ეროვნული ლიგა 2018. "საბურთალოს" წარდგენა

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

"საბურთალომ" ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა და საქართველოს თასზე "ტორპედოს" გამარჯვების შემთხვევაში ევროპა ლიგის შესარჩევში მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა გამარჯვებული "ჩიხურა" გახდა და ისინი თავიდან დაიწყებენ 2018 წლის სეზონში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას.

კლუბში განსაკუთრებული სიახლეები არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ "საბურთალო" მაქსიმალურად ცდილობს, მათი გამორჩეული ფეხბურთელები უცხოეთში გაუშვას, იმის მიუხედავად, რომ ეს კლუბს უფრო დაასუსტებს.

ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი ხარაიშვილს გამოუნახეს კლუბი და შვედეთში "გეტებორგში" გადაბარგებაში
შეუწყვეს ხელი. ხარაიშვილი ერთადერთი არ არის, ვინც დათმეს, "საბურთალო" ლაშა შინდაგორიძესაც დაემშვიდობა.

თბილისელები ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის ბოლო დღეს, 5 მარტს "სიონს" "მიხეილ მესხზე" მასპინძლობენ.

ტრანსფერები
"საბურთალოს" ბევრი ტრანსფერი არ ჰქონია, თუმცა გიორგი ხარაიშვილის სახით დიდი ძალა დააკლდათ. თუმცა შევსება ასე თუ ისე ნაყოფიერი იყო, კლუბმა გამოცდილი ვეტერანები და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები დაიმატა.

კლუბიდან წავიდნენ:
გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი), ლაშა შინდაგორიძე (ბალმაზივაროში), ირაკლი რუხაძე (კახეთი), ოთო გოშაძე (თბილისის დინამო), ნდუე მუჟეჩი (თავისუფალი აგენტი), ლუკა იმნაძე (თავისუფალი აგენტი)

კლუბში მოვიდნენ: გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი, ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ვაგნერ გონსალვესი (კერლე ბრიუგე), დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (ჩიხურა), გიორგი სომხიშვილი (შუქურა)

შეკრება
"საბურთალომ" თურქეთში ორი შეკრება გაიარა და საკმაოდ ნაყოფიერადაც. ამაზე დაფიქსირებული შედეგებიც მეტყველებს. კლუბმა თამაშების უმეტესობაში ორი ბურთი და მეტი გაიტანა, რაც შეტევის შედეგიანობაზე მეტყველებს, თუმცა მიღებული ბურთები დაცვის მინუსია.

პირველ შეხვედრაში რუმინეთის მეცხრეადგილოსანი "კონკორდია" 2:1 დაამარცხა, ფრე 0:0 დაასრულა რუმინეთის მეთორმეტეადგილოსან "სეპსისთან".

პირველი შეკრების ბოლო დღეს კი ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მეხუთეადგილოსანი "ბოტევი" 2:0 დაამარცხეს და 17-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულეს ბულგარულ კლუბს.

მეორე შეკრებაზე უკრაინის პრემიერლიგის ბოლოადგილოსან "სტალს" 3:3 დაუზავდნენ და ამავე ჩემპიონატის მეშვიდეადგილოსან "მარიუპოლს" 2:2 ეთამაშნენ.

ასევე ფრე ითამაშეს სერბეთის რანგით მე-2 ლიგის პირველადგილოსან ვრანის "დინამოსთან" და პოლონეთის რაგით მე-2 ლიგის "ვრაკუვთან" - 1:1.

სამაგიეროდ, 6:2 გაანადგურეს თურქმენეთის ჩემპიონი "ალტინ ასირი" და შეკრება მაჟორულ ნოტზე რუსეთის რანგით მეორე ლიგის "ნეფტეხიმიკთან" 2:1 დაასრულეს.

დასკვნა
"საბურთალო" წელსაც ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იქნება, რომელიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს. დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სტაბილურობას, რაც წინა სეზონში კლუბს აკლდა.

შეკრებაზე დაფიქსირებული შედეგი სხვა ქართულ კლუბებთან შედარებით საუკეთესოა, რადგან მსგავს მეტოქეებთან ხშირ შემთხვევაში საპრიზო ადგილის მფლობელი კლუბები ცუდ შედეგს აჩვენებდნენ.

თუმცა გიორგი ხარაიშვილის დანაკლისი თავს აუცილებლად იჩენს, ხოლო მისი შემცვლელის პოვნა კი გაუჭირდებათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული