ლევან სეთურიძე: მინდა, ჩემი რესურსი "საბურთალოს" მოვახმარო

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

რამდენიმე დღის წინ "საბურთალოს" სპორტულ დირექტორად ლევან სეთურიძე დაინიშნა.

კლუბის ვებგვერდმა მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

- ვისარგებლებ შემთხვევით და კლუბის ხელმძღვანელობას მადლობას გადავუხდი იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეს. სპორტულ დირექტორად მუშაობა ძალიან დიდი გამოწვევა და პატივია. ამ ნდობის გამართლებას ვეცდები. "საბურთალოში" სპორტული საკითხების მიმართულებით ვიმუშავებ. კლუბის ხელმძღვანელების ხედვა ჩემს ხედვებს ემთხვევა. მჯერა, ერთობლივად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, რომელიც შემდგომ წარმატებებს მოგვიტანს.

- სამომავლო გეგმებზე რომ გვითხრათ?
- ამ ეტაპზე კლუბის გაცნობის სტადიაში ვარ. რა თქმა უნდა,
მონახაზი და გეგმა მაქვს, ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება, თუმცა ყველაფერი ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

- აქტიურად თანამშრომლობთ იტალიის, ესპანეთისა და სხვა წამყვანი ქვეყნების საფეხბურთო წარმომადგენლებთან. ალბათ, ამ ურთიერთობებსაც გამოიყენებთ…
- რა თქმა უნდა. ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებთან საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებს. მინდა, ჩემი რესურსი "საბურთალოს" მოვახმარო. საუბარი მაქვს როგორც პირველ და მეორე, ასევე აკადემიის გუნდებზე.

- საინტერესოა, როგორ მოხდა თქვენი და "საბურთალოს" დამეგობრება?
- გარკვეული დრო იტალიაში ვცხოვრობდი. როდესაც იქ კლუბებთან ურთიერთობებს ვამყარებდი, გიორგი ჭიაბრიშვილთან ხშირად მქონდა კომუნიკაცია, ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს. ამ ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღო, რის შემდეგაც მოხდა შემოთავაზება, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი.

- როგორი ჩანდა გარედან "საბურთალო" და როგორია ახლა, როდესაც უშუალოდ ხართ ჩართული კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- "საბურთალო" ჩემთვის ყოველთვის წარმატებული, პროგრესირებადი კლუბი იყო, მზარდი და პერსპექტიული. ამ კლუბის მთავარი ღირებულება წესიერება და პატიოსნებაა. "საბურთალოს" ხელმძღვანელებს ფეხბურთისადმი სწორი მიდგომა აქვთ, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს.

- იფიქრებდით, რომ ისეთი პატარა კლუბი, როგორიც "საბურთალოა", საქართველოს მასშტაბით ასეთ წარმატებას მიაღწევდა და დადგებოდა დრო, როდესაც ქვეყნის ჩემპიონი გახდებოდა?
- თავდაპირველად, როდესაც "საბურთალო" ყალიბდებოდა, ამ გუნდში მეც ვთამაშობდი. გუნდი ყოველწლიურად იზრდებოდა, წინსვლა იგრძნობოდა. ჰქონდა გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ყოველთვის ასწრებდა მოვლენებს. "საბურთალომ" საქართველოში შექმნა უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით მოახერხა პირველი ლიგიდან უმაღლესში გადასვლა.

ახლა "საბურთალო" განვითარების ახალ ეტაპზე დგას. წინ დიდი გამოწვევებია, რომლებსაც, ვფიქრობ, ღირსეულად გაართმევს თავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია,იქნებ პატარა კოხტა სტადიონი გაგეკეთებინათ საბურთალოზე სადმე 5-8ათასიანი.არ ჯდება ძაან ძვირი მე როგორც ვიცი,ჰოლანდია-ბელგიაში სავსეა ეგეთი სტადიონები და იქნებ დალაპარაკებოდით,ხომ შეიძლება.....
კახა ქირია
16:41 19-04-2019
0
სტადიონი გაკეთეთ
zaza
13:33 19-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული