11:26 20-10-2017
დილა-დინამო (თბ) 1:2 - ლაშა თოთაძის ქვემეხი [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისელებმა თავისი მიზნის შესასრულებლად მეტად მნიშვნელოვანი სამი ქულა ცენტრალური მცველის ლაშა თოთაძის დუბლის წყალობით აიღეს.
რასაკვირველია, განსაკუთრებით ამ ფეხბურთელის მიერ გატანილი მეორე, ანუ გამარჯვების გოლია გამოსარჩევი, როდესაც თოთაძემ საჯარიმო დარტყმისას ძალიან შორიდან - ქვემეხივით გაისროლა და მთელი მატჩის განმავლობაში მშვენივრად მოთამაშე მუჯრიშვილს დიდებული გოლი გაუტანა.
"დინამომ" დასაწყისიდანვე აქცენტი ბურთის ფლობასა და მოედნის ცენტრში დომინირებაზე გააკეთა, თუმცა "დილა" საკუთარ ნახევარზე ყურადღებით თამაშობდა და მოწინააღმდეგეს საჯარიმოსთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.
სწორედ ამ დროს დაარტყა თოთაძემ პირველად შორეული საჯარიმო დარტყმა, ოღონდ, აქ მუჯრიშვილს არ გასჭირვებია გუნდის გადარჩენა.
თავის მხრივ, გორელები სწრაფი კონტრიერიშებით აპირებდნენ მოწინააღმდეგის შეწუხებას. სიმწვავეც არ აკლდა მათ მოქმედებას, ერთხელ გოლიც გაიტანეს (ნონიკაშვილი), რომელიც რეფერიმ ჯერ ჩათვალა, თუმცა მერე გააუქმა და ტრიბუნებიდან პასუხად გვარიანი ქოქოლა მიიღო. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსაჯის გადაწყვეტილებებზე ხშირად აპელირებდნენ ორივე გუნდის ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ სამწვრთნელო შტაბები.
ტაიმის შუალედიდან თამაშის ტემპმა კიდევ უფრო იმატა. ორივე გუნდი სწრაფად ახორციელებდა იერიშებს და ორივე გუნდის კარებთან სახიფათო მომენტებიც ვიხილეთ. ერთხანს "დილამ" დროის არცთუ დიდ მონაკვეთში ზედიზედ რამდენჯერმე მწვავედ უჩხვლიტა "დინამოს". უფრო აქტიური იყო მათი შეტევის მარჯვენა ფლანგი, საიდანაც პედრინიო აწუხებდა თბილისელებს, მე-40 წუთზე კი ისევ ამ ფრთიდან უკვე გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა მცველების შეცდომით, კარგად შეიჭრა საჯარიმოში და ლიტოვჩენკოსაც აჯობა - 1:0.
მეორე ტაიმში, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრებმა მეტი მონდომებით შეუტიეს. ისინი დიდხანს ათამაშებდნენ ბურთს და ეძებდნენ კომბინაციათა დასკვნით ფაზაში უმჯობეს გზას ხეირის სანახავად.
პარალელურად გიორგი დარასელიას შეგირდები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაათმაგებით ზრუნავდნენ და თან ცდილობდნენ თბილისელების შეცდომებზე ყოფილიყვნენ ჩასაფრებულნი.
გორელებს დაღლა უფრო ადრე დაეტყოთ. შეცვლების გზით ვითარების სათავისოდ დარეგულირებას დარასელიაც შეეცადა, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდი სულ უფრო დიდ დროს ატარებდა მეტოქის ნახევარზეც და კარის სიახლოვესაც.
შესაბამისად, იმატა გორელების ოფლისღვრამაც საკუთარი კარის უსაფრთხოებისთვის ზრუნვისას. 69-ე წუთზე დინამოელ ქოჩლაძეს ბრწყინვალე მომენტი შეექმნა, მას უბრალოდ მართებდა გატანა, თუმცა მუჯრიშვილი ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გაისარჯა შესანიშნავად.
ჩანდა, რომ მეტისმეტად უკანდახეულ მასპინძლებს კარის მშრალად შენახვა ძალიან გაუჭირდებოდათ და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი გოლი კიდეც გავიდა. 82-ე წუთზე ქავთარაძემ პენალტი მოინადირა, ხოლო თოთაძემ მისი რეალიზებისას პირველად გაახარა თავისი ქომაგები - ანგარიშში სხვაობა გათანაბრდა.
გაშვებული გოლის მერე "დილა" გატყდა. გორელებს უაღრესად უჭირდათ მოწინააღმდეგის შეტევების გაძლება. მიუხედავად ამისა, თითქოს არალოგიკური არ იქნებოდა, რომ ქულა მაინც დარჩენოდათ მასპინძლებს, თუმცა თოთაძე ასე არ ფიქრობდა - გაისროლა და გორელებს ქულის გადარჩენის იმედიც მოუკლა.
მატჩის სტენოგრამა
5" - თოთაძემ დაახლოებით 35 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა კარში კი გაგზავნა, მაგრამ მუჯრიშვილმა აიღო.
11" - ქარდავას შორეული დარტყმული სახიფათო გამოდგა, მაგრამ მუჯრიშვილი ამჯერადაც ზუსტად მოქმედებდა და კუთხურზე მოიგერია ბურთი.
16" - აბუბაქარის პასს კარგად გამოეხმაურა ნონიკაშვილი და გაიტანა კიდეც, ოღონდ, ხორავამ ჯერ ჩათვალა, შემდეგ თამაშგარედ მიიჩნია და გააუქმა გოლი.
20" - პედრინიომ სახიფათოდ ჩააწოდა და "დინამო" გადარჩა.
26" - გიორგი ფანცულაია სწრაფი კონტრშეტევისას პირდაპირ საჯარიმოს ხაზზე წააქციეს. სტუმართათვის მეტად სახიფათო სტანდარტი პედრინიომ მცირეოდენ არაზუსტად შეასრულა.
39" - დინამოელთა სახიფათო კუთხურისას მიქელთაძემ ვერ შეძლო "დილას" კარის აღება.
40" - გოლი! სტუმართა მცველებმა დაუშვეს შეცდომა, რის შედეგადაც ბურთი ფანცულაიამ მიიღო, რომელმაც ჩამოიშორა მეურვე და ლიტოვჩენკოს ფეხებშორის გაუტანა - 1:0.
69" - გორელი მცველების შეცდომამ ქოჩლაძეს მისცა გატანის ჩინებული შანსი, მაგრამ პირისპირ გასულმა გოლკიპერს ვერ აჯობა, ხოლო ქავთარაძემ ვერც მოგერიებულს დაამატა რიგიანად.
77" - კობოურის შორეული დარტყმა ასცდა მიზანს.
82" - გოლი! კარის სიახლოვეს ალექსანდრე კვახაძემ ქავთარაძე წააქცია. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რაც თოთაძემ გოლად აქცია - 1:1.
85" - შულაიას ჩაწოდებული ბურთი მიქელთაძემ მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა კარისკენ და საკმაოდ ეფექტურ გოლსაც გაიტანდა, რომ არა მუჯრიშვილის ჩინებული რეაქცია.
90+3" - კარიდან დაახლოებით 35 მეტრში დანიშნული საჯარიმო თოთაძემ "ქვემეხივით გაისროლა" კარისკენ და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
19.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-დინამო (თბ) 1:2
1:0 ფანცულაია (40), 1:1 თოთაძე (83-პენ), 1:2 თოთაძე (90+3)
დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - აბუბაქარი (46. პაპავა), ფოფხაძე, კვახაძე, მორასი - კირკიტაძე, რაზმაძე, წიქარიძე (76. ფლავიო), პედრინიო, ნონიკაშვილი - ფანცულაია (71. მოდებაძე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჰეიფორდი, ქარქუზაშვილი, აშორტია
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
დინამო (4-5-1): ლიტოვჩენკო - გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური - შულაია (90. კუცია), ზარია (66. ქოჩლაძე), კიტეიშვილი, ქარდავა, მიქელთაძე - ქავთარაძე.
სათადარიგოები: რევიშვილი, მიშენკო, ლილუაშვილი, ალიუ, ნინუა
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: კვახაძე (82), შულაია (89)
არბიტრი: ჯ. ხორავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
სისწრაფეები :-)
ან დინამო ან დილა :-)