ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამოს" ტრანსფერები - ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგი მეტს იმსახურებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ჩისკოს დაბრუნებამ გარკვეული მოლოდინები შექმნა, რომ კლუბში ახალი სატრანსფერო პოლიტიკა დაიწყებოდა და ესპანელი მისი დონის თუ არა, მინიმუმ საქართველოს ჩემპიონატისთვის გამორჩეულ ფეხბურთელებს მოიყვანდა, აი, ისეთს, ჩვენი მენეჯერები რომ იტყვიან, ლეგიონერი ადგილობრივზე ორჯერ ძლიერი მაინც უნდა იყოსო.

თუმცა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ამ მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს. საუბარი ზედმეტია ევროთასებზე, ამ ფეხბურთელების კვალიფიკაციაც საქართველოს ჩემპიონატში კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ წინა სეზონში "სამტრედიას" მოჰყავდა ლეგიონერები, რომლებსაც ერთ დროს წამყვან ჩემპიონატში ბურთი გაგორებული ჰქონდა, თბილისელთა ტრანსფერების შემდეგ ესეც სანატრელია.

ვიდეოს გაკეთება და
დამონტაჟება რთული არ არის, მით უმეტეს, სოციალურ ქსელში მისი ატვირთვა. ნებისმიერი ფეხბურთელის სიამიჯო ვიდეოში ამორჩეულია ისეთი კადრები, სადაც ის ნისტერლოიზეც უკეთესია და პუიოლზეც. თუმცა სტატისტიკა, ფეხბურთელის ისტორია, სატრანსფერო ფასი და ა.შ. სულ სხვა რაღაცას ამბობს.

არადა, საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გულშემატკივარი გაცილებით მეტს იმსახურებს, ასეთი ტრანსფერები კი "დინამოში" არაერთხელ გვინახავს, მაგრამ შედეგი არა...

ვინ დაიმატა "დინამომ":

ხოსე პერალესი - მეკარე - 150 000 ევრო
- ესპანეთის მესამე დივიზიონის, მესამე ჯგუფის მეთხუთმეტეადგილოსანი "ბადალონას" სათადარიგო მეკარე. 2018/2019 წლების სეზონში 6 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და გაუშვა 8 გოლი. 14 შემთხვევაში სათადარიგო იყო. მანამდე ორი წელი ტარაგონის "ხიმნასტიკის" სათადარიგო მეკარე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, სულ 11-ჯერ იყო განაცხადში, ერთხელ შეცვლაზე შევიდა 65-ე წუთზე და გაუშვა ერთი გოლი; ერთხელაც ძირითადი იყო და ხიხონის "სპორტინგმა" ოთხი გოლი გაუტანა.

აბდელ ჯალილი - ცენტრალური მცველი - 50 000 ევრო
- 2018/2019 წლების სეზონში იყო "გრანადას" მეორე გუნდში, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მე-13 ადგილზეა. 21 წლის ფრანგი ორჯერ მოხვდა განაცხადში, თუმცა არ უთამაშია. ერთხელ გამოძახებული იყო ალჟირის 23-წლამდელთა ნაკრებში, თუმცა არც იქ ათამაშეს. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი უკიდურესობა, აბდელი ახალგაზრდა ფეხბურთელია და შეიძლება ჩვენს ჩემპიონატში ათამაშდეს, თუმცა მას ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და ისე წავა, როგორც გაუხარდება.

ანტონიო რაულ როხანო - ფორვარდი - 200 000 ევრო - 27 წლის არგენტინელი ამ ზამთარში გახდა თავისუფალი აგენტი, მანამდე ის ესპანეთის მესამე ლიგის პირველი ჯგუფის მე-17-ადგილოსან "ბურგოსში" იყო, რომელშიც ნახევარი წელი გაატარა. 5 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და 7 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა, გოლი არ გაუტანია. 2017/2018 წლების სეზონი მან შოტლანდიის ჩემპიონატში მყოფ "ჰამილტონში" გაატარა. 14 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო, 12 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა. სულ მის ანგარიშზე 3 გოლი იყო. მანამდე ის ბოლივიის ჩემპიონატში იყო, სადაც 15 გოლით გამოიჩინა თავი. კონტრაქტი ერთწლიანია.

ფრან კარბია - შემტევი ნახევარმცველი - 400 000 ევრო - დამატებული ფეხბურთელებიდან შედარებით უფრო საინტერესო ეს ტრანსფერია. 26 წლის ესპანელს, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ესპანეთის მეორე ლიგაშიც და მესამე ლიგაშიც აქვს ნათამაშები. ამჟამად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-20 ადგილზე მყოფ "როის დეპორტივოში". მან 2018/2019 წლების სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მის წინა სეზონში 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

P.S. როგორც ცნობილია, თბილისის "დინამოში" ჩრდილო კვიპროსის ჩემპიონატიდან ერთი ფორვარდი ჰყავთ სინჯებზე.

altთბილისის "დინამომ" ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი დაიმატა