Sportall.ge-ს პასუხი ქუთაისის "ტორპედოს" განცხადებაზე

AutoSharing Option
30 ოქტომბერს ჩვენს საიტზე "ტორპედოს" პრობლემების შესახებ სტატია გამოქვეყნდა.


აღსანიშნავია, რომ სტატიის დადებიდან 2 დღეში პრობლემები მოგვარდა, 8 დღეში კი ქუთაისელთა ოფიციალურ ვებგვერდზე საინტერესო ტექსტი გამოჩნდა.


როგორც ჩანს, კლუბის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ, "გაღმა გაედავე, გამოღმა შეგრჩებაოს" პრინციპით, გუნდზე სათანადო ზრუნვის ნაცვლად ახლა ენერგია და რესურსი ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართა.

თავიდანვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ თუ სტატიის გამოქვეყნებამ რაიმე სახის
უკმაყოფილება გააჩინა, თან, თუ ამ სტატიაში დაწერილი ინფორმაცია ტყუილი იყო, 8 დღე რატომ გახდა საჭირო განცხადების გასავრცელებლად? ამ ტექსტის ავტორები ამდენი ხნის განმავლობაში რას ელოდნენ?

თავიდან ჩავთვალეთ, რომ ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ამ პრინციპით მუშაობდა, ანუ რეაქციისთვის 8 დღე სჭირდებათ და გადავწყვიტეთ, 8 დღე დავლოდებოდით. თუმცა უკუკავშირი არ ყოფილა.

ახლა თითოეულ პუნქტს ცალ-ცალკე ვუპასუხებთ.

ძალიან საწყენი და უსიამოვნო ფაქტია, ადგილობრივი მედიისგან მიიღო თავდასხმა კლუბისა და მისი უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ ისეთი ჟურნალისტის მიერ, რომელიც მალავს წყაროს - მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადების უფრო გამართულად დაწერა შეიძლებოდა, როგორღაც მოვახერხეთ და აზრი გამოვიტანეთ.

თუ ტექსტის ავტორმა არ იცის, აქ ვეტყვით, რომ ჟურნალისტიკაში წყაროს ანონიმურად შენახვა ეთიკური პრაქტიკაა და sportall.ge თავისი წყაროს ვინაობას არასოდეს გაასაჯაროებს.

რაც შეეხება თავდასხმას, კლუბის მთავარი შემადგენელი ნაწილი ფეხბურთელები და გულშემატკივრები არიან. რადგან თავად კლუბი, ერთი მხრივ, ფეხბურთელებს (არც სხვა თანამშრომლებს) დავალიანებას არ უხდიდა, მეორე მხრივ, გუნდში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას გულშემატკივარს არ აწვდიდა, ჩვენი მხრიდან სტატიის დაწერა არათუ კლუბზე თავდასხმა, არამედ "ტორპედოს" მიმართ გულისტკივილით გადადგმული ნაბიჯია (ვამცნეთ ფანებს რეალური მდგომარეობის შესახებ, გავახმოვანეთ ფეხბურთელთა პრობლემები), რადგან გვსურს, ამ უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების გუნდმა პრობლემებს თავი დააღწიოს და თავისთვის ჩვეულ დონეზე შეძლოს ასპარეზობა.

ღრმად გვწამს, რომ არა ჩვენს (და კიდევ ერთ) საიტზე დაწერილი სტატია, დავალიანების ის ნაწილი, რომელიც კლუბმა ფეხბურთელებს (სხვა თანამშრომლებს) გაუსტუმრა, გადახდილი არ იქნებოდა. შესაბამისად, "ტორპედოში" ვერც სამწვრთნელო-სავარჯიშო პროცესი აღდგებოდა და გუნდი ჩემპიონატშიც სათანადოდ გამოსვლას ვერ შეძლებდა.


რაც შეეხება ინფორმაციის სისწორეს, თავად ამ განცხადების ავტორმაც კარგად იცის, რომ სტატიაში დაწერილი ყველა ინფო აბსოლუტურად სწორი და მართალი იყო, მაგრამ მას ხელს არ აძლევს სიმართლის დაწერა; თუ რატომ, ეს ცხადზე ცხადია.

რაც შეეხება უცხოელ ინვესტორზე თავდასხმას... თუ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მასზე თავდასხმაა, ეს ნიშნავს, რომ არათუ ჩვენ, არამედ ის თვითონ ესხმის საკუთარ თავს თავისივე ქმედებებით. და თუ მაინც ჩვენს მოქმედებაზე გამახვილდა ყურადღება, ჩვენ სიმართლე გვეწერა, სიმართლე კი თავს მხოლოდ ტყუილს ესხმის.

ჩვენ წავიკითხეთ ტყუილი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია - ტექსტის ეს მონაკვეთი არის ტყუილი და ცილისწამება!

რომელიც არ იყო გადამოწმებული ან დადასტურებული თავად კლუბის მიერ - ეს ინფორმაცია იყო გადამოწმებული და დადასტურებული კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების მიერ. თუ ტექსტის ავტორისთვის ფეხბურთელები და თანამშრომლები კლუბის ნაწილი არ არიან, სჯობს ეს საჯაროდ განაცხადოთ!

ეთიკის კოდექსი მთელ მსოფლიოში ავალდებულებს ინფორმაციის ყველა მხარესთან გადამოწმებას, თუმცა ამ შემთხვევაში არავის უკითხავს ოფიციალურად რამდენად შეესაბამებოდა ანონიმურ განცხადებაზე დაყრდნობით რამდენიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სინამდვილეს. ზოგადად ასეთ ქცევას ეწოდება ცილისწამება
- „ზოგადად“ ამ ქცევას ცილისწამება ეწოდება. აქ, ჩვენი ღრმა ეჭვით, იურისტის კალამი იგრძნობა, ცილისწამებაში ხელს არ გვადებს, თუმცა ზოგადად ასე არისო... როგორც ზედა აბზაცში აღვნიშნეთ, ინფორმაცია გადამოწმებული იყო. თუმცა, რომელ ეთიკის კოდექსზეა საუბარი, საინტერესო ეს გახლავთ. სამყაროში უნივერსალური ეთიკის კოდექსი ჯერ არავის მოუგონია...

მხოლოდ იმიტომ რომ დადგა საჭიროება, ვალდებულად ვთვლით შეგატყობინოთ, რომ კლუბის ყველა ფეხბურთელს ჩარიცხული აქვს სრული ხელფასი, ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით და ვარჯიშობენ ჩვეულ რეჟიმში
- თანხების ჩარიცხვის შესახებ ტექსტის ავტორისაგან დამოუკიდებლად შევიტყვეთ... თუმცა, აღსანიშნავი რამდენიმე დეტალია: თანამშრომლებსა და ფეხბურთელებს ჩაერიცხათ სექტემბრის ხელფასი, ოქტომბრის ანაზღაურებას დღემდე ელოდებიან... ასევე, თებერვლის შემდეგ პირველად მიიღეს თანამშრომლებმა და ფეხბურთელებმა სრული ხელფასები. ალბათ, კითხვა არავის დაებადება, თუ რამ განაპირობა ეს ნაბიჯი...

ინვესტორი არასოდეს დამუქრებია რომელიმე ფეხბურთელს. იგივე ინვესტორი ყოველთვიურად რიცხავს დაფინანსებას კლუბში, რისთვისაც კლუბი მადლობელია - მადლობელია თუ არა კლუბი, ეს ფეხბურთელებმა, თანამშრომლებმა და ფანებმა უნდა შეაფასონ და არა ტექსტის ავტორმა. რაც შეეხება მუქარას, ის მაინცდამაინც შუბლზე იარაღის დადებას არ გულისხმობს, "თუ ხელს არ მოაწერ, არც წინა დავალიანებას გაგისტუმრებ". ეს ულტიმატუმზე მეტია და ჩვენ მუქარად შევაფასეთ!

ვიმედოვნებთ, რომ ეს სავარაუდო ანონიმური ფეხბურთელები, როგორც სტატიაში მოიხსენიება, არ წარმოადგენენ ამ კლუბს, რადგან ასეთი ქცევა ლახავს კლუბის ღირსებას. და თუ მართლა არსებობენ, ნამდვილად არ იმსახურებენ აქ თამაშს - ისინი არ იმსახურებენ თამაშს ამ კლუბის სახელისთვის, არ უნდა ატარებდნენ ამ კლუბის ფერებს, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ცილისმწამებლებს ჩვენს გუნდში - ტექსტის სხვადასხვა ნაწილი რომ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს ბოლოსწინა აბზაცში ყველაზე აშკარაა. პირველ ნახევარში ეწერა, დაუდასტურებელი ინფორმაციააო, ახლა ანონიმური ფეხბურთელები არიანო... ჯერ ერთი, ჩვენს სტატიაში არსად ყოფილა აღნიშნული, წყარო ფეხბურთელი იყო, თანამშრომელი, "ტორპედოს" ბაზის თავზე მფრინავი ჩიტი თუ მეგი სანებლიძე. ტექსტის ავტორმა დაუდასტურებლად დაადო ხელი ფეხბურთელებს და მათ ცილისმწამებლები უწოდა და განაცხადა, რომ სიმართლის მთქმელის ადგილი "ტორპედოში" არ არისო.

ვინ ვის ცნობს, ეს კიდევ სხვა საკითხია, თუმცა, თუ ვინმე განტევების ვაცის ძებნას დაიწყებს, მას მედიასა და ფეხბურთელებს შორის ვერ იპოვის.

საერთო ჯამში, ეს განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიასა და გუნდის ფეხბურთელებზე თავდასხმა, რაც მიუღებელი და ძალიან სამწუხაროა.

sportall.ge შექმნის დღიდან ქართული სპორტის სამსახურშია. არაერთი სტატია და მასალა მოგვიმზადებია ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ, არაერთი სიხარული გაგვიზიარებია და შეგვიტყობინებია საზოგადოებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ქუთაისური კლუბის სათავეში, ჩვენი გამოცემა ყოველთვის სიხარულით გაგაცნობთ "ტორპედოს" შესახებ დადებით ინფორმაციას და იქ არსებული პრობლემების შესახებ გულისტკივილით შეგატყობინებთ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვენი საიტის პუბლიკაციები რატომ ეხვევა ცალმხრივად გაშუქების მცდელობებში?? კლუბი ამბობს მსგავსი არაფერი ყოფილაო და გინდა თუ არა საპირისპიროს ამტკიცებთ!! მაგარი გათქვეფილი ხართ სპორტულ სამყაროში, ამიტომ ნეიტრალური გამშუქებლის ფუნქცია და იდეა დაკარგული გაქვთ არადა მედიისთვის ნეიტრალური გამშუქებელის მოვალეობა მთავარ ფუნქციას წარმოადგენს. სპორტალი ჩვეულებრივი მხარეა ბევრ საკითხში. დაახლოებით ამდაგვარი ტექსტი დავწერე და და პირველ ჯერზე არ გამოაქვეყნეთ :)))))
aguli_11
10:32 18-11-2020
3
ქუთაისლებო,ფაბიო რაფერ გყავთ სიმონ?
ვლადიმერ ილიას ძე ლენინი
12:47 17-11-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული