ლოკომოტივი-ჩიხურა 3:0 - სულ უფრო სოლიდური [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგა გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეს შეხვედრა ამ კუთხით გამორჩეული იყო, რადგან ევროპალიგაზე გასვლის თეორიული შანსი ორივე გუნდს გააჩნია.

"ლოკომოტივმა" თავიდანვე იგდო ხელთ თამაშის სადავეები და 22-ე წუთისთვის სოლიდურად დაწინაურდა. თუმცა, ეს ის სხვაობა არ იყო, სტუმრებს ყურები ჩამოეყარათ და აკი გაიბრძოლეს კიდეც.

მაგრამ გიორგი დევდარიანის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ, მოიგო მატჩი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საპრიზო ადგილისთვის ბრძოლის თვალსაზრისით.

დევდარიანი და კომპანია წინ მიიწევს - "ლოკომოტივი" უფრო და უფრო სოლიდურ გუნდად ყალიბდება და
საკმაოდ კარგ ფეხბურთსაც თამაშობს. გუნდის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ მორიგი დუბლი შეასრულა და 22 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში ისე დაწინაურდა, ძნელი წარმოსადგენია, ვინმე დაეწიოს.

ვატო არველაძემ ერთი-ორი მინი-სპექტაკლი ამ შეხვედრაშიც დადგა. ეს ბიჭი იზრდება და ისეთ ფეხბურთელად მოჩანს, რომლის სანახავადაც სტადიონზე მისვლა ღირს - ბურთს "ეფერება", სიამოვნებს და ისე ლაღად თამაშობს, რაც ბოლო დროს ჩვენს მოედნებზე იშვიათი სანახავია.

"ლოკომოტივმა" 45 ქულა დააგროვა და საჩხერულ კლუბს უკვე 5 ქულით გაუსწრო, ხოლო "საბურთალოს" - 2 ქულით და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიბრუნა.

მატჩის სტენოგრამა
11' - გოლი! 1:0! არველაძემ მცველი ჩამოიცილა და კარის წინ ბურთი ფეხზე დაასვა სიხარულიძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.
22' - გოლი! 2:0! დიასამიძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა გოროზია, რომელმაც კიდევ უკეთეს პოზიციაზე მყოფ სიხარულიძეს უპასა და ლიგის ბომბარდირმა სხვაობა გაზარდა.
27' - არველაძემ გაიბრწყინა: ორ მცველს ეფექტურად გასცდა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ მიზანს ააცილა.
39' - არველაძემ ბრწყინვალე გადაცემით საჯარიმოში მოძებნა გვალია, რომელმაც კარის წინ სიხარულიძეს გადააწოდა, თუმცა ჰეთ-თრიკი არ შედგა - "ჩიხურა" ჰამზიჩმა გადაარჩინა.
44' - დიასამიძის ჯარიმა და ბურთმა კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
45+1' - დეკანოიძე საჯარიმოში შეიჭრა და დავით სამურკასოვთან შეჯახებისას წაიქცა. სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა... სანაცვლოდ ყვითელი ბარათი მიიღეს, დეკანოიძის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვის გამო.
47' - ტატანაშვილმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა დეკანოიძე. რევაზ თევდორაძე კარიდან დროულად გამოვიდა.
48' - სარდალიშვილის დარტყმის შემდეგ თევდორაძემ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.
49' - დეკანოიძის კუთხურის შემდეგ კაშიას თავურზე მეკარე თევდორაძემ დროული რეაქცია გამოავლინა.
54' - გოლი! 3:0! დიასამიძემ მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმოში უპრობლემოდ შეაღწია და ზუსტი დარტყმით მესამედ აიღო "ჩიხურას" კარი.
65' - სიხარულიძეს ჰეთ-თრიკის შესრულება კიდევ ერთხელ შეეძლო, მაგრამ კარის წინ უკეთეს პოზიციაში მყოფ არველაძეს გადააწოდა, ვინც დარტყმა დააგვიანა და მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
82' - სიხარულიძის ძლიერი დარტყმა. ბურთს კაშია გადაეფარა და კუთხურზე მოიგერია.
83' - თევდორაძე შესანიშნავია! დეკანოიძემ მასთან პირისპირ დატოვა ტატანაშვილი, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა და მეკარემ პრესტიჟის გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
90+2' - სამურკასოვის დარტყმა ჰამზიჩმა კუთხურზე მოიგერია.
90+2' - კუთხური კიკაბიძემ შეასრულა, სიხარულიძემ თავით კარის წინ მამუკა კობახიძე მოძებნა, რომელმაც რეალური შანსით ვერ ისარგებლა.

ეროვნული ლიგა. XXVII ტური
23.09. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ლოკომოტივი-ჩიხურა 3:0
გოლები: 1:0 სიხარულიძე (11. არველაძის პასით), 2:0 სიხარულიძე (22. გოროზიას პასით), 3:0 დიასამიძე (54)
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - ღონღაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა - გოროზია (65. კიკაბიძე), გვალია, სამურკასოვი - დიასამიძე (75. ანდრონიკაშვილი), სიხარულიძე, არველაძე (69. გავაშელიშვილი)
სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, ჩიტეიშვილი, ჭანტურია, ანდრონიკაშვილი, გავაშელიშვილი, კიკაბიძე, ლ. ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - თორ. გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაშია, ჩიკვაიძე (26. დეკანოიძე) - განუგრავა (33. გორგიაშვილი), დობროვოლსკი - ფონიავა, სარდალიშვილი (64. ივანიშვილი), კორიფაძე - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, მესხი, ივანიშვილი, ლექვთაძე, კვერნაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ღონღაძე (18), დეკანოიძე (45+1), არველაძე (62), კაშია (77)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 22
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მომდევნო ტური
29 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
შუქურა-სამტრედია

30 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ტორპედო-საბურთალო

1-ლი ოქტომბერი, კვირა
დილა-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და შუქურა ლოკომოტივის გოლები რატო მიაბით ლოკო-ჩიხურას?
Goga
14:38 25-09-2017
0

სიახლეები პოპულარული