გიორგი ჭანტურია "საბურთალოში"? - გია ცეცაძის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
8 იანვარს თბილისის "საბურთალოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ბენდელას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან საკლუბო ფეხბურთში მუშაობის პერიოდში პირველად ვარ სახლში. ეს უდიდესი კომფორტია და კომფორტზე მეტიც კი. ვეცდებით, რომ ერთობლივი მუშაობით გამორჩეული ქართული კლუბი "საბურთალო" უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ.

რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტის დატოვებას, რამდენიმე მიზეზი გახლდათ. თუმცა, თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთის ფედერაციაში არავის უთქვამს ან მიუნიშნებია წასვლაზე, პირიქით, ცხოვრებაში, როგორც მწვრთნელმა, პირველად ვიგრძენი ისეთი დაფასება,
როგორც ფეხბურთის ფედერაციაში მექცეოდნენ.

წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი დისკვალიფიკაცია გახდა. დარჩენილ 5 მატჩში მე სათადარიგოთა სკამზე ვერ ვიქნებოდი. ამიტომ, ალბათ, აჯობებს, თუ მწვრთნელი სხვა იქნება. ჩვენი მუშაობით ნაკრები კარგ გუნდად ჩამოყალიბდა და დარწმუნებული ვარ, სლოვაკეთთან თამაშის შემდეგ უფრო შეკრულები იქნებიან. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ახალ მწვრთნელს ჩემ გარეშე უკეთესი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა ექნება.

მეორე მიზეზი გახლდათ ის, რომ ბოლო 3 შეხვედრა წავაგეთ. ამპარტავნებაში არ ჩამომართვათ, თუმცა წაგება წაგებაა, თუნდაც საფრანგეთთან და შვეიცარიასთან იყოს და მიმაჩნია, რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელს ეროვნული ნაკრების დამრიგებელზე ნაკლები პასუხისმგებლობა არ აქვს. აზერბაიჯანთან და ლიხტენშტაინთან რომ წაგვეგო, მაშინ გასაგდები ვიქნებოდი.

"საბურთალოს" შემადგენლობას რაც შეეხება, ზოგმა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არ გამოვყოფთ ჩვენ, ლეგიონერი იქნება თუ ქართველი; მთავარია, გუნდი გააძლიეროს, მაგრამ ლეგიონერების მიმართ კიდევ გვაქვს მოთხოვნა, აქ თავის დაფასებით არავინ უნდა მოვიდეს. ყველა ფეხბურთელმა უნდა სცეს პატივი "საბურთალოს" და ამ დიდ საფეხბურთო ოჯახს.

მთავარი გუნდის სამწვრთნელო შტაბში იქნებიან: თემურ ლორქიფანიძე, ლაშა ნოზაძე, ლევან ჯულუხაძე და ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელებთანაც, ბუნებრივია, მუდმივად ვითანამშრომლებთ. ყველა გუნდში ერთი სტრატეგია იქნება, ახალგაზრდული გუნდებით დაწყებული, მთავარი გუნდით დასრულებული.

მნიშვნელოვან პრობლემას მინდა შევეხო, ეს არის გულშემატკივარი. სამწუხაროდ, თბილისში თამაშებზე მაყურებელი არ დადის. სამწუხაროდ, მესისა და რონალდოს ჩამოყვანა არ შეგვიძლია, მათ სანახავად რომ მოვიდეს ხალხი. თუმცა, მინდა მოვუწოდო საბურთალოელებს, რომ მოახერხონ სტადიონზე მოსვლა და მინდა დავპირდე მათ, რომ რაც უფრო მეტი იქნება დასწრება, მით უფრო მეტი იქნება თამაშის ხარისხიც.

ჩვენი მუშაობის მიზანი იქნება, რომ ავიდეთ ევროპულ დონეზე და ქართული ფეხბურთის სახელი დავაბრუნოთ ევროპაში. ევროტურნირები საკმაოდ მალე მოვა, თუმცა მე ძალიან დიდი ამბიცია და ნდობა მაქვს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ იმ საფეხბურთო გასაღებსა და სქემას, რაც წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა, "საბურთალოს" მალე მოვარგებ და ეს მე არ გამიჭირდება. ამისი უდიდესი მოტივაცია მაქვს, რადგან ამას საქართველოში ვაკეთებ.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები რითი ჩამორჩებიან წამყვანი ხუთეულის ქვეყნების ფეხბურთელებს? პირველ რიგში, პრობლემა მენტალობაშია. არიან იმ კატეგორიის ფეხბურთელები, რომლებიც თვლიან, რომ ძალიან მაგრები არიან და ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, მაგალითად, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მას უნდა აჯობოს. ეს სამუშაო პროცესის ნაწილია და მინდა ვთქვა, რომ ეს შეფასება ფეხბურთელის ბრალი არ არის. მწვრთნელის ფუნქციაა, დაეხმაროს ფეხბურთელს სწორ განვითარებაში.

თუმცა, აი, დავინახეთ, საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშებში საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ფეხბურთელი ბუნდესლიგის ფეხბურთელს ეთამაშებოდა და ერთი-ერთზე თამაშისას შეცდომა არ დაუშვია. ეს ლოგიკას მოკლებულია, თუმცა ასე მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენში პოტენციალი დიდია.

მე პირადად მიმაჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთელები იმ გარემოში რომ იზრდებოდნენ, როგორშიც გერმანიასა და სხვა წამყვან ქვეყნებში ვითარდებიან, ჩვენი ნიჭით, მინიმუმ 10-ეულში ვიქნებოდით.

თუმცა, ზოგჯერ ხდება ისე, რომ პრობლემებს სხვაგან ვეძებთ. არა და, პრობლემები ჩვენშია. იგივე, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე საფრანგეთთან, მსაჯის გადაწყვეტილებაზე დავა არაფერს მოგვცემს. ან თუნდაც მე, სლოვაკეთთან შეხვედრისას თავი ხელში უნდა ამეყვანა, თუ პრეტენზია მაქვს, რომ მაღალი დონის მწვრთნელი ვარ. ჩემი ბრალი იყო, უნდა მომეთმინა. შეიძლება იგივე რომ განმეორდეს, არ მოვითმინო, თუმცა ისეთს არაფერს ვიზამ, რომ ასე დაგვაზარალოს.

გიორგი ჭანტურიას რაც შეეხება, მე მგონია, რომ მას ყველა თვისება აქვს ვარსკვლავის დონის ფეხბურთელობისა. ვთვლი, რომ ჯერ ძალიან ადრეა მისი კარიერის დასრულება და თუ თავად ექნება სურვილი, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას "საბურთალოში".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჭანტურიაზე უარყოფით კომენტარს თუ წერ ეგრევე გიბლოკავენ :))) ვინ ყავს ასეთი თქვენ რედაქციაში? :))
ფეხბურთელი ეგ არ არი და გუნდურ სუფრებზე სათამადოდ მოგყავთ?
Superman
14:20 09-01-2020
2
ჭანტურია თუ დაუბრუნდება ფეხბურთს და ათამაშდება კარგი იქნება, იქნება ჟურნალისტებმა გაგვაგებინონ რას აპირებს ჭანტურია
იკა
13:39 09-01-2020
1

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
9
4
4
1
8
16
9
2
6
1
3
12
9
1
2
6
-9
5
9
0
4
5
-11
4