ეროვნულ ლიგას ორი ახალი წევრი ჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 11 დეკემბერს, რუსთავსა და სამტრედიაში გამართულ პლეი-ოფის მატჩებში გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც მომავალი წლიდან ეროვნულ ლიგაში იასპარეზებენ.

ორივე საგზური 2019 წლის ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა გუნდებმა მოიპოვეს: "სამტრედიამ" და "თელავმა".

"თელავმა" საშინაო შეხვედრაში "რუსთავის" დამარცხების (1:0) შემდეგ გასვლით შეხვედრაშიც იმარჯვა. არადა. ანგარიში რუსთაველმა ფეხბურთელებმა მე-3 წუთზე გახსნეს - ბექა ქავთარაძემ მისივე წაქცევისთვის მე-40 წამზე დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამ გოლმა კახელები არ დააბნია და მე-15 წუთზე მათ მწვავე შეტევას ლაცაბიძის ავტოგოლი მოჰყვა და ანგარიშიც გათანაბრდა. ტაიმის ბოლომდე
"თელავის" ფეხბურთელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს - 32-ე წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმო დარტყმიდან ჩააწოდა ბურთი და თორნიკე ძოწენიძემ გიორგი მამარდაშვილს დაასწრო - 1:2. აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში კახელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა იაროსლავ კვასოვმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა და შესვენებაზე "თელავი" 1-ბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში "რუსთავს" რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლი აღარ გასულა. მატჩის ბოლოს, 83-ე წუთზე, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან კახელთა მცველი ანტონ თოლორდავა გააძევა.

რუსთავი, ტექნიკური ცენტრი
რუსთავი-თელავი 1:2
გოლები: 1:0 ქავთარაძე (3, პენ) 1:1 ლაცაბიძე (15, ავტ.), 1:2 ძოწენიძე (32)

"რუსთავი": გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე (ლაშა ლეჟავა 79), გიორგი ვასაძე (კონსტანტინ პავლოვი), ლუკა სილაგაძე, ავთანდილ გუჯაბიძე (პაატა კიტეიშვილი, 46), ბექა ქავთარაძე, დათა სიჭინავა, ლაშა ქოჩლაძე, ლუკა იმნაძე, გიორგი ბუგულოვი, ოლეგ ტოლმასოვი

"თელავი": ლუკა სანიკიძე, თორნიკე ძოწენიძე, ანტონ თოლორდავა, ფირუზ მარაქველიძე, ილია ბერიაშვილი, ბექა ვარშანიძე, მიხეილ ბაშელეიშვილი (ვაკო ბაჩიაშვილი, 87), ირაკლი რუხაძე (გიორგი ერისთავი, 76), მირიან ჯიქია, ალექსანდრე კოშკაძე (რატი კაკიაშვილი, 56), იაროსლავ კვასოვი


სამტრედიაში კი ადგილობრივმა "სამტრედიამ" გასვლაზე ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

თამაში მძიმედ დაიწყო და მაინცადამაინც ბევრი მომენტი არ იქმნებოდა. თუმცა, 32-ე წუთზე გურამ სამუშიას მოწოდებულ კუთხურს ვარლამ კილასონიას გოლი მოჰყვა და ანგარიშიც გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ "სიონის" მეკარე ოთო გოშაძეს გამოსვლაზე თამაში მართებდა, რადგან კილასონიამ მეკარის ბაქნიდან დაარტყა.

6 წუთში სამტრედიელებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს. სწრაფ კონტრშეტევას ნიჯატ ყურბანოვის გოლის მოჰყვა, საგოლე გადაცემა კი ამჯერადაც გურამ სამუშიას ანგარიშზე გახლდათ. ყურბანოვს ტაიმის ბოლომდე დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა ბოლნისელთა კარს. 44-ე წუთზე საკუთარი მომენტი ვერც ბოლნისელთა თავდამსხმელმა ტატანაშვილმა გამოიყენა და პირველი ნახევარი "სამტრედიამ" 2:0 მოიგო.

მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე 2 საგოლე პასის შემდეგ გურამ სამუშიამ გოლიც გაიტანა და ანგარიში 3:0 გახდა. ყურბანოვმა ამ მატჩში დუბლი მაინც შეასრულა - 71-ე წუთზე რაჟამაშვილის პასი გამოიყენა და მშვიდად შეაგორა ბურთი კარში. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა უგულავამ 77-ე წუთზე დააფიქსირა და "სიონის" მხრიდან "პრესტიჟის გოლი" გაიტანა.

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-სიონი 4:1
გოლები: 1:0 კილასონია (32), 2:0 ყურბანოვი (38), 3:0 სამუშია (64), 4:0 ყურბანოვი (71), 4:1 უგულავა (77)

"სამტრედია": კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ალიკო ჩაკვეტაძე, ვარლამ კილასონია, გიორგი ივანიაძე, გიორგი ახალაძე (გიორგი ჭეიშვილი, 8), ნიჯატ ყურბანოვი (ზურაბ ღირდალაძე, 77), სტრაჰინია პავიშიჩი, დავით რაჟამაშვილი (შოთა კერძევაძე, 82), გურამ სამუშია, ვაჟა ქიქავა

"სიონი": ოთო გოშაძე, ლაშა უგრეხელიძე, არჩილ ტვილდიანი (გიორგი ივანიშვილი, 61), თორნიკე თარხნიშვილი (ჯაბა უგულავა, 57), ლევან ხმალაძე, კახა კახაბრიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, დავით თარგამაძე, ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ აფაქიძე (რატი ცაცქრიალაშვილი, 57), ბექა გვარაძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩოხელის სტადიონის რეაბილიტაცია სანამ დასრულდება, თელავი დიდი ალბათობით საკუთარ ქალაქში, ოღონდ სარაგბო არენაზე ითამაშებს, რომელზეც ბუნებრივი საფარია და ტრიბუნებიც აქვს.
თელავის გულშემატკივარი
09:43 12-12-2019
1
სამტრედიას დაბრუნება ძალიან კარგია,თელავი კი უსუსტესი გუნდია და ერთ წელში დაბრუნდება თავის კუთვნილ ლიგა2-ში
აჯარა
01:47 12-12-2019
7

სიახლეები პოპულარული