4-2-3-1): სომხიშვილი - ჩაჩუა, ჩადუნელი (46. პომაზანი), გოგიტიძე, დასე - კლიმიაშვილი, ტიანლინი (50. ჟეფინიო) - კახელიშვილი, მარსელინიო, ს. გურული - ჩაგელიშვილი (79. შალამბერიძე).
სათადარიგოები: მელნიჩენკო, კალანდაძე, გოგილაშვილი, მალაზონია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გაფრთხილება: გურული (23), ტიანლინი (31), ჩადუნელი (34), იაშვილი (62), ტერა (81), გოგიტიძე (85)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 22
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
მომდევნო ტური
29 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
შუქურა-სამტრედია
30 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ტორპედო-საბურთალო
1-ლი ოქტომბერი, კვირა
დილა-ჩიხურა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული