კორონავირუსი და ეროვნული ლიგა. რა ხდება ქართულ კლუბებში?

AutoSharing Option
კორონავირუსმა შეაჩერა ყველაფერი და მათ შორის ეროვნული ლიგაც. საქართველოს ჩემპიონატი როდის განახლდება, ეს ყველაფერი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული.

ჩვენ დავუკავშირდით ეროვნული ლიგის ყველა კლუბს და პრესსამსახურებს გამოვკითხეთ, თუ რას საქმიანობენ ამჟამად ფეხბურთელები, რა იგეგმება და სად იმყოფებიან კლუბის ლეგიონერები.

ირაკლი ბუხალი (თბილისის "დინამო"): ყველა ფეხბურთელი სახლშია. ყველას აქვს ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა, ამავდროულად არიან მწვრთნელებისა და ექიმის ონლაინ მეთვალყურეობის ქვეშ. ლეგიონერებს რაც შეეხება ხოსე პერალესი ესპანეთში წავიდა და დიდი ალბათობით სხვა ლეგიონერებიც შეიძლება წავიდნენ ოჯახებში.

გიორგი ვაშაკიძე ("თელავი"): ჩვენთან ასეთი
მდგომარეობაა: ლეგიონერები არავინ წასულა, ყველა აქაა - ფეხბურთელები ზოგი ბაზაზეა, ზოგიც სახლში. დარიგებული აქვთ ინდივიდუალური პროგრამები ფორმის შესანარჩუნებლად და ველოდებით ფედერაციის გადაწყვეტილებას თუ როდის განახლდება ჩემპიონატი. ამის მერე გადაწყდება თუ როდის შეიკრიბება სრულად გუნდი.

ედო ბადალაშვილი ("ტორპედო"): ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. პროგრამები ფეხბურთელებს სამწვრთნელო შტაბმა მისცა. რაც შეეხება ლეგიონერებს, სამივე ლეგიონერი ქუთაისშია და სხვებივით, ისინიც ინდივიდუალურად ვარჯიშობენ

თორნიკე შალამბერიძე ("ჩიხურა"): ყოველდღიურად ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი ირაკლი ჭიღლაძე ფეხბურთელებს ვარჯიშის გეგმებს უგზავნის. ისინი სახლში ეზოში ან ქუჩაში ვარჯიშობენ იზოლირებულად. ველოდებით ფედერაციის რეკომენდაციას და შესაბამისად შევიკრიბებით. ყველა ფეხბურთელი ყოველდღიურად ვარჯიშობს და მოგვდის ვიდეოები ვინ რას აკეთებს. მწვრთნელი აკონტროლებს ფეხბურთელებს და დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობთ.

ნიკა ბაიდაური ("დილა"): ამ პერიოდს ფეხბურთელები ოჯახთან ატარებენ და ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. ლეგიონერებს რაც შეეხებათ, ისინი აქ არიან და იჩენენ სიფრთხილეს, მაქსიმალურად თავს იკავებენ გარეთ გასვლისგან. შემდგომ დღეებში რა იქნება, ამას სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს.

სალომე ბალახაშვილი (თბილისის "მერანი") : აღნიშნული სიტუაციის გამო, მოგეხსენებათ ვარჯიშები შეწყდა. ფეხბურთელები თვითიზოლაციის პერიოდში ინდივიდუალურად სახლში ვარჯიშობენ. ველოდებით როდის გადაივლის ეპიდემია.
როგორც კი შესაძლებელი იქნება ვარჯიშს განვაახლებთ. გვსურს ამხანაგური მატჩის გამართვაც...

ბაჩო ცალუღელაშვილი ("სამტრედია"): გუნდის ექიმმა ყველა ფეხბურთელს გააცნო ინდივიდუალური პროგრამა, თუ როგორ ივარჯიშონ სახლის პირობებში. ყველა ფეხბურთელი საქართველოშია. ასევე ყველას ჩაუტარდა შემოწმება და ყველა ჯანმრთელადაა.

კახა მგელაძე ("საბურთალო"): დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გუნდი დროებით იძულებით ისვენებს, თუმცა ფეხბურთელებს დაურიგდათ ინდივიდუალური პროგრამა, რითაც ვარჯიშობენ. რაც შეეხება ლეგიონერებს - ისინი თბილისში იმყოფებიან უკრაინელი ბელიაევის გარდა. ჩვენი კლუბის ლეგიონერები თავიანთ სახლებში ცხოვრობენ.

ბესი ჩიბურდანიძე (ბათუმის "დინამო"): ადგილობრივები ბათუმში არიან, ნაწილი თბილისში. ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვარჯიშობენ შეძლებისდაგვარად. ლეგიონერებიც ყველა საქართველოში იმყოფება.

"ლოკომოტივის" პრესსამსახური: სამომავლო გეგმები ჩვენზე არაა დამოკიდებული. ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, როგორც ამ ვითარებაშია შესაძლებელი. თუმცა, სახლის პირობებში ეს საკმაოდ რთულია.



მკითხველის კომენტარები / 5 /
კორონა ვირუსმა ერ გატეხა და ვერ გააკოტრა ქართული კლუბები,ისინი ისედაც ღატაკები არიან
ბაჩი
20:17 14-05-2020
0
თელავი ძალიან სუსტია და თავის კუთვნილ ადგილს უნდა დაუბრუნდეს მეორე ლიგას
gurjaani
10:38 24-03-2020
0

სიახლეები პოპულარული