"ჩიხურას" აწ უკვე ყოფილი მცველები - დავით მაისაშვილი და რევაზ ჩიტეიშვილი, კარიერას "დილაში" გააგრძელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გორული კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს.
"30 წლის ცენტრალურმა მცველმა დავით მაისაშვილმა ჩვენს გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მაისაშვილმა ბოლო 2 სეზონი "ჩიხურაში" გაატარა, სადაც ჯამში 67 მატჩში ითამაშა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.
საფეხბურთო კარიერა
მაისაშვილის საფეხბურთო კარიერა 2013 წელს თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, საიდანაც ლანჩხუთის "გურიაში" გადაბარგდა. შემდეგ მის კარიერაში იყო რუსთავის ,"მეტალურგი", "ცხინვალი", მარტვილის "მერანი" და ბოლოს, როგორც თავში მოგახსენეთ -
"ჩიხურა".
25 წლის მარჯვენა მცველმა რეზი ჩიტეიშვილმა ჩვენს კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ჩიტეიშვილმა გასული სეზონი "ჩიხურას" რიგებში გაატარა, სადაც 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საფეხბურთო კარიერა
ჩიტეიშვილმა საფეხბურთო კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო, საიდანაც 2013 წელს ქუთაისის "ტორპედოს" მიაშურა, სადაც 1 სეზონი გაატარა და კვლავ "რკინიგზელთა" რიგებს დაუბრუნდა. 2018 წლიდან ამ დრომდე კი "ჩიხურას" ღირსებას იცავდა", - წერს საიტი.