"საბურთალომ" ყოფილ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში "ლოკომოტივთან" 3:1 გამარჯვების შემდეგ "საბურთალოს" უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ 6-წლიანი მუშაობის შემდეგ კლუბს ტოვებდა. შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება იყო, თუმცა კლუბში ეს ამბავი კარგა ხნის წინ იცოდნენ.
თუ "საბურთალოს" რაიმე წარმატება აქვს მიღწეული, სწორედ ჭიაბრიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. გიორგი ჩვენს კლუბში მხოლოდ მთავარი მწვრთნელი არ იყო. ჭიაბრიშვილი ყოველთვის ხელს უწყობდა საკლუბო რესურსის ერთ მუშტად შეკვრასა და განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა.
სწორედ ამის შემდეგ მიაღწია ჩვენმა კლუბმა უდიდეს წარმატებებს - 2018 წელს გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 2019 წელს კი იასპარეზა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბოლო აკორდი "საბურთალოსთან" ერთად საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოგება გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ თასის ფინალი ახალგაზრდა სპეციალისტისთვის იყო მე-200 მატჩი "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის რანგში.
დარწმუნებულნი ვართ, გიორგი ჭიაბრიშვილი დარჩება "საბურთალოს" ერთგულ გულშემატკივრად! ჩვენი მხრივ, "საბურთალო" მუდამ იქნება მისი უპირველესი ქომაგი.
მადლობა გიორგის გაწეული შრომისთვის!
ახალგაზრდა სპეციალისტს წარმატებებს ვუსურვებთ სამწვრთნელო კარიერაში!", - წერს "საბურთალო" თავის საიტზე.