ლევან კორღალიძე: ვიცი, რა საქმიანობასაც შევეჭიდე. მჯერა, მალე ყველაფერი კარგად იქნება

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ "საბურთალოს" საიტმა მწვრთნელ ლევან კორღალიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- ლევან, „სამტრედიასთან“ მატჩის შემდეგ სეზონი წარუმატებლად შეაფასეთ. რომ განვავრცოთ - რამ გამოიწვია ეს შედეგი?
- „საბურთალო“ წლებია უკვე, რაც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. გუნდი მოკლე დროში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, დაეუფლა თასსა და სუპერთასს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სეზონი წარუმატებლად დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ „საბურთალოს“ შუა სეზონიდან შევუერთდი, შედეგზე პასუხისმგებელი თავად ვარ. ამას არა აქვს მნიშვნელობა, მე დავაკომპლექტე გუნდი, თუ არა. ამჟამად, კლუბის მთავარი მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობაც მე მეკისრება.

ვიცი,
რა საქმიანობასაც შევეჭიდე. მჯერა, მალე ყველაფერი კარგად იქნება. გვერდში დგომასა და სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ კლუბის ხელმძღვანელებისგან - ტარიელ ხეჩიკაშვილისგან, კახა კაშიასგან, კახა ამირიძისგან და ყველა იმ ადამიანისგან, ვინც „საბურთალოში“ მუშაობს. მათი მხარდაჭერა და ყველა იმ ადამიანების გვერდში დგომა, მაიმედებს და ძალას მმატებს. ხელმძღვანელების ხელშეწყობა რომ არ მქონოდა, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი.

- რომ გადავავლოთ თვალი, ხანდახან დიდი ისტორიის მქონე კლუბებიც ვერ ახერხებენ სასურველი მიზნის მიღწევას…
- ხდება ხოლმე, რომ სეზონი წარუმატებლად სრულდება, ამაში ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა… მთავარია, ეს ყველაფერი სწორად გავაანალიზოთ, თუ რამ განაპირობა ეს შედეგი. კიდევ ერთხელ განვმეორდები - კლუბის ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი, ყველა გვერდში მიდგას, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.

- ძალიან მტკივნეული იყო მარცხი თასის ნახევარფინალში „გაგრასთან“, მით უფრო მაშინ, როდესაც პირველი და მეორე ეტაპი „დინამოსთან“ და „ტორპედოსთან“ გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა. რა მოხდა იმ შეხვედრაში?
- პირველ რიგში ვულოცავ „გაგრას“ თასის მოპოვებასა და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. ამავდროულად, ჩემი პატივისცემა ამ კლუბს, თუმცა ვიტყვი, რომ ვალდებულები ვიყავით ხსენებული თამაში მოგვეგო. თასის გათამაშება კარგად დავიწყეთ, ორი ძლიერი გუნდი გამოვთიშეთ ასპარეზობას და ახლოს ვიყავით თასის მეორედ მოგებასთან, მაგრამ… აღნიშნული მარცხი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში სამუდამოდ დარჩება, როგორც იმედგაცრუება.

„გაგრასთან“ შეხვედრაში მოტივაცია დაგვაკლდა, ამავდროულად ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ ეს ჩვენს მარცხს არ ამართლებს. ფეხბურთი ამით არის საინტერესო, რომ ძლიერი ყოველთვის ვერ იმარჯვებს.

- ტრავმები ახსენეთ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „საბურთალომ“ წლეულს წარუმატებლად იასპარეზა ხშირი ტრავმიანობა და მოკლე სკამი იყო. თებერვლიდან გუნდს გიორგი კოხრეიძეც შეუერთდება, რომელიც „საბურთალოსთვის“ დიდი ძალაა. ანალოგიური მომავალ წელს რომ არ განმეორდეს, ალბათ გარკვეული ფეხბურთელების დამატება მოგიწევთ…
- გიორგი კოხრეიძე ძალიან დიდი ძალაა „საბურთალოსთვის“. მიხარია, რომ ის მალე შეუერთდება გუნდს. რაც შეეხება მოკლე სკამს - იყო შემთხვევები, როდესაც ვარჯიშზე 10 ფეხბურთელით ვიყავით და დუბლებიდან ვიმატებდით ახალგაზრდებს, რათა სრულფასოვანი ვარჯიში ჩაგვეტარებინა. თუ გავიხსენებთ „თელავთან“ საგარეო მატჩს, იმ შეხვედრაში თადარიგში მეკარე და ორი ფეხბურთელი გვყავდა.

- სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან გქონდათ შეხვედრა. როგორია „საბურთალოს“ მომავალი გეგმები?
- „საბურთალო“ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია და ასე იქნება მომავალშიც. რა მატჩებიც ჩემი ხელმძღვანელობით ჩავატარეთ, ბევრი დადებითი კონტურები გამოჩნდა, რამდენიმე კარგი თამაში ვითამაშეთ. მართალია, გორში დავმარცხდით, მაგრამ ლამაზი, კომბინაციური გოლები გავიტანეთ. გვქონდა შეცდომები, მაგრამ სწორი გაანალიზებაა საჭირო. მჯერა, შედეგიც მალე სასურველი გვექნება.

- ახლა კლუბებში სატრანსფერო ციებ-ცხელებაა. რომ გვითხრათ, ვინ დატოვა კლუბი და ვინ არიან „საბურთალოს“ ახალწვეულები?
- „საბურთალოში“ იქნება ცვლილებები, კლუბს სჭირდება ახალი სისხლი. რამდენიმე ფეხბურთელთან დავასრულეთ მოლაპარაკება, ისინი მომავალში ჩვენს კლუბში ითამაშებენ. თუმცა, უმჯობესი იქნება მათი ვინაობა ყველა იმ ფორმალური საკითხების დასულების შემდეგ გითხრათ, როდესაც ყველაფერი მორჩება. უახლოეს დღეებში გეცოდინებათ წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა.

- როდის დაიწყებთ ახალი სეზონისთვის მზადებას?
- 26 დეკემბრიდან ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით დაიწყებენ ვარჯიშს. 10 იანვრიდან როდესაც შევიკრიბებით, რაღაც დონეზე მზად რომ იყვნენ. თავდაპირველად, დედაქალაქში მოვემზადებით, შემდეგ კი თუ პანდემია ხელს არ შეგვიშლის, თურქეთში გავემგზავრებით დასკვნით შეკრებაზე.

- და ბოლოს: „საბურთალო“ აკადემიის წარმატებულ ფეხბურთელებს პირველ გუნდში აწინაურებს. ალბათ, ეს გეზი მომავალშიც გაგრძელდება…
- ყველა მწვრთნელს ფეხბურთისადმი თავისი შეხედულება აქვს. „საბურთალოში“ ისეთ მწვრთნელებს უმუშავიათ, რომლებიც აკადემიის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ. მეც ასეთ მწვრთნელებს მივეკუთვნები. ვფიქრობ, როდესაც „საბურთალოში“ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ აკადემიის განვითარება და წარმატებული ფეხბურთელების დაწინაურება იყო. ვინც დაიმსახურებს პირველ გუნდში თამაშს, მათთვის კარი ყოველთვის ღია იქნება. თუმცა, მათი ჩანაცვლება უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს.

ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ადამიანს, დაწყებული კლუბის ხელმძღვანელობიდან, დამთავრებული დარაჯამდე, ყველას დიდ მადლობას გადავუხდი, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენენ. ამას გულწრფელად ვგრძნობ თითოეულ ჩემს ფეხის ნაბიჯზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდი კომფორტია ჩემთვის, უფრო მეტი შემართებით ვარ. ერთიანობა, გვერდში დგომა, სითბო და ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული შედეგს აუცილებლად მოიტანს.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული