რიჩარდ ლუკა: თუ საქართველოს შევადარებთ ამ ორ ქვეყანას, საქართველო ევროპაა და ფეხბურთის სტილიც ევროპულია

AutoSharing Option
ფოტო: fctorpedo.ge

"ფეთქებადი" აჩქარება, კარგად ურთიერთობს ბურთთან, შესანიშნავად გამოსდის რიტმის ცვლილება და აქვს უძლიერესი დარტყმა - ეს ქუთაისის "ტორპედოს" 21 წლის ბრაზილიელი შემტევი რიჩარდ ლუკაა.

"ტორპედომ" ტექნიკური ბრაზილიელი ნახევარმცველი მექსიკური "ტიგრესიდან" ერთწლიანი იჯარით აიყვანა. მანამდე კი ლუკამ სამშობლოში "გოიასა" და "სანტოსის" რიგებში გაიბრწყინა.

რიჩარდ ლუკამ მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან სამში შეცვლაზე შევიდა. ამ მატჩებში ბრაზილიელის ანგარიშზე 2 გოლია.

ლუკას ტელეფონით დავუკავშირდით და ჩვენი ინტერვიუ პორტუგალიურ ენაზე შედგა.

- გამარჯობა რიჩარდ. პირველ რიგში, მინდა გთხოვო, რომ
შენ შესახებ მოგვიყვე და ჩვენს მკითხველს უფრო ახლოს გააცნო შენი თავი...
- 21 წლის ვარ. ფეხბურთს 7 წლის ასაკიდან ვთამაშობ. ამჟამად ქუთაისში ვცხოვრობ. წარმოშობით ბრაზილიიდან ვარ, გოიანიდან.

- აქ ჩამოსვლამდე თუ გაგიგიათ საქართველოს შესახებ?
- საქართველოზე აქ ჩამოსვლამდე ცოტა რამე მსმენია. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, რათა უფრო მეტი გამეგო საქართველოს კულტურაზე, ქალაქებზე, ტურისტულ მიმართულებებზე, სამზარეულოზე. ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მომეძია.

- იცოდი თუ არა, რომ საქართველოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძეა?
- კი, ეს ვიცოდი. როდესაც საქართველოზე ინფორმაციას ვეძებდი, ჩემმა მეგობრებმა ზუსტადაც რომ ეს მითხრეს.

- როგორ მოგწონთ ქუთაისი და რომელი ადგილების დათვალიერება მოასწარით?
- ქუთაისს ვეცნობი. უკვე მოვასწარი ისეთი ადგილების დათვალიერება, როგორიც არის ბაგრატის ტაძარი. ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო. უნდა აღვნიშნო, რომ ქუთაისში ძალიან კარგი რესტორნებია. ძალიან მომეწონა ქალაქის ცენტალური ნაწილი.

- ქართველი მცველების მოტყუება თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს?
- საუბარია არა იმაზე, რთულია თუ არა. მცველები, როდესაც მხედავენ, ფიქრობენ, რომ შეძლებენ ჩემ დამარცხებას ჩემი სიმაღლის გამო (რედ: რიჩარდ ლუკას სიმაღლე 160 სმ-ია), რომ უფრო ძლიერები არიან, თუმცა მე გამოვირჩევი სისწრაფით, ტექნიკით. შეიძლება მცველი მაღალი და ძლიერი იყოს, თუმცა ჩემი სისწრაფით დავამარცხო ის.

- საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი დუბლი შეასრულეთ, გორის "დილასთან" საუკეთესო იყავით. როგორ შეაფასდებდით საკუთარ თამაშს?
- ამ მატჩში შესაძლებლობა მომეცა და გამოვიყენე ის. კარგი თამაში იყო. ინდივიდუალურად შევძელი ჩემი შესაძლებლობების ჩვენება, ჩემი თამაშის სტილის ჩვენება. თუმცა, ბევრი რამეა კიდევ გასაუმჯობესებელი.

- საქართველოს თასზე "ბორჯომის" წინააღმდეგაც ორი გოლი გაიტანეთ. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ფეხბურთს შეეწყვეთ?
- კი, შეიძლება ასე ვთქვათ. როგორც წესი, ადაპტაციის პერიოდს ყოველთვის იოლად გავდივარ. თუმცა, ყოველდღიურად ვმუშაობ ჩემს თავზე. ვვარჯიშობ, ვმუშაობ, რათა ჩემი შესაძლებლობები უკეთ გამოვაჩინო. დასაწყისში ადაპტაცია იოლი იყო, თუმცა სირთულეს წარმოადგენს ცივი ამინდი, თუმცა უკვე ვეჩვევი ამას.

- საქართველო მესამე ქვეყანაა, სადაც თამაშობთ. აქამდე სამშობლოში და მექსიკაში გითამაშიათ. შეადარეთ ერთმანეთს ამ სამი ქვეყნის ფეხბურთი. რა მსგავსება და განსხვავებებია?
- ფეხბურთი ბრაზილიასა და მექსიკაში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბრაზილიისა და მექსიკის ფეხბურთის სტილი გამოირჩევა ტექნიკით, უფრო სწრაფი ფეხბურთია. თუ საქართველოს შევადარებთ ამ ორ ქვეყანას, საქართველო ევროპაა და ფეხბურთის სტილიც ევროპულია, რაც განსხვავდება სამხრეთ ამერიკისგან. განსხვავდება, თუ როგორ ვატარებთ ვარჯიშებს და ა.შ.

- როგორც ვიცით, რამდენიმე წლის წინ თქვენით "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, თუმცა გარიგება არ შედგა. რა გახდა ამის მიზეზი?
- მთავარი მომენტი ის იყო, რომ მე მოქმედი კონტრაქტი მქონდა "გოიასთან". ეს არ იყო პროფესიული კონტრაქტი, თუმცა მაინც კონტრაქტი იყო, რომელიც უნდა შემესრულებინა. კლუბები ვერ შეთანხმდნენ. მე მომიწია უკან დაბრუნება, სადაც ჩემი დებიუტი შედგა ძირითად გუნდში.

- აპირებთ მომავალში "ტორპედოში" დარჩენას თუ ევროპაში ტრამპლინად განიხილავთ?
- პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო "ტორპედოს", რომ შესაძლებლობა მომცეს. დღეს მე აქ ვარ, აქ ვთამაშობ. მომავალში, ღმერთის ნებაა, აქ ან დავრჩები, ან სხვაგან გადავალ. თუმცა ახლა დღევანდელ დღეზე ვფიქრობ.

- ვისთან გაქვთ ყველაზე ახლო ურთიერთობა ქუთაისის "ტორპედოში"?
- ყველასთან კარგი ურთიერთობები მაქვს გუნდში. გამოვყოფდი ნიკოლა სტიეპოვიჩს, რომელთანაც ერთ ოთახს ვიყოფთ. ასევე, ამბროსი ჩაჩუა.

- რომელ კლუბში თამაშზე ოცნებობთ?
- ყოველთვის ვოცნებობდი, მეთამაშა "მანჩესტერ იუნაიტედში".

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- აქ ქუთაისში ჩემს მეუღლესთან ერთად ვარ. შესაბამისად, თავისუფალ დროს ერთად ვატარებთ. ასევე დავდივართ რესტორნებში. ქართული სამზარეულოდან ყველაზე მეტად მომეწონა ქართული პიცა... აი, ხაჭაპური. ასევე, გავსინჯეთ ხინკალი. რაც შეეხება სასმელებს, ზოგადად არ ვსვამ, თუმცა გავსინჯე ჭაჭა. ძალიან ძლიერია. ბრაზილიურ კაშასას ჰგავს.

- თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ "ტორპედო" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს?
- პირველ რიგში, საჭიროა მუშაობა. გუნდის ხელმძღვანელობა ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რათა გუნდი კარგად გრძნობდეს თავს. ყველანი ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ მუშაობასა და ჩვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. ამიტომაც, მუშაობა და კიდევ ერთხელ მუშაობაა საჭირო.

- რას ეტყოდით "ტორპედოს" გულშემატკივრებს?
- გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ შეუძლიათ ბევრის მოლოდინი ჰქონდეთ. წელს ბევრ რამეს მივაღწევთ. მადლობა მინდა მათ გადავუხადო იმისთვის, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგანან და მხარს გვიჭერენ. ასევე მინდა მივმართო დანარჩენ გულშემატკივრებს, რომ სტადიონზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.

ავტორები: ბაჩო შურღაია და კახა დგებუაძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბევრად კვალიფიციური ფეხბურთელია ვიდრე ჩვენი ჩემპის დონეა რასაც მომდევნო მატჩებშიც დაამტკიცებს იმედია ევრო ასპარეზზე თვალში საცემი იქნება მისი მნიშვნელობა გუნდისთვის და მინიმუმ გაიმეორებს ტორპედო შარშანდელ წარმატებას და წელსაც უწევს ეპროპა ლიგის პლეიოფს წარმატებები
Anj: Antey
13:49 20-04-2019
0
ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება-ლუკამ უკვე მიიპყრო სპეციალისტების და მაყურებლის ყურადღება. იგი პერსპექტიული ფეხბურთელია და მოწონებაც დაიმსახურა. ლუკა არ დაუშვებს, რომ მან რაიმე დააკლოს მის წინსვლას. უკვე საჭიროა მის შენარჩუნებაზე ფიქრი თუ ამის თეორიული შანსი მაინც არსებობს.
ნუგზარ ნავაძე
20:08 20-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული