შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ამ შეხვედრას ინტრიგა და ინტერესი არ აკლდა. საინტერესო იყო, რა შეიცვლებოდა "სამტრედიაში" მას შემდეგ, რაც გუნდი ახალგაზრდა სპეციალისტმა უჩა სოსიაშვილმა ჩაიბარა. თუმცა რამდენიმე დღე ნამდვილად არ ეყოფა რაგინდარა მწვრთნელს საიმისოდ, რომ გუნდს თავისი ხელი დაატყოს...

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის ეს შეხვედრა მეტად უიღბლოდ წარიმართა. სტუმრებმა ორი პენალტი გააფუჭეს, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

აღსანიშნავია მეკარე გიორგი სომხიშვილის კარგი თამაში - მან ერთი პენალტი და რამდენიმე სახიფათო შეტევა მოიგერია და გუნდი მარცხისგან იხსნა.

არადა, ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ "სამტრედიამ" კინაღამ წააგო.
მეორე ტაიმში ქობულეთელები გააქტიურდნენ და სოსიაშვილის გუნდს საკმაოდ მძიმე თამაშის გადატანა მოუხდა. სტუმრებს ქულები ისევ იმ ნიკა საბანაძემ გადაურჩინა, პირველი პენალტი რომ გააფუჭა და გოლით ერთგვარად გამოისყიდა "დანაშაული".

მატჩის სტენოგრამა
16' - კასრაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა მთივლიშვილი. მეკარე შემტევს შეახტა, წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა. შეტაკება იმდენად მტკივნეული იყო, ორივე დაშავდა და თამაში 3 წუთით შეჩერდა.
19' - პენალტი საბანაძემ შეასრულა. სომხიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
26' - გოლი! 0:1! საბანაძემ საჯარიმოში ბურთი დავით რაჟამაშვილს დაუგდო, რომლის დარტყმულსაც კლიმიაშვილმა ფეხი დაუხვედრა და ბურთი მასპინძელთა კარში ჩაეშვა.
30' - მანჯგალაძემ ახლო მანძილიდან ორჯერ დაარტყა. ბურთს ჯერ გელა გოგიტიძე გადაეფარა, ხოლო შემდეგ სომხიშვილმა კუთხურზე მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
60' - გოლი! მარჯვენა ფლანგიდან გურულის ჩაწოდება, მარსელინიო თავს უხვედრებს ბურთს და 1:1.
64' - რაჟამაშვილი მეკარესთან პირისპირ რჩება - სომხიშვილმა ჯერ გადაარჩინა გუნდი, მერე დათუნაიშვილის დამატებულზე კახელიშვილი ხელით აჩერებს ბურთს - პენალტი და წითელი ბარათი.
65' - პენალტს სანდოხაძე ასრულებს. "პანენკა" თითქოს ეფექტურია, მაგრამ ბურთი ძელს ხვდება, დამატებაზე კი მიზანს სცდება.
87' - გოლი! 2:1! ქობულეთელთა კონტრშეტევა. მარსელინიომ კარის წინ დატოვა ჩაგელიშვილი, რომელმაც უკეთეს პოზიციაში მყოფ შალამბერიძეს უპასა და ამ უკანასკნელმა ქობულეთელებისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი გაიტანა.
90+3' - გოლი! სამტრედიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და რაჟამაშვილის ჩაწოდების შემდეგ საბანაძემ ახლოდან თავურით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური
29.09. ბათუმი. "რაგბი არენა"
შუქურა-სამტრედია 2:2
გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (26), 1:1 მარსელინიო (60. გურულის პასით), 2:1 შალამბერიძე (87), საბანაძე (90+3. რაჟამაშვილის პასით)
გამოუყენებელი პენალტები: საბანაძე (19. სამტრედია), სანდოხაძე (65. სამტრედია)
შუქურა (4-2-3-1): სომხიშვილი - ჰან ტიანლინი (58. შალამბერიძე), ჩაჩუა, გოგიტიძე, დასე - ჟეფინიო (68. პომაზანი), გურული - კახელიშვილი, კლიმიაშვილი, მარსელინიო - ჩაგელიშვილი (90. გოგილაშვილი).
სათადარიგოები: მელნიჩენკო, ცეცხლაძე, კალანდაძე, მალაზონია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, გოგიაშვილი - გ. მანჯგალაძე, დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (57. სამუშია), გიი (67. ოლაიტანი) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, ნდონგი, ა. ნინუა, ახალაძე, ბურკაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: გიორგი სომხიშვილი (18), საბანაძე (45), მარკოზაშვილი (53), გ. მანჯგალაძე (62), გოგიაშვილი (90+5)
გაძევება: კახელიშვილი (64. შუქურა)
არბიტრი: პ. მაჭარაძე

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 23
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მომდევნო ტური
13 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-დილა

14 ოქტომბერი, შაბათი
ტორპედო-შუქურა

15 ოქტომბერი, კვირა
საბურთალო-კოლხეთი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული