ფოტო: 1tv.ge
ეროვნული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი და საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის "საბურთალო" ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს.
გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადება თასის ფინალში "ლოკომოტივთან" გამარჯვების შემდეგ გააკეთა.
ჭიაბრიშვილის შემცვლელის შესახებ ორი მთავარი გვარი გაჟღერდა. ერთი მათგანი, საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების დამრიგებელი გია ცეცაძეა, მეორე კი ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი.
Sportall.ge სფფ-ს დაუკავშირდა და გია ცეცაძის საკითხზე საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენელ კახი შალამბერიძეს ესაუბრა.
სფფ-ს ასეთი პოზიცია აქვს: "გია ცეცაძეს ჩვენთან მოქმედი
ხელშეკრულება აკავშირებს და მისი გაწყვეტის საკითხი ფედერაციასა და მწვრთნელს შორის, ამ ეტაპზე, არ განიხილება."
ჩვენი ინფორმაციით თუ გია ცეცაძე "საბურთალოში" წასვლას მოისურვებს, მაშინ მას 21-წლამდე ნაკრების დატოვება მოუწევს, რადგან პარალელურად სხვა გუნდის გავწრთნა არ შეიძლება..