"პირველ წრეს დადებითად ვერ შევაფასებ" - ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

ეროვნული ლიგის 2019 წლის პირველი წრე დასრულდა. ჩემპიონი "საბურთალო" გახდა, მეორე ადგილი ბათუმის "დინამომ" დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი ქუთაისის "ტორპედო" გავიდა.

Sportall.ge ქუთაისელთა დამრიგებელს, კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და მასთან ერთად სეზონის პირველი წრე შეაფასა.

- პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ პირველ წრეს?
- რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შევაფასებ. მესამე ადგილი დავიკავეთ, რაც ნამდვილად არ არის კარგი შედეგი, თუმცა ბრძოლა გრძელდება, ჩემპიონატი გრძელდება და სიტუაციის გამოსწორებას ვეცდებით.

ახალი ფეხბურთელები გვყავს, მათ გუნდში ადაპტაცია სჭირდებოდათ.

- მიმდინარე სეზონის წინ გუნდს
გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე შეუერთდა, რომელიც ჯერჯერობით ჩვეული შედეგიანობით არ გამოირჩევა. რა არის ამის მიზეზი?

- როდესაც ახალ გუნდში მიდიხარ, ადაპტაციის გავლაა საჭირო. უნდა შეეწყო გუნდს, ფეხბურთელებს, სისტემას. ბუდუ ძალიან კარგი ფეხბურთელია, ზედმიწევნით კარგად ასრულებს იმ დავალებებს, რომლებიც აკისრია. შეიძლება ჯერჯერობით ბევრი გოლი არ გაუტანია, მაგრამ ყველაფერს კარგად აკეთებს, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ის მაღალი დონის ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს ბომბარდირი გახდება.

-  რას იტყვით რიჩარდ ლუკაზე? ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლების გატანა დაიწყო და მას მეტ სათამაშო დროს აძლევთ...
- ლუკა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მისი იმედი ნამდვილად გვაქვს. რთულია, ახალ გუნდში მიხვიდე და იქ თავიდანვე ბოლომდე გაიხსნა, ის კი სულ სხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან ჩამოვიდა. გასაგებია, რომ დრო სჭირდებოდა.

- მოახლოვდა ევროტურნირები. რამდენად მზად ხართ და რა პოზიციებზე გჭირდებათ გაძლიერება?
- კონკრეტულ პოზიციებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გაძლიერება ნამდვილად გვჭირდება. ამაში გუნდის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა გვაქვს. კარგი იქნებოდა, რომ ბოლომდე დაკომპლექტება სეზონის დაწყების წინ მომხდარიყო. პირველ რიგში, ამ შედეგს საკუთარ თავზე ვიღებ.

- რას გვეტყვით მეტოქეების შესახებ? გამოჩნდა, რომ ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძვის...
- მე ვიტყოდი, რომ ამ ჩემპიონატში 5 გამორჩეული გუნდია. მათ რიცხვს საჩხერის "ჩიხურაც" უნდა დავუმატოთ, რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და სეზონის ბოლომდე, როგორც მინიმუმ, ოთხეულისთვის იბრძოლებს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოში" ფინანსური კრიზისი იყო, არსებობდა დავალიანება მოთამაშეების მიმართ. ახლა რა სიტუაციაა?
- ეს ამბავი უკვე ყველასთვის ცნობილია. დიახ, იყო ასეთი პრობლემა და ეს გვინდა თუ არა, ფეხბურთელების მოტივაციაზეც აისახება, თუმცა ეს პრობლემა გამოსწორდა, დავალიანების ნაწილი გასტუმრებულია და რაც მთავარია, გუნდის ბირთვი შევინარჩუნეთ.

- დიდი ხანია "ტორპედოს" საკუთარ სტადიონზე არ უთამაშია, ბოლო პერიოდში "სამტრედიის" მოედანზე თამაშობდით, მომავალ 3 მატჩს წყალტუბოში გამართავთ. რამდენად აისახება ეს გუნდზე და როდის დაბრუნდებით საკუთარ არენაზე?
- მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები სამტრედიაშიც მოგვყვებოდნენ და დარწმუნებული ვარ, წყალტუბოშიც ჩვენ გვერდით იქნებიან, მაინც საკუთარ მოედანზე თამაში, მით უმეტეს, "ტორპედოსთვის", ორმაგი მოტივაცია და დახმარებაა.

იმედი მაქვს, ევროტურნირების მატჩებს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლებთ. მადლობა მინდა გადავუხადო "სამტრედიას" და "სამგურალს", რომ საკუთარ სტადიონზე თამაშის ნება დაგვრთეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული