ტრანსფერის მოლოდინში, ახალი სეზონი და ჩემპიონთა ლიგის ფიქრები - ვრცელი ინტერვიუ გია ჭიაბრიშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის სეზონი არცთუ ისე კარგად დაიწყო - "საბურთალო" სუპერთასის შეხვედრაში ქუთასის "ტორპედოსთან" 0:1 დამარცხდა.

თუმცა ამის შემდეგ საბურთალოელებმა ეროვნული ლიგის სასტარტო 2 შეხვედრაში გაიმარჯვეს და გათამაშებას ლიდერობენ.

Sportall.ge "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილს "ბენდელაზე" ესტუმრა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- "საბურთალომ" ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო, სუპერთასზე ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა და პირველი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. რა გახდა ამის მიზეზი?

- ამ თამაშისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ჩვენი გეგმა და მიზანი გვაქვს. ერთ-ერთი მიზანი იყო სუპერთასი, ოღონდ არა უმთავრესი.
მთავარი მიზანია, როგორ გამოვალთ ეროვნულ ლიგაში და ევროტურნირზე. ამიტომ, ისე ვერ მოვემზადეთ, როგორც პირველი თამაშისთვის, მზად უნდა ვყოფილიყავით. დღესაც არ ვართ მზად. შემადგენლობის მხრივაც ძიებაში ვართ, ფუნქციონალურადაც მაქსიმალურად მზად არ ვართ. პირველ მატჩში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, ქუთაისს "ტორპედოს" სახით. მიზეზი მარტივია - გვაჯობა "ტორპედომ" და იმ შეხვედრაში უკეთესად გამოიყურებოდა.

altსაქართველოს სუპერთასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" გახდა [VIDEO]



- რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, ტურნირი გუნდმა კარგად დაიწყო, ორივე მატჩში გაიმარჯვა და გათამაშებას ლიდერობს. რა იქნება კლუბის მთავარი მიზანი ამ სეზონში?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობა. ძალიან რთულია, როდესაც ქვეყნის ჩემპიონი ხარ, სამეულში მოხვედრაზე იფიქრო. მთელი გუნდი, ხელმძღვანელობა განწყობილია, რომ გასული სეზონის წარმატება გავიმეოროთ. ვნახოთ, როგორ შევძლებთ. სურვილი გვაქვს, თასზეც და ეროვნულ ლიგაშიც ბოლომდე ვიბრძოლოთ. ჩემი გუნდი მზად არის საბრძოლველად. ამისთვის რესურსიც და განწყობაც გვაქვს.

altეროვნული ლიგა. II ტური: "საბურთალომ" ჩემპიონატის სტარტზე მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]

altეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

- პირველ ტურში ბათუმის "დინამოს" შეხვდით. ადრე თქვენ "ზესტაფონში" გია გეგუჩაძის ასისტენტი იყავით. როგორ გრძნობა იყო მის გუნდთან დაპირისპირება, მოუგეთ თუ არა ტაქტიკური ბრძოლა?

- გია გეგუჩაძე მხოლოდ "ზესტაფონში" არ იყო ჩემი მთავარი მწვრთნელი. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ძალიან ხანმოკლე  და წარუმატებელი კარიერა მქონდა. როდესაც ცოტა წარმატება მქონდა და ასაკობრივ ნაკრებში ვთამაშობდი, ჩემი მწვრთნელი იყო. ამის შემდეგ იყო თბილისის "დინამო", სადაც მე აკადემიაში ვმუშაობდი და თვითონ მთავარ გუნდს წვრთნიდა. "გაგრა", რომელშიც ერთად ვმუშაობდით და ძალიან წარმატებული წლები გვქონდა, როდესაც გუნდი უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა და "ზესტაფონზე" საუბარიც ზედმეტია, ძალიან წარმატებული კარიერა გვქონდა ორივეს.

გია გეგუჩაძე საქართველოში ყველაზე ძლიერი სპეციალისტია და ძალიან გამიმართლა. რაც უშუალოდ, მინდორზე რამე ჩამომიყალიბდა საფეხბურთო, ეს ამ ადამიანის დამსახურებაა. მას სულ სხვანაირი ხედვა აქვს. ხომ იცით, როგორ არის, რა გარემოდან დაიწყებ... შემეძლო სხვასთან ერთად დამეწყო, ან მარტოს დამეწყო და სულ სხვანაირად ჩამოვყალიბებულიყავი.

- არც სუპერთასზე და არც ეროვნული ლიგის საწყის ორ ტურში მოედანზე არ გვიხილავს "საბურთალოს" ლიდერი ვაგნერ გონსალვეში. რა არის ამის მიზეზი?
- ვაგნერს კუნთი აქვს დაჭიმული და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც სამედიცინო შტაბს აქვს დაგეგმილი, 12 მარტიდან მინდორს დაუბრუნდება და ნელ-ნელა დაიწყებს რეაბილიტაციას.

- გუნდი კაპიტანმა და ძირითადმა მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ დატოვა. მის მაგივრად კი გამოცდილი ომარ მიგინეიშვილი მოვიდა. რამდენად დიდი დანაკლისია ლაზარეს წასვლა გუნდისთვის?
- წინა წელს გუნდის კაპიტანმა დატოვა გუნდი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა. ხარაიშვილზე მაქვს საუბარი. დატოვა მან გუნდი და "საბურთალომ" მოიპოვა ჩემპიონობა. წელს დაგვტოვა ლაზარემ, ერთ-ერთმა პერსპექტიულმა და საუკეთესო მეკარემ საქართველოში, მაგრამ ეს გუნდს არ შეეტყობა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ, რომ გავზარდოთ ფეხბურთელები და გზა გავუხსნათ საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან კარგი ჩემპიონატია, კარგად პროგრესირებს, თუმცა ძალიან შორს ვართ იმ ქვეყნებისგან, სადაც თქვენ და მე გვინდა ვმუშაობდეთ; ფეხბურთელს უნდა, რომ ითამაშოს.

კარგი ისაა, რომ კლუბში გვაქვს რესურსი, რომ წასული ფეხბურთელი ახალი მოთამაშით ან აკადემიის ფეხბურთელით შევცვალოთ.

- დეკემბერში Sportall.ge-სთან საუბრისას ამბობდით, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო კლუბში სერია A-ს გამოცდილების მქონე მცველისა და თავდამსხმელის მოსვლა. რატომ არ შედგა ეს გარიგებები?
- ერთი ის ვთქვათ, რომ ძალიან ძლიერი ლეგიონერი დავიმატეთ. მე ჩემს ერთ-ერთ წარმატებულ ტრანსფერად ინტერს გის მივიჩნევ. ძალიან დიდი ხანი მინდოდა, რომ მას ჩემს გუნდში ეთამაშა. რაც შეეხება მარჯვენა მცველ კონსტანტინ ნიკას, მასთან ყველა პირობა შეთანხმებული გვქონდა და სააგენტოსთანაც ყველაფერი დალაგებული იყო. ის დასვენების მიზნით ჩავიდა სამშობლოში, რომ შემდეგ უკან დაბრუნებულიყო, სამედიცინო შემოწმება გაევლო და ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. რატომღაც გადაწყვიტა, ყველას ზურგსუკან რუმინეთის მეთორმეტეადგილოსანთან ხელი მოეწერა. როცა ანტალიაში შეკრებაზე ვიყავით, ეს კლუბიც იქ იყო.

ამ ფეხბურთელის თამაშს ვუყურე, შევხვდი კიდეც და ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი არაკორექტული იყო. ძალიან კარგია, რომ ეს ფეხბურთელი აქ არ ჩამოვიდა, იმიტომ, რომ სულ სხვა რამ ვნახეთ ჩანაწერებში და იმ ჩაგდებული ერთი წლის გამო სხვა დონის ფეხბურთელი ვნახეთ შეკრებაზე.

შეიძლებოდა ეს ყველაფერი გამოესწორებინა. ხშირად ხდება, ჩვენს გუნდში რომ საშუალო დონის ფეხბურთელი ხდება კარგი ფეხბურთელი, მაგრამ წელს მაგის დრო არ იყო, უფრო მაღალი დონის მოთამაშეს ველოდებოდით. გული არ მწყდება. ჩვენი ტრანსფერები გრძელდება, მალე კიდევ ერთი ფეხბურთელით გავძლიერდებით. ზაფხულშიც ვეცდებით, ისეთი ლეგიონერები დავიმატოთ, ვინც გაგვაძლიერებს.

ბევრი ადამიანი ითხოვს, რომ უცხოელი მოთამაშეები დავიმატოთ. გვყავს ინტერს გი, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის ლეგიონერი. მაყურებელი ხშირად განრისხდება ხოლმე, ამბობენ - "ვინ ჩამოჰყავთ, არსად არ თამაშობენ". ყველაფერი კარგად არის. მე ვიცი, ვინც ჩამომყავს.

როლოვიჩს არ აქვს სახელი, მაგრამ ორი ტური ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. იგივე გი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება. არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ ქართველებს არაფერი შეგვიძლია. მე კიდევ პირიქით ვფიქრობ, მყავს ძალიან კარგი ქართველი მოთამაშეები და იმ პოზიციებზე ვძლიერდებით, სადაც პრობლემები გვაქვს.

- თქვენ თქვით, რომ მალე კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდებით. ვისზეა საუბარი?
- მარტის ბოლომდე გვაქვს ფეხბურთელების დამატების უფლება, თუ ვინმე საკუთარ კლუბთან შეწყვეტს კონტრაქტს. რამდენიმე დღე დავიცადოთ, ისევ ისეთი სიტუაციაა, რაც კონსტანტინ ნიკასთან იყო. მოლაპარაკებულები ვართ, წინასწარი შეთანხმება გვაქვს, გუნდთანაც წყვეტს ხელშეკრულებას.

წინაპირობა გვაქვს. კარგი, გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც დაცვის ხაზში გაგვაძლიერებს. ყველაფერი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

- ზაფხულში კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ფიქრობთ თუ არა უკვე ამ ტურნირზე?
- ჩვენ უპირობოდ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ ქვეყნის ჩემპიონატში. მერე შეიძლება იქ წარმატების მიღწევაზე ფიქრი. ამიტომ, ჩემი მთავარი საფიქრალი არის, რომ მყავდეს გუნდი, რომელიც ძალიან კარგად გამოვა ეროვნულ ლიგაში, რომლის მიმართაც კითხვები არ იქნება, არის თუ არა გუნდი, რომელსაც შეუძლია საქართველოს სახელით გამოვიდეს ევროტურნირებზე.

უმთავრესი გამოწვევა ქვეყნის ჩემპიონატია. თუ საქართველოში ვერ ხარ შენს სიმაღლეზე და ევროტურნირებისთვის გაძლიერებას ფიქრობ, ვერ გაძლიერდები. იქამდე ნახევარი წელია კიდევ. მერე უკვე გამოჩნდება ის პოზიციები, რაც შეიძლება შესავსები იყოს.

ის სივრცე არ ვიცით, შეხება არ გვქონია. ქართული გუნდები ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებულები. კენჭისყრით შეიძლება ისეთი გუნდი შეგხვდეს, როგორც უნდა გაძლიერდე, ვერ აჯობო. დამოკიდებული ხარ მსაჯობაზე, მაყურებელთან გამკლავებაზე. ეს სივრცე არ გვქონია ჩვენ - სავსე ტრიბუნები, წნეხი ფეხბურთელებზე. არბიტრებიც, როცა ქართული კლუბების და ნაკრების მატჩებს მსაჯობენ, ჩვენ მიმართ სიმპათიით არასდროს არიან განწყობილები. ჩვენ მაინც მეორეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყანა ვართ. რთულია ისეთ გუნდთან თამაში, რომელსაც შენზე 10-ჯერ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ფიზიკურად ვერ გაუწევ წინააღმდეგობას.

მაგალითად, ძალიან ძლიერი "ზესტაფონით" ჩვენ პლეი-ოფში "ბრიუგესთან" ვითამაშეთ ფრედ (3:3). როცა მორჩა თამაში, ყველა ანთებული იყო, მე კი შინაგანად ვიცოდი, რომ ამ ბარიერს ვერ დავძლევდით. ჩვენ რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით, იმ გუნდს კი ბევრის მომატება შეეძლო.

"ზესტაფონი" ფანტასტიკური გუნდი იყო. დღეს საქართველოში იმ გუნდთან ახლოსაც არავინაა. "ზესტაფონის" 7-8 ფეხბურთელი მუდმივად იყო საქართველოს ნაკრების კანდიდატი.

რაც შეეხება "საბურთალოს", ვიცი, რომ ჩემს ფეხბურთელებს თამაში შეუძლიათ.

- ახლახან Sportall.ge-სა და "საბურთალოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რას იტყოდით ამის შესახებ?
-  ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ, რომ Sportall.ge საუკეთესო და ყველაზე პოპულარული სპორტული პორტალია, უამრავი მკითხველი გყავთ. ეს კლუბს წაადგება პოპულარიზაციისთვის. ჩვენთვის მთავარია მაყურებლის მოზიდვა. თქვენ ერთ-ერთი ისეთი სააგენტო ხართ, ვისთან თანამშრომლობითაც შეგვიძლია გულშემატკივარს მეტი გავაგებინოთ ჩვენს კლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, რომ ჩემპიონ გუნდს ასეთი პარტნიორი ეყოლება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები საბურთალოს :) იმედია ნორმალური დონის ფეხბურთელს ელოდებით.

შემოდგომაზე თუ ვინმეს თამაშზე წავალ, ეს პირველრიგში საბურთალო იქნება :)
Tbiliseli
17:18 08-03-2019
1
ოქრიაშვილი რომ დაიმატოთ ვერა?
მაინც უკლუბოდაა, ფორმასაც აკრიფავდა, კლუბსაც გამოადგება ევროტურნირების მატჩებშიც და თავისთავად ჩემპიონატშიც და საქართველოს ნაკრებსაც წაადგება!
იქნებ გეფიქრათ ამაზე?!
ბათუმი
23:46 08-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული