არადა, ამ ტურის შედეგებს სატურნირო ცხრილზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია: არც ერთი გადაადგილება არ მომხდარა. თუმცა, თვითონ სიტუაცია დაიძაბა სატურნირო ცხრილში და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, ფაქტობრივად, სეზონის ბოლომდე უმოტივაციო მატჩების რაოდენობა ძალიან ცოტა უნდა იყოს.
ახლა ჩვენს ჩემპიონატში ორკვირიანი პაუზაა და IV წრე სანაკრებო მატჩების მერე განახლდება. თუმცა, ჩვენს ჩემპიონატზე როცა
- "მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
ჩვენი გაზეთის სახელით, კიდევ ერთხელ გვინდა მწუხარება გამოვთქვათ ბათუმის საფეხბურთო სკოლის აღზრდილის, შოთა მამინაშვილის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მის ოჯახს.
სერია შეწყდა, სერია გრძელდება...
IV წრის სასტარტო ტურს "კოლხეთი" მართლაც კოშმარული სერიით შეხვდა: ფოთელთა გუნდს ზედიზედ 6 წაგება ჰქონდა და ამას გარდა, 4 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა ეროვნულ ლიგაში გამარჯვებას! "კოლხეთმა" ვერც ამჯერად მოიგო, მაგრამ, რაც მთავარია, წაგებათა სერია შეაჩერა და ჩემპიონატის ლიდერთან თბილისის "დინამოსთან" მატჩში ნანატრი ქულა მოიპოვა. ეგ კი არა, იმის დიდი შანსიც იყო, რომ აშკარად მონდომებით მოასპარეზე "კოლხეთს" სულაც მოეგო ტიტულიანი მეტოქისათვის! სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულმა ალექსანდრ შტელინმა პირველი ქულა მოიპოვა და ამ გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტის დამოძღვრილი "კოლხეთი" სეზონის ბოლომდე კიდევ არაერთ სიურპრიზს რომ შემოგვთავაზებს, ამაშიც დარწმუნებულები ვართ.
ჩინებული მატჩი ჩაატარა "კოლხეთის" 31 წლის მეკარე კოკა სეფიაშვილმა, რომელმაც "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირ ბექა მიქელთაძეს პენალტიც აუღო! გოლიც მშვენიერი გაიტანეს ფოთელებმა: მართლაც უბერებელმა, 37 წლის დავით ბოლქვაძემ მშვენიერი პასი მიაწოდა იგორ ბროვკოს და შეცვლაზე შემოსულმა უკრაინელმა გარემარბმაც არანაკლებ ეფექტური დარტყმით საქართველოს ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 25 წლის ბროვკომ სადებიუტო გოლიც თბილისის "დინამოს" გაუტანა და მაშინაც შეცვლაზე შესულმა იყოჩაღა.
"კოლხეთმა" წაგებათა სერია თუ შეწყვიტა, აი, "დინამოს" მოუგებელი მატჩების სერია კი იზრდება: ლიდერმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა; თუმცა, როგორ უნდა მოუბრუნდეს ვინმეს ენა და "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ან ფეხბურთელები გააკრიტიკოს: თბილისური გუნდის თავკაც კახა კაჭარავას უკვე იმდენი საკადრო პრობლემა აქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში უკვე...16 წლის ბიჭებს აყენებს.
აი, ასე შედგა ეროვნულ ლიგაში ერთიმეორეზე ნიჭიერი ბიჭების, 16 წლის ზუკა დავითაშვილისა და მისი თანატოლის, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი! თანაც, დებიუტსაც ხომ გააჩნია: დავითაშვილმა პენალტი "აიკიდა", შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ კი საგოლე პასი გაუკეთა ასევე შეცვლაზე შესულ 17 წლის ბექა ქავთარაძეს, რომელმაც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
შუქურა არ იძირება!
გასაოცარი გუნდია "შუქურა": მთავარ მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილის მისვლის შემდეგ ქობულეთელთა გუნდმა უკვე მერამდენე ფავორიტს დააკარგვინა ქულები! აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, III წრის დასაწყისიდან მოყოლებული, "შუქურა" ყველა მატჩში რომ ახერხებს გოლ(ებ)ის გატანას და ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. არადა, მეტოქეს არ იკითხავთ? მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" მიმდინარე სეზონშიც არანაკლები ამბიცია აქვს და აღარაფერს ვამბობთ ახალი მწვრთნელის ფაქტორზეც. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, ეროვნულ ლიგაში თითქმის ცხრათვიანი პაუზის მერე დაბრუნებულ უჩა სოსიაშვილს თავისი ახალი გუნდის "ახლოდან გასაცნობად" მხოლოდ 3 დღე თუ ჰქონდა...
უცნაური და მოვლენებით დახუნძლული მატჩი გამოვიდა: 2 გაცუდებული პენალტით, გაძევებით, მოხდენილი გოლებით, სიტუაციის ხშირი ცვლილებებითა და საერთოდაც, საგრძნობი ემოციური ფონით!
მოდი, ჯერ პენალტებზე ვთქვათ: "სამტრედიის" 26 წლის ცენტრფორვარდის, ნიკა საბანაძისა და მასპინძელთა გამოცდილი მეკარის, 36 წლის გიორგი სომხიშვილის დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, აი, სტუმართა ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ კი ეფექტურად მოინდომა 11-მეტრიანის შესრულება და ბურთი ხარიხას გაარტყა...
მართლაც მაგარი თამაში გამოდგა: ჯერ "სამტრედია" დააწინაურა 28 წლის დავით რაჟამაშვილმა, მერე, მოხდენილი თავური დარტყმით 21 წლის მარსელინიომ ანგარიში გაათანაბრა; ამასობაში მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და კაცნაკლულმა მასპინძლებმა ეფექტური კონტრშეტევა განახორციელეს და შეცვლაზე შემოსულმა 32 წლის კობა შალამბერიძემ (ლიდერების კარში რომ უყვარს გოლების გატანა) ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
თუმცა, ისე, როგორც თბილისის "დინამოსთან" მატჩში, "შუქურამ" ამჯერადაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაუშვა გოლი: რაჟამაშვილის პასის მერე ნიკა საბანაძემ ბურთს თავით მიმართულება ზუსტად შეუცვალა. ეგ კი არა, სტუმრებს ამის მერეც შეექმნათ მშვენიერი მომენტი, მაგრამ "სამტრედიის" ახალწვეულმა ლეგიონერმა მაიკლ ოლაიტანმა ამ შანსით ვერ ისარგებლა.
ტორპედოს საჩემპიონო შანსი
ამ ტურის ცენტრალური მატჩი, რაღა თქმა უნდა, "ტორპედო"-"საბურთალოს" დაპირისპირება უნდა ყოფილიყო: მასპინძლებს საჩემპიონო ამბიცია უნდა ჰქონოდათ, სტუმრები კი IV წრის დაწყებას მართლაც მშვენიერი სერიით (რვა მატჩი წაუგებლად) შეხვდნენ. თუმცა, "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს გარკვეული იძულებითი გადაადგილების გაკეთება მოუწია ძირითად შემადგენლობაში: იგივე ლუკა ლაკვეხელიანმა და გიორგი კოხრეიძემ ხომ შუა კვირაში "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ითამაშეს თურქული "ბურსას" თანატოლების წინააღმდეგ და ეს ერთიმეორეზე პერსპექტიული ბიჭებიც მხოლოდ შეცვლაზე შემოვიდნენ "ტორპედოსთან" მატჩში.
ოღონდ ამით სულაც არ გვინდა, მასპინძელთა წარმატება დავაკნინოთ: კახა ჩხეტიანის დამოძღვრილ "ტორპედოს" ერთკვირიან შუალედში ზედიზედ მოუწია ორი დედაქალაქური გუნდის მასპინძლობა და თუ "დინამოსთან" ფრეს მხოლოდ ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით მიაღწიეს, ამჯერად თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს: 28 წლის ლევან კუტალიამ ეფექტური თავური დარტყმით დაამწუხრა სტუმრები, 25 წლის გიორგი კუხიანიძემ კი მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთედ შეასრულა პენალტი და ისე, როგორც წინა ოთხ შემთხვევაში, ქუთაისელთა გუნდის ცენტრალური ნახევარმცველი ამჯერადაც ზუსტი გახლდათ!
ლოკომოტივი და სიხარულიძე, სიხარულიძე და ლოკომოტივი...
ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩის მოგებით "ლოკომოტივი" კვლავაც არ აძლევს ზედა სამეულის გუნდებს მშვიდად ყოფნის საშუალებას; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ "ლოკომოტივმა" ამჯერადაც (უკვე - მეექვსედ!) დიდი ანგარიშით გაიმარჯვა და მიმდინარე სეზონში ამ მაჩვენებლით მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება. ცალკე საუბრის თემაა "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ეფექტიანი როტაციებიც: მასპინძლებს ამ მატჩშიც აკლდათ რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი, მაგრამ შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს.
ისე როგორ იქნებოდა, ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე მოედნიდან უგოლოდ გასულიყო? ეგ კი არა, 27 წლის ირაკლი სიხარულიძემ ეფექტური გოლიც გაიტანა და პარტნიორს, გეგა დიასამიძეს საგოლე პასიც მიაწოდა.
თუმცა, საგოლე პასებში ამ მატჩში უკონკურენტო გახლდათ მასპინძელთა 29 წლის ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი, რომელმაც ჯერ ირაკლი სიხარულიძეს "ჩაახუტა" შორეული პასი, შემდეგ კი თანაამპლუელ მამუკა კობახიძეს თავით ზუსტად დაუგდო ბურთი. სხვათა შორის, 25 წლის მამუკა კობახიძემ უმაღლეს ლიგაში თითქმის ექვსწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი.
"ლოკომოტივი" ბოლო ტურამდე იბრძოლებს ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად, აი, ბათუმის "დინამოს" კი მართლაც ურთულესი ფინიში ელოდება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ უშუალო კონკურენტი თამაშს თამაშზე იგებს.
სტაბილურობა შედეგის გარანტიაა!
ზედიზედ მესამე გამარჯვება და მეტ-ნაკლებად სოლიდური ჰანდიკაპი უშუალო კონკურენტ ბათუმის "დინამოსთან" - აი, ასეთია "დილას" ბოლოდროინდელი მონაგარი. სხვათა შორის, წინა ტურის მიმოხილვაშიც აღვნიშნეთ, რომ "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია საბოლოოდ ჩამოყალიბდა ძირითად ბირთვზე და ამ სტაბილურობამ შესაფერისი შედეგიც მოიტანა. არადა, მართლაც უმნიშვნელოვანესი 9 ქულა შემატა თავის აქტივს "დილამ" და ორი კვირის მერე, ჩემპიონატი რომ განახლდება, ბათუმის "დინამოსთან" უპრინციპულეს დაპირისპირებას მშვენიერ განწყობაზე შეხვდება.
"ჩიხურასთან" მატჩში ერთადერთი გოლი კი მასპინძელთა გამოცდილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, 28 წლის ირაკლი ძარიამ გაიტანა.
"დილასთვის" უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო, აი, "ჩიხურა" კი მთელ აქცენტს საქართველოს თასზე გააკეთებს, სადაც ნახევარფინალშია გასული...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"