მაშ ასე, საქართველოს ეროვნულ ლიგაში მომავალ სეზონში მოასპარეზე ათივე გუნდის ვინაობა ცნობილია.
ესენია: ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "დინამო", "სამტრედია", თბილისის "საბურთალო", თბილისის "ლოკომოტივი", საჩხერის "ჩიხურა", გორის "დილა", ფოთის "კოლხეთი", ბოლნისის "სიონი", "რუსთავი".
უძლიერესთა შორის ადგილის მოსაპოვებლად ოთხი გუნდი იბრძოდა. ზღვისპირველთაგან ამის სურვილი ფოთის "კოლხეთს" და ბათუმის "დინამოს" გააჩნდათ, მათი მეტოქეები კი, შესაბამისად, მარტვილის "მერანი" და ბოლნისის "სიონი" იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ორივე წყვილში ბოლო წუთებამდე უშეღავათო ბრძოლა მიდიოდა და ერთ-ერთ შეხვედრაში სულაც უმაღლეს ლიგაში მოასპარეზის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიამ გაარკვია.
მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში კვლავ ვიხილავთ ფოთის "კოლხეთს". ფოთელებმა უშეღავათო ბრძოლაში ორმატჩიან დაპირისპირებაში მარტვილის "მერანი" 4:3 დაამარცხეს.
პირველ შეხვედრაში ზღვისპირელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:1 აჯობეს. განმეორებითი შეხვედრა მარტვილში კი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჯერ მასპინძლები მე-16 წუთზე ვანო კურდღელაშვილმა დააწინაურა, ამ ყველაფერს კი, 54-ე და 90-ე წუთებზე სტუმართა ფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ დუბლით უპასუხა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გოლი ბუხაიძემ ლიონელ მესის სტილში აღნიშნა.
ერთადერთი, რაც მიხეილ მახვილაძის გაწვრთნილებმა მოახერხეს, ეს ისევ კურდღელაშვილის გოლი იყო, რომელიც მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გავიდა. საბოლოოდ, ფრე - 2:2 და და "კოლხეთი" უძლიერესთა შორის დარჩა.
გიორგი ბუხაიძე (ფოთის "კოლხეთი): "ვთვლი, რომ დამსახურებულად დავრჩით უმაღლეს ლიგაში. რა პირობებშიც ჩვენ გვიწევდა მუშაობა, ეს გმირობის ტოლფასი იყო.
"მერანი" ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ სათანადო მომზადება სეზონის დაწყებამდე ვერ გავიარეთ, ხოლო ჩემპიონატის განახლებამდე ვარჯიში სულაც ერთი კვირით ადრე განვაახლეთ... გოლის აღნიშვნა წინასწარ არ მქონია დაგეგმილი, უბრალოდ, ეს ყველაფერი ინსტინქტურად მოხდა.
ემოციებიდან მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე მატჩის ბოლო წუთზე.
ვფიქრობ, დარჩენის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ და ქალაქმა იმ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იზრუნოს, რაც გასულ სეზონში იყო. რაც შეეხება ჩემს კარიერას, ჯერჯერობით არ ვიცი, რომელ კლუბში ვითამაშებ მომავალ სეზონში".
მიხეილ მახვილაძე (მარტვილის "მერანი"): "გუნდი მე-2 ლიგაში თითქოს მთელი სეზონი ლიდერობდა, პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ დასკვნითი ეტაპისთვის ალბათ ძალა აღარ გვეყო. დიდი სეზონი გამოვიდა და მრავალი ფაქტორი შემიძლია გამოვყო: მოკლე სკამი, უიღბლობა, შეცდომები მსაჯების მხრიდან. ამიტომ მთლიანობაში დასახული მიზანი ვერ შევასრულეთ. დიდი მადლობა ფრიდონ ინჯიას ასეთი თანადგომისთვის. ვფიქრობ, სამეგრელოში თუ კიდევ ფეხბურთი არსებობს, მისი დიდი დამსახურებაა. მე დეკემბრის ბოლომდე მაქვს კლუბთან ხელშეკრულება და სავარაუდოდ, თანამშრომლობას გავაგრძელებთ და ჩვენი მიზანი მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადასვლა იქნება".
უძლიერესის ვინაობას არკვევდნენ ერთმანეთში ბათუმის "დინამო" და ბოლნისის "სიონიც". ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი აღმოჩნდა.
ქვემოქართლელებმა ჯაბა დვალის ჰეთ-თრიკის წყალობით მეტოქე თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე 3:2 დაამარცხეს. განმეორებითი შეხვედრაც ბათუმში, "რაგბი არენაზე" ამავე ანგარიშით, "დინამოს" სასარგებლოდ დასრულდა.
გამარჯვებულის ვინაობა ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა. საბოლოოდ, მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა. იქ კი უკეთესი სტუმრები აღმოჩნდნენ. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კი გოლად ისევ გამოცდილმა ჯაბა დვალმა გარდასახა. ბოლნისელები უმაღლეს ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.
ჩვენ ვცადეთ ბოლნისელთა მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილთან დაკავშირება, თუმცა გამოცდილი სპეციალისტი მობილურს არ პასუხობდა.
კომენტარზე უარი განაცხადა ოთარ ფედიჩკინმა. ბათუმის "დინამოს" დირექტორმა აღნიშნა, რომ შოკშია და ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს.
საქართველოს დასრულებული ეროვნული პირველობის შემდეგ ასეთი სიტუაცია მივიღეთ:
ევროტურნირებზე ქვეყნის სახელს "ტორპედო", "დინამო", "სამტრედია" და "ჩიხურა" დაიცავენ. უმაღლესი ლიგა ბათუმის "დინამომ" და ქობულეთის "შუქურამ" დატოვეს, მათი ადგილი კი "რუსთავმა" და ბოლნისის "სიონმა" დაიკავეს.
16:00 06-12-2017
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მიხარია ბოლნისელთა გამარჯვება და ვულოცავ მათ,მაგრამ ძალიან მწყდება გული აჭარულ ფეხბურთზე,გამოაცალეს საყრდენი და შემდეგ ახალი საყრდენის დროზე მიშველების მაგიერ,11 წელი ლაპარაკში და მოტყუებაში გაატარეს სხვადასხვა მთავრობებმა.არ უნდა ხალხო ბათუმს სუპერ სტადიონი,აუშენეთ მაგრამ დროზე.სასწრაფოდ, ბალახის საფარიანი კომპაქტური სტადიონი,თუნდაც 3-4000 კაცზე,რომ მთლიანად არ მოკვდეს ქალაქში ფეხბურთი და შემდეგ ,უკვე დაწყნარებით და აუჩქარებლად ააშენეთ ის სუპერ სტადიონი.ორი სტადიონი ამხელა ქალაქისათვის გამოუყენებელი არ დარჩება.ასევე ქობულეთში თუ სასწრაფოდ არ დაიგო ბუნებრივი საფარი,საშველი არ იქნება,ხომ ხედავთ დაინვალიდდნენ ფეხბურთელები.დიდ სტადიონებს დიდი დრო უნდა ასაშენებლად და დიდი თანხები.ააშენეთ ყველა ქალაქში ჯერ ეს პატარა სტადიონები სულ ცოტა ორი ბუნებრივსაფარიანი მოედნით და თუ ვინმეს უნდა მერე იფიქროს დიდი სტადიონის აშენებაზე.ვფიქრობ ასე უკეთესი იქნება,თორემ შეიძლება ისე მოხდეს,რომ აშენდეს სტადიონი და ბათუმს გუნდი აღარ ჰყავდეს,რომელიც ამ სტადიონზე ითამაშებს.
12
0
აჭარა რა გჭირთ,ამ დროს საქართველოში ერთ-ერთი მდიდარი რეგიონია
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული