არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩზე მოხდა.
"ჩიხურას" დირექტორისა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში არბიტრების საკითხის განხილვის შემდეგ გადაიზარდა.
- რა მოხდა "ჩიხურასა" და "ტორპედოს" თამაშის შემდეგ?
- არაფერი არ მომხდარა, კონფლიქტი ამოწურულია. ჩვეულებრივი ძიძგილაობა იყო. თამაშის მერე, რაც ხდება
არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა... მერე ფედერაციის ხელმძღვანელობა ჩაერია და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა.
- როგორც ვიცით, თქვენ დაკითხვაზე პოლიციაშიც იყავით...
- რასაც თქვენ გეუბნებით, ის ვუთხარი პოლიციას, სხვა არაფერი.
- საჩხერის "ჩიხურას" მსაჯების მიმართ უკმაყოფილება ხშირად აქვს. კონკრეტულად ამ თამაშის მსაჯობას როგორ შეაფასებდით?
- უკმაყოფილო ვარ, რადგან ნებისმიერ შეხებაზე მსაჯი ჯარიმას დებდა. საფეხბურთო ტერმინით რომ ვთქვათ, "შემოგვილაგა" ჯარიმები. სხვა რა ექნა, გიორგი ვადაჭკორია ჩვენს კარში გოლს ხომ არ გაიტანდა? რაც შეეძლო ჩვენ წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა.
მე ამაზე გამოვხატე უკმაყოფილება, მაგრამ არც შემიგინებია ვინმესთვის და არც არაფერი. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ ეს იყო უღირსი საქციელი.
აქვე გეტყვით, რომ კახა ჭუმბურიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.