"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურის მატჩი "ვიტ ჯორჯიასა" და "ზუგდიდს" შორის ტრაგიკული მიზეზის გამო არ შედგა. "მცხეთა პარკზე" თამაშის დაწყებამდე, მოთელვისას, სტუმართა გუნდის მეკარე შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ზუგდიდური კლუბის დირექტორი რევაზ პერტაია ამბობს:

"შოთა მოთელვამდე კარგად იყო, მაგრამ მოედანზე გასვლამდე მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა. მცხეთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ, მაგრამ... ვეღარ ვუშველეთ.

თავდაპირველად ითქვა, თითქოს, თრომბი იყო მიზეზი, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით.
ფაქტია, რომ საშინელი ამბავი მოხდა, ლაპარაკიც მიჭირს... არც კი ვიცი, რა ვთქვა... ძალიან კარგი სპორტსმენი და ადამიანი იყო".

31 წლის შოთა მამინაშვილი, რომელიც ბათუმის "დინამოს" ყოფილი მეკარის, იური მამინაშვილის ვაჟი იყო, ამავე კლუბში აღიზარდა, "ზუგდიდში" კი 2017 წლიდან თამაშობდა. იყო "მაჭახელასა" და ქობულეთის "შუქურას" წევრიც, ხოლო ადრეულ წლებში კი რუსულ "ნოვოკუზნეცკ-კუზბასში" თამაშობდა.

"ლელოს" და Sportall.ge-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოთა მამინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამძიმარს ვუცხადებ ბატონ იურის, მის ოჯახს და ყველა ქართველს ასეთი ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვის გამო
G E L A
12:38 02-10-2017
0
თანაუგრძნობ ოჯახს შოთას დაკარგვის გამო. უფალმა ღმერთმა დაუმკვიდროს ნათელი შოთას სულს იმ ქვეყნად.
gizog
15:10 03-10-2017
0

სიახლეები პოპულარული