ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამომ" "მერანი" 3:0 დაამარცხა და მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ამ ფაქტს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია გამოეხმაურა:
"დინამო" ჩემპიონია! დინამოს ყველა გულშემატკივარს ვულოცავ მე-18 ტიტულს.
წელს განსაკუთრებულად რთული სეზონი გამოდგა, რასაც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული პრობლემებიც დაერთო, თუმცა ერთად დგომით დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ "დინამო თბილისი" საქართველოს საუკეთესო კლუბია. იყო ბევრი პრობლემა, რასაც ევროთასზე განცდილი ფიასკოც დაემატა. ამ ყველაფერს ჩვენი გუნდი ბოლომდე აანალიზებს და ჩემი მხრიდან დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი სეზონისთვის "დინამო"
უფრო ძლიერი დაბრუნდება და აუცილებლად გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს.
მინდა ყველას მადლობა ვუთხრა დღევანდელი შედეგისთვის, გაზონის მომვლელიდან დაწყებული, სამწვრთნელო შტაბით დამთავრებული. ერთად ყოფნით ჩვენ უფრო მეტს მივაღწევთ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ეს გამარჯვება პირველ რიგში მათ ეძღვნებათ. მადლობა გუნდის თითოეულ ფეხბურთელს, რომელმაც ბოლომდე ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების და დღევანდელ ტრიუმფამდე მოვიდა. "დინამო თბილისი" ჩემპიონია!", - წერს რომან ფიფია კლუბის საიტზე.