"ყოველთვის რთულია ტიტულის შენარჩუნება, თუმცა..." - ინტერვიუ ლაშა შინდაგორიძესთან

AutoSharing Option
ფოტო: Fcsaburtalo.ge

ლაშა შინდაგორიძე, რომელსაც ტრავმის გამო კარგა ხანი გაუცდა, ჩვეულ ფორმას უბრუნდება - 26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე პირველობაზე უკვე ხუთი გოლის გატანა მოასწრო, რაც ამპლუით შემტევი ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია. ლაშასთან ინტერვიუ "საბურთალოს" ვებგვერდმა ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- ლაშა, უსიამოვნო დროის შემდეგ, როდესაც ტრავმის გამო იძულებით ისვენებდით, თავს როგორ გრძნობთ?
- ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ ტრავმის შემდეგ, რაც უნგრეთში დამემართა. ნახევარ წელიწადზე მეტო დრო დავკარგე, მაგრამ ღვთის წყალობით, ახლა კარგად ვარ, ნელ-ნელა შევდივარ სპორტულ ფორმაში. მჯერა, მომავალში კიდევ
უფრო მოვუმატებ და გუნდს დავეხმარები სასურველი მიზნის მიღწევაში.

- თქვენი კარგი თამაში "საბურთალოს" აშკარად ეტყობა. 7 ტურის შემდეგ ოთხჯერ მოხვდით ტურის სიმბოლურ ნაკრებში. რას იტყვით განვლილ მატჩებზე?
- თავიდანვე ვიტყვი, რომ კლუბმა ორი ნაყოფიერი შეკრება გაიარა. თურქული შეკრებები ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, რადგან ტრავმის შემდეგ პირველად მომიწია გუნდთან ერთად ვარჯიში. კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვერდში გვიდგას, რომ კარგ პირობებში მოვემზადოთ. თურქეთში საინტერესო სპარინგ-მატჩები გავმართეთ, რაც აუცილებლად წაგვადგება.

რაც შეეხება ეროვნული ლიგის მატჩებს - აშკარად ჩანს, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას, მომავალში კიდევ უფრო უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ. "საბურთალოს" ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია.

- შვიდი ჩატარებული მატჩიდან 5-ჯერ აიღეთ მეტოქის კარი. რას გრძნობთ გატანილი გოლების შემდეგ?
- გოლის გატანა სასიხარულოა, მაგრამ ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა იმ რთული ტრავმის მერე, რაც გადავიტანე. იმის გარდა, რომ გუნდს გამარჯვებაში ვეხმარები, გოლების გატანა ძალებს მმატებს და უფრო მეტი შემართებით ვარ. "საბურთალოს" კარგი თამაშიდან გამომდინარეა, რომ გოლები გამაქვს.

- 2017 წელს, როდესაც"საბურთალოში" ირიცხებოდით, 34 მატჩიდან 9 გოლის გატანა შეძელით. ალბათ, წლეულს უფრო მეტის მოლოდინი გექნებათ…
- ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, რომ გოლების გარდა, საგოლე გადაცემების გაკეთებაც მმართებს. ვცდილობ, პროდუქტიული ვიყო და გუნდს წარმატებაში დავეხმარო. შვიდ ჩატარებულ შეხვედრაში უკვე ხუთი გოლი გავიტანე და რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ ამ შედეგს ბევრად გავაუმჯობესებ.

- "დინამოსთან "მატჩის შესვენებაზე თქვენ და ჩისკო გვირაბიდან ერთად გამოდიოდით. საინტერესოა, რაზე საუბრობდით?
- განსაკუთრებული არაფერი. ადრე "დინამოში" გუნდელები ვიყავით და ვიცნობთ ერთმანეთს. ესპანელმა შემაქო - კარგ სპორტულ ფორმაში ხარ და წარმატებებს გისურვებო.

- ახლანდელი გადასახედიდან, შეუძლია "საბურთალოს" ზედიზედ მეორედ გახდეს ქვეყნის ჩემპიონი?
- ყოველთვის რთულია ტიტულის შენარჩუნება, თუმცა "საბურთალოში" ისეთი შემადგენლობაა თავმოყრილი, კლუბს ნამდვილად შესწევს ძალა, რომ კიდევ ერთხელ მოიპოვოს საქართველოს ჩემპიონის წოდება. "საბურთალო" ყოველწლიურად ვითარდება, პროგრესირებს. ეს ყველაფერი, როგორც შედეგებიდან, ასევე ჩვენი თამაშებიდანაც ჩანს. მორიგი ჩემპიონობისთვის ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ.

- "საბურთალოს" წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს?
- დისციპლინა და გუნდურობა ძალიან მაღალ დონეზე დგას. ამავდროულად, "საბურთალო" ერთი დიდი ოჯახია. გვყავს ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი, რომლებთანაც მუშაობა სასიამოვნოა. ეს ყველაფერი კი არის წარმატების შედეგი.

- ეროვნულ ლიგაში "საბურთალოს" მაისურით 2017 წელსაც თამაშობდით. რა შეიცვალა მას შემდეგ ჩემპიონატში?
- ჩვენი პირველობა ყოველწლიურად უმჯობესდება და უკეთესი ხდება. ძალიან კარგი სისტემაა, 10-გუნდიანი ჩემპიონატი ბევრად დაძაბული და საინტერესოა. ის, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებს ბუნებრივ საფარზე უწევთ თამაში, წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ვიცი, მალე ლიგა-2-ის კლუბებსაც მოეთხოვებათ ბუნებრივ მინდორზე ასპარეზობა. ასევე, დადებითია ის, რომ თამაშები პირდაპირ ეთერში გადაიცემა, როგორც ეროვნული ლიგის, ასევე ლიგა-2-ის. ადრე ამ ყველაფერს მოკლებულები ვიყავით, თუმცა ეროვნული ლიგა ვითარდება და თამაში სასიამოვნო ხდება.

- საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულ ფეხბურთელებს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ეძლევათ ხოლმე. ალბათ, ამის სურვილი მომავალში თქვენც გექნებათ…
- ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის სურვილია ნაკრებში ასპარეზობა. იმედი მაქვს და მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქვეყნის პირველი ნაკრების ღირსებას დავიცავ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
9
3
5
1
5
14
9
3
2
4
-6
11
9
2
2
5
-3
8
9
0
3
6
-11
3