გიორგი კოხრეიძე: თებერვალში ვარჯიშს შევუდგები - მაკედონიასთან გავიმარჯვებთ

AutoSharing Option
“საბურთალოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გიორგი კოხრეიძემ რომ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს ესპანეთში გადის, უკვე კარგა ხანია იცით. “კოხრეს” ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით და ევროპაში დავუკავშირდით.

– გიორგი, როგორ მიდის რეაბილიტაციის ეტაპი, რას გეუბნებიან ექიმები?
– მახარებს, რომ სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს. ექიმები ძალიან მაიმედებენ – მითხრეს, პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და მინდორზე იმაზე ადრე დაბრუნდები, ვიდრე ვვარაუდობდითო.

– კონკრეტულად როდის შეგეძლებათ მინდორზე გასვლა?
– ოპერაციიდან ექვს თვეში სრული დატვირთვით ვივარჯიშებ. ორი თვეა, რაც ოპერაცია გავიკეთე. თუ ასე
გაგრძელდა, თებერვალში გუნდთან ერთად შევუდგები ვარჯიშს.

– როგორი სიხშირით ვარჯიშობთ ფიტნეს-დარბაზში?
– გაწერილი პროგრამა მაქვს და კვირაში 4-5-ჯერ დავდივარ. მითხრეს, იქამდე უნდა ვივარჯიშო ხოლმე, სანამ ფეხი ტკივილს არ დამიწყებს. მაგ დონემდე რომ მივდივარ, მერე ვჩერდები.

– საინტერესოა, კორონას პირობებში როგორ ცხოვრობთ, როგორ ვარჯიშობთ?
– ესპანეთში ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის, ყველა მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში შესვლა გამორიცხულია. ქუჩაშიც კი პირბადეებით დადიან. ესპანეთში ერთ ადგილზე 6 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია.

– “საბურთალოს” რამდენიმე კვირაა ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თუ შედგა თქვენსა და ლევან კორღალიძეს შორის საუბარი?
– დიახ, დამირეკა ლევან კორღალიძემ. მომიკითხა, გამამხნევა, ჯანმრთელობა და მინდორზე მალე დაბრუნება მისურვა. მომავალ გეგმებზეც ვისაუბრეთ. “საბურთალო” მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია და ბუნებრივია, ერთმანეთის გვერდში დგომით, შრომით შეგვიძლია იმ მიზნების განხორციელება, რაც გვაქვს.

– გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა, ჩემპიონატში კი საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის. ალბათ, ადევნებთ თვალს “საბურთალოს” მატჩებს…
– დიახ, რა თქმა უნდა, ვუყურებ თამაშებს. ძალიან რთული ყოფილა ტელევიზიით ყურება, სულ მინდა მინდორზე ვიყო. მიხარია, რომ თასზე წარმატებით ვთამაშობთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ზედიზედ მეორედ ამ ტიტულის მოგება. იმედია, იმ დროისთვის თბილისში ვიქნები და ტრიბუნიდან მაინც ვუქომაგებ გუნდს. რა თქმა უნდა, თუ კოვიდ-19 ამის საშუალებას მოგვცემს.

რაც შეეხება ჩემპიონატს – თითოეულ მოპოვებულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ცხრილში სიმჭიდროვეა. უნდა ვეცადოთ, მაღალი ადგილები დავიკავოთ.

– სოციალურ ქსელებში ხშირად ტვირთავთ ფოტოებს. როგორ ფიქრობთ, თქვენთვის სასურველ წონაში ხართ?
– შეიძლება ითქვას, ჩემს წონაში ვარ. აქაურები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ წონას. კვებითაც ისე ვიკვებები, როგორც მეუბნებიან.

– ესპანურ ენას ნელ-ნელა თუ ეუფლებით?
– ელემენტარული რაღაცები უკვე ვისწავლე, ის, რაც ყოველდღიურად მჭირდება. ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს და ვფიქრობ, ესპანურს უფრო დავეუფლები.

– ზემოთ თქვით, იმედია მაგ დროისთვის თბილისში ვიქნებიო. როდის ბრუნდებით?
– თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, 10 ნოემბერს თბილისში უნდა ვიყო. რამდენიმე კვირა საქართველოში გავივლი რეაბილიტაციის კურსს, იანვარში კი ისევ დავბრუნდები ესპანეთში. ბოლო ერთი თვე აქ უნდა გავიარო პროცედურები.

12 ნოემბერს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის ფინალური შეხვედრა უწევს ჩრდილოეთ მაკედონიასთან. როგორი მოლოდინი გაქვთ?
– ბოლო თამაშებმაც დაგვანახა, რომ არცერთ ნაკრებს არ ჩამოვუვარდებით. პირიქით – მეტოქეებზე უკეთ ვთამაშობთ და ვიმსახურებთ სანუკვარი ოცნების ახდენას. ჩრდილოეთი მაკედონია კარგად დაბალანსებული ნაკრებია, თუმცა დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ. ვიცი, რომ იოლი მატჩი არ იქნება, წინ დიდი ბრძოლა და შრომა მოგვიწევს, მაგრამ შეგვიძლია ამ ბარიერის დაძლევა.

csaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული