- ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
- ირაკლი ლექვთაძისა და დავით მაისაშვილის (ორივე საჩხერის "ჩიხურა") შემთხვევაში გამოყენებულია მათი ძველი კლუბის ფოტო ახალი მაღალი ხარისხის სურათის არარსებობის გამო.
Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლურ ნაკრებს.
ლაზარე კუპატაძე - "საბურთალოელთა" მეკარე ბწყინვალე ფორმაშია. ის რომ არა, შეიძლებოდა "საბურთალოს" თბილისური დერბი წაეგო. 22 წლის მეკარის რეაქცია იმდენად სწრაფი იყო, რომ მის ადგილზე ძალიან ბევრ მეკარეს გაუჭირდებოდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია დავით კობოურის დარტყმულზე მისი რეაგირება.
ვაჟა ტაბატაძე - "ტორპედო" მთელი შეხვედრა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა.
დავით მაისაშვილი - საჩხერელთა დაცვაში მაისაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეტევა განმუხტა და არც მეტოქეთა შემტევებს უტოვებდა თავისუფალ სივრცეებს.
გაგი მარგველაშვილი - ახალგაზრდა მცველი დაცვაში მყარად იდგა და "დინამოს" შემტევებს გასაქანს არ აძლევდა. რიგ მომენტებში მისმა სწორმა და მართებულმა მოქმედებამ ლაზარე კუპატაძის კარი ხიფათს გადაარჩინა.
ლევან ხარაბაძე - თბილისელებს კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი ჰყავთ, რომელიც ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ხარაბაძე შეტევაშიც ერთვება და დაცვაშიც სტაბილურია. ხარაბაძის მთავარი პლუსი კი ის არის, რომ სრულად ფლობს ფლანგს და როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში მეტოქეს არაფერს უთმობს.
ირაკლი ლექვთაძე - საჩხერელთა ათიანმა ბოლო ნახევარი საათი დაჰყო მოედანზე და "ჩიხურას" თამაში შეტევაში უფრო მრავალფეროვანი გახადა. ორი მომენტი შექმნა, რომლისგანაც ერთი მარკოზაშვილმა გოლად აქცია.
თორნიკე გორგიაშვილი - კიდევ ერთი კარგი შენაძენი "საბურთალოსთვის" გორგიაშვილია, რომელიც ჩვენს სიმბოლურში უკვე მეორედ მოხვდა. შეიძლება ეს შეხვედრა 0:0-იც კი დასრულებულიყო, რომ არა თორნიკეს ულამაზესი გოლი "დინამოს" კარში. გორგიაშვილი ნახევარდაცვაშიც საკმაოდ კარგად ირჯება და არ აძლევს მეტოქეებს ტერიტორიული უპირატესობის მოპოვების საშუალებას.
ზვიად სიხარულია - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "რკინიგზელებთან" მატჩში "სიონის" ნახევარმცველი საუკეთესო იყო. სიხარულია ხშირად ამწვავებდა სიტუაციას და ერთ ასეთ მომენტში ჯაბა დვალს იდეალური საგოლე გადაცემა გაუკეთა.
თეიმურაზ მარკოზაშვილი - მარკოზაშვილი საჭირო მომენტში საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და ზუსტი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მისი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და 3 ქულის მატარებელი.
ჯაბა დვალი - ვეტერანი ფორვარდი საგოლე ალღოთი ყოველთვის გამორჩეული იყო, "ლოკომოტივთან" მატჩში კი მშვენივრად "გაიწელა", ზვიად სიხარულიას გადაცემა დაუფასა და გოლად აქცია. სავარაუდოდ, ჯაბა დვალი ამ სეზონში ორ გოლზე არ გაჩერდება და მისგან სხვა მომენტებსაც ვიხილავთ.
ზაზა ციცქიშვილი - ორად ორი ფეხბურთელი შემორჩა "რუსთავს" ძველი გუნდიდან, ზაზა ციცქიშვილი და გიორგი კილასონია. ამ ორიდან კი მხოლოდ ციცქიშვილს აქვს ძირითადში თამაშის ბედნიერება და არჩევანს ნამდვილად ამართლებს. "რუსთავი"-"კოლხეთის" მატჩში, რომელიც საკმაოდ "უფერული" იყო და სათამაშო ხარისხიც ძალიან დაბალი, მოედანზე ყველაზე მეტად გამოსარჩევი ციცქიშვილი იყო. პირველი გოლის შემთხვევაშიც მის ზუსტ ჩამოწოდებას მოჰყვა შედეგი, მეორე შემთხვევაში კი მათე ცინცაძის კარგად წამოწყებულ შეტევას დასკვნით ფაზაში შესაბამისად უპასუხა და ანგარიში 2:0 გახადა.
ტურის მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი - ამ ტურში საკმაოდ რთული იყო საუკეთესო მწვრთნელის გამორჩევა, რადგან ორი ცენტრალური შეხვედრა იყო და ორივე შემთხვევაში მწვრთნელის ფაქტორი დიდი იყო. თუმცა, წინა ტურში "საბურთალოს" ჩავარდნას თუ არ გავიხსენებთ, თბილისური კლუბის წარმატების მთავარი გასაღები გიორგი ჭიაბრიშვილია.
"დინამო არენაზე" მასპინძლის დამარცხება არც ისე მარტივია, მით უმეტეს, როცა მეტოქეც შესანიშნავ ფორმაშია. ჭიაბრიშვილი ყველა ფეხბურთელთან კარგად მუშაობს. შედეგად, კლუბის წარმატება არა ერთი-ორი ფეხბურთელის კარგ თამაშზეა დამოკიდებული, არამედ სრულ ძრავაზე, რომელიც კარგად მოძრაობს.