ეროვნული ლიგა 2018. თბილისის "დინამოს" წარდგენა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

თბილისის "დინამომ" ფინალური დაპირისპირება "ტორპედოსთან" დათმო და 2017 წლის ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილს დასჯერდა, რის შედეგადაც წელს ევროთასებზე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე იასპარეზებს.

იმის მიუხედავად, რომ "დინამოს" განვითარებისთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა და აქ საუბარი მილიონებზეა, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა კლუბი ტრადიციულად განაგრძობს მომავალი თაობის აღზრდას. ამაზე მეტყველებს კლუბის აკადემია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

იმის მიუხედავად, რომ მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ყოველწლიურად ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ხვდება,
კლუბი მათ ძალიან მარტივად თმობს და შედეგად, ყოველ ნახევარ წელში ახალი "დინამო" გვევლინება. ანალოგიური ვითარება იქნება მომავალ სეზონში, კახა კაჭარავას თავიდან მოუწევს ახალგაზრდა ტალანტების აღზრდა.

"დინამო" პირველ მატჩში 4 მარტს "რუსთავს" უმასპინძლებს.

ტრანსფერები
კლუბიდან წავიდნენ: ნუკრი რევიშვილი, ბექა ქავთარაძე, ლაშა სალუქვაძე, ლევან გეგეჭკორი, ბექა მიქელთაძე (რუსთავი) ალექსანდრე გამცემლიძე (გაგრა), სერგეი ლიტოვჩენკო (კაპაზი), ენვერ ლილუაშვილი (ბოლნისის სიონი), ზურაბ დავითაშვილი (ლოკომოტივი), მიკოლა კოვტალიუკი, გია ჩადუნელი (დილა)

კლუბში მოვიდნენ: გუჯა რუხაია (სიბირი), ტერენტი ლუცევიჩი (მინსკი), ბუდუ ზივზივაძე (ეისბერგი) დმიტრო ივანესენია (თავისუფალი აგენტი), გიორგი ივანიშვილი (ჩიხურა), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი), ნიკა ბასარია (კორნელია), ოთო გოშაძე (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია, ლევან ხარებაძე (დინამოს 19-წლამდელები).

შეკრება
თბილისელებს ორი შეკრება ჰქონდათ თურქეთში - სიდესა და ბელეკში. პირველ შეკრებაზე შედარებით ნორმალური მეტოქეები ჰყავდა, თუმცა მეორე შეკრებაზე ხარისხი ამ მხრივ დაბალი იყო.

პირველ შეხვედრაში უკრაინის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან "ზორიასთან" 0:3 განადგურდა, 2:1 დაამარცხა პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლოადგილოსანი "სანდეცია".

ასევე სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა უკრაინის პრემიერლიგის მესამეადგილოსან "ვორსკლასთან", სადაც სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე თამაშობენ - 1:4. ხოლო პირველი შეკრების ბოლო მატჩში 1:0 დაამარცხეს რუსეთის პრემიერლიგის მერვეადგილოსანი არსენალის "ტულა", სადაც გია გრიგალავა ასპარეზობს.

მეორე შეკრებაზე 1:0 დაამარცხეს რუსეთის მესამე ლიგის ბინადარი "ნეფტეხიმიკი", ფრე ითამაშეს ბელორუსის პრემიერლიგის მესამეადგილოსან სოლიგორსკის "შახტიორთან" - 1:1.

ასევე ფრედ დასრულდა მატჩი ამჯერად ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ ყარაგანდის "შახტიორთან" - 0:0. ბოლოსკენ კი დინამოელებმა ყაზახური "ორდაბასი" ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

დასკვნა
თბილისის "დინამოს" აუცილებლად სჭირდება კიდევ ერთი ჩისკო ან მსგავსი ლეგიონერები. იმის მიუხედავად, რომ კლუბს კარგი მწვრთნელი ჰყავს და ამავდროულად, გუნდი ნიჭიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ისინი ფიზიკურად ვერ შეძლებენ, წინააღმდეგობა გაუწიონ ფიზიკურად ძლიერ გუნდებს ევროპა ლიგის შესარჩევში.

თუ თბილისური გუნდი აქცენტს ეროვნულ ლიგაზე აკეთებს, მაშინ ამ შემადგენლობით საპრიზო ადგილი შეიძლება მოიპოვოს, მაგრამ საპრიზო ადგილი რომ შედეგი არ არის, ჩემზე უკეთესად მოეხსენებათ "დინამოს" მფლობელებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც ეტყობა ფიფიამ ამბიცია დაკარგა და გუნდიც ეროვნული ჩემპიონატის შესაფერისი გააკეთა. კარგი რა ბატონო რომან, შენც მეტი შეგიძლია და გუნდსაც. ეცით პატივი გულშემატკივარს, გუნდს და საკუთარ თავს. ევროპა ლიგის მოგებას არავინ ითხოვს, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ნუ გაგვიხდით საოცნებოს და სანატრელს
1
ასე ცუდად არის საქმე?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
13:37 28-02-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული