გაიცანით ზურა გიგაშვილი - პრემიერლიგაში მოთამაშე 19 წლის მცველი, რომელმაც კვარაცხელიას წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა

AutoSharing Option
ზურაბ გიგაშვილი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ტამბოვის" ღირსებას იცავს. ტანმაღალი (189 სმ) მცველი 19 წლის ნოემბერში გახდა, ხოლო დეკემბერში რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი. მოგვიანებით კი, ყაზანის "რუბინთან" საშინაო მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და თავად ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალება შეძლო. ჩვენ ზურას დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ.

- მოგესალმებით, ზურა. მოგვიყევი შენ შესახებ, სად დაიწყე ფეხბურთის თამაში, რომელი იყო პირველი გუნდი, როგორ მიხვედი "ტამბოვამდე"?
- პირველ რიგში, მადლობა დაინტერესებისათვის. ფეხბურთზე საქართველოში შევედი, პირველ ვარჯიშზე მამაჩემმა მიმიყვანა.
თუმცა დიდი ხანი აქ ვერ გავჩერდი. 9 წლის ვიყავი, როცა მთელი ოჯახი საცხოვრებლად თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გადავედით და რეალურად, ფეხბურთელად იქ ჩამოვყალიბდი.

თავიდან შედარებით დაბალ ლიგაში მოთამაშე კლუბში ჩავირიცხე, მეორე გუნდში ვთამაშობდი. გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე და 15 წლის ასაკში ჩემით ისტორიული კლუბი - "ანკარაგიუჯუ" დაინტერესდა. მათ კარგი აკადემია აქვთ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ამ გუნდში 3 წელი გავატარე. თავიდან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გამიჭირდა, თუმცა ადაპტაციის გავლის შემდეგ, როცა ყველაფერი მწყობრში ჩადგა, მეორე და მესამე სეზონის მანძილზე ჩემს გუნდში ყველაზე მეტი მატჩი ჩავატარე. ამ ეტაპის შემდეგ დუბლებში გადამიყვანეს და პროცესები კარგად მიდიოდა, სანამ დოკუმენტების გამო პრობლემები არ შემექმნა.
პრობლემის მიზეზი მოქალაქეობის საკითხი იყო. კლუბი თავიდან არ მიშვებდა, თუმცა სხვა გამოსავალი აღარ იყო. უნდა აღვნიშნო, რომ მათი ძალიან მადლობელი ვარ, როგორც საკუთარ შვილს, როგორც თავიანთი ქვეყნის ფეხბურთელს, ისე მექცეოდნენ.

საქართველოში მცირე ხნით დავბრუნდი. მიზანი კარიერის თურქეთში გაგრძელება იყო, თუმცა გამოჩნდა რუსეთის პირველი ლიგის გუნდის, "არმავირის" ვარიანტი. სამწუხაროდ, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ პანდემიაც დაიწყო, თამაში ვერ მოვასწარი და მალე ეს გუნდიც დაიშალა.

მოგვიანებით კარიერის "ტამბოვში" გაგრძელების შესაძლებლობა გამოჩნდა. რომ არ მოგატყუოთ, თავიდან ბევრი ვიფიქრე, რადგან უმაღლესი ლიგის გუნდია და ჩემს ასაკში აქ თავის დამკვიდრება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.

- თავიდანვე მცველად თამაშობდი?
- როგორც ყველა ქართველ ბიჭუნას, ბურთი და გოლების გატანა მეც ძალიან მიყვარდა და კარიერის პირველ წლებში თავდამსხმელად ვთამაშობდი. თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ჩემი პოზიცია არ იყო. მარჯვენა მცველად გადმოვინაცვლე, თუმცა თურქეთში მწვრთნელმა ცენტრალურ მცველად გადამიყვანა და "ანკარაგიუჯიუშიც" ამ ამპლუაში ვთამაშობდი. ყველაზე კარგად ამ პოზიციაზე ვგრძნობ თავს.

- როგორი ემოციები გქონდა, როცა გაიგე, რომ "სპარტაკთან" ითამაშებდი?
- შეუძლებელია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. "სოჭის" წინააღმდეგ დუბლებში ვითამაშე და უკან დაბრუნებისას ბიჭებს ვეკითხებოდი, სად შემიძლია "სპარტაკი" - "ტამბოვის" თამაშის ყურება-მეთქი. მატჩისთვის თვალის მიდევნებაზე ვფიქრობდი და ძირითად შემადგენლობაში აღმოვჩნდი. ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც ვიქტორ მოზესი და პონსე არიან, ცხადია, დამატებით ემოციებთან არის დაკავშირებული. თავიდან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, თუ სად ვიყავი. გამიკვირდა ისიც, რომ განაცხადში ჩემზე გამოცდილი ცენტრალური მცველები იყვნენ, მწვრთნელმა კი ძირითადში მე დამაყენა. ნამდვილად არ ველოდი და როცა დამრიგებელმა მკითხა, ვითამაშებდი თუ არა, ვუპასუხე, რომ ამხელა გზაზე სტადიონის სანახავად არ ჩავსულვარ, თუ შანსს მომცემთ, ვითამაშებ-მეთქი.

თამაშის წინ მწვრთნელმა დამარიგა, მითხრა, რომ ამ შეხვედრას ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო და შანსს ისევ მივიღებდი. მართლაც, ჩემს ასაკში უმაღლეს დონეზე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ბევრს არ ეძლევა. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი. შეხედეთ, 2 დღის წინ "სოჭის" დუბლების წინააღმდეგ ვითამაშე, ახლა კი კუთხურების დროს ჯიქიას აყვანა დამავალეს, რუსეთის ნაკრების კაპიტნისა და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის. პირველი 20 წუთი ვნერვიულობდი, თან ამდენი მაყურებლის წინაშე არასდროს მეთამაშა.

უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დამეხმარა სომხეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანი აროიანი, დაცვის ცენტრში მასთან ერთად მომიწია თამაში. შეხვედრამდე 1 დღით ადრე შევუერთდი გუნდს და კარგად ტაქტიკაც არ ვიცოდი. ვარაზდატი (აროიანი) ყველაფერში დამეხმარა, დაცვითი თამაშის სისტემა კარგად ამიხსნა.

"რუბინთან" ისევ მომეცა შანსი და უკვე ჩემი ფეხბურთი ვითამაშე. გუნდთან ერთად ვარჯიშებიც მქონდა ჩატარებული და ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. მოედანზე გაცილებით თავისუფლად ვმოქმედებდი. მიუხედავად იმისა, რომ "რუბინთან" ცუდად არ მითამაშია, ეს საკმარისი არ არის. მეტი შრომა, მეტი ვარჯიში და მეტი პროგრესი მჭირდება, ჯერ ხომ ყველაფერს ახლა ვიწყებ.

- თამაშის მიმდინარეობისას ან მატჩის შემდეგ ჯიქია ხომ არ გამოგლაპარაკებია, როცა დაინახა, რომ ქართველი იყავი?
- მეც მაინტერესებდა, მეტყოდა თუ არა რამეს, თუმცა არაფერი ყოფილა. არც თამაშამდე, არც თამაშის დროს და არც დასრულების მერე.

- ხვიჩას წინააღმდეგ თამაშის წინ მწვრთნელმა სპეციალური მითითებები მოგცა?
- დიახ, თამაშამდე მწვრთნელი კვარაცხელიას თამაშის შესახებ ბევრს მესაუბრა, თუმცა ხვიჩას ძალების შესახებ ისედაც კარგად ვიცი. ამიტომაც ვცდილობდი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღება არ მომედუნებინა, რადგან თუ მას შემობრუნების საშუალება მიეცი და სივრცე აპოვნინე, აუცილებლად დაგსჯის, ვეღარაფერს გააწყობ.
მის წინააღმდეგ ჩემს კარგ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როცა ასეთი დონის მოწინააღმდეგეს გაანეიტრალებ, თუმცა ხვიჩა ჯერ ფორმაში არაა, კორონავირუსის გადატანის შემდეგ რაღაც დრო დასჭირდება ძველ დონეზე დასაბრუნებლად. დარწმუნებული ვარ, ამას მოახერხებს.

კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და სასიხარულოა, საქართველოში ასეთი ფეხბურთელი რომ იზრდება.
თამაშის შემდეგ მწვრთნელმა მითხრა, რომ შეცდომების მიუხედავად, კარგად ვითამაშე და ყველაფერი ლოგიკურად მიდის. მე არ მინდა უცებ გამოვჩნდე და შემდეგ ყველაფერი წარსულს ჩავაბარო. ხშირად ხდება, ამობრწყინდებიან ახალგაზრდა ვარსკვლავები და შემდეგ ჩაქრებიან. არ მინდა ასე დამემართოს. სწორედ ამიტომ, თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და დისციპლინას ვიცავ. გამიგონია სხვებისგან, ვეწევი, ვსვამ, მაგრამ მაინც ვთამაშობო. ასე ხომ ფეხბურთელი დიდხანს ვერ გაძლებს.

- ერთ-ერთ ეპიზოდში საკმაოდ აგრესიული ვარდნა გააკეთე ხვიჩას წინააღმდეგ. ხომ არ გაგინაწყენდა?
- საკმაოდ ხისტი მოთამაშე ვარ, მიყვარს ასე თამაში. მწვრთნელი ჩემში ყველაზე მეტად სწორედ დიდ ჟინსა და მოტივაციას აფასებს. მაგ ეპიზოდამდე 2 წუთით ადრე გავაკეთე ვარდნა, სუფთად ვითამაშე და მერე ისეთი ბურთი იყო, ემოციურად იმაზეც წავედი. ლაპარაკიც კი ზედმეტია, ხვიჩასთვის ზიანის მიყენებაზე არც კი მიფიქრია, მასზე უდიდეს იმედებს არა მხოლოდ "რუბინი", არამედ მთელი საქართველო ამყარებს. როცა მოედანზე შედიხარ, ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ის ქართველია და მოდი, გავატარებ, თუნდაც გაიტანოს. მოედანზე ბრძოლა მიდის. იქ შესაძლოა, ძმის წინააღმდეგ მოგიწიოს გასვლა.

იმ ეპიზოდშიც ბურთზე თამაში მინდოდა. ცოტა აჟიოტაჟი კი მოჰყვა, "რუბინის" მწვრთნელმაც ყვითელი მოითხოვა, ხვიჩამაც გააპროტესტა, თუმცა, როცა თამაში შეჩერდა, მივედი, მოვუბოდიშე, ვუთხარი, რომ ბურთზე თამაში მინდოდა; ვკითხე, ხომ კარგად იყო, რამე ზიანი ხომ არ მივაყენე და მიპასუხა, რომ ყველაფერი რიგზეა, არანაირი პრობლემაო. 5 წუთის შემდეგ კიდევ მომიწია ვარდნის გაკეთება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ბურთს შევეხე (იცინის).

- თანაგუნდელებზე რას იტყვი? როგორ დაგხვდნენ? თან, გუნდში წარმოშობით ორი ქართველია...
- სამწუხაროდ, თეთრაშვილმა ტრავმა მიიღო, თან დისკვალიფიკაცია აქვს და მისი გაცნობა ჯერ ვერ მოვახერხე.
რაც შეეხება ვლადიმერ კობახიძეს, ძალიან კარგი ადამიანია. იყო კიდეც საქართველოში, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და რუსეთშიც ქართული კულტურით ცხოვრობს. ბევრს აინტერესებდა და მეც ვკითხე, უნდოდა თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაში და უნდა გენახათ, როგორ გაიკვირვა, რა თქმა უნდა, საქართველოში მინდა თამაშიო. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, ასეთი შეკითხვა რატომ დავუსვი-მეთქი.

კობახიძეზე არ ვამბობ, ზოგადად, ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, შენც რომ არ მოგწონს, მაგრამ რაღაცამ გაიძულა, რაღაც გეწყინა. ვგულისხმობ ისეთ შემთხვევებს, როცა იმ ნაკრების მწვრთნელი, რომელშიც თამაში გინდა, არ თვლიდეს შენს დონეს საკმარისად, არ გამოგიძახოს. ამიტომ, მარტო ფეხბურთელის დადანაშაულება სწორად არ მიმაჩნია.

მეც გამოვიყენებ შემთხვევას და ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში მინდა თამაში. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა.

- რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან თუ გაქვს კავშირი?
- მათ გარდა, ვინც ჩემს გუნდშია, ზურიკო დავითაშვილთან ვკონტაქტობ. მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს, წარმატებებს ვუსურვებთ.

- გული რას გეუბნება, რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების შემდეგ ელოდები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრას?
- მეც მეუბნებიან მაგას, როგორ არ უნდა გამოგიძახონო, მაგრამ ეგრე არ არის. აქაოდა, ორი თამაში ჩავატარე რუსეთის პრემიერლიგაში და გამომიძახეთ-მეთქი, რომ ვთქვა, არასწორი ვიქნები. ყველაფერი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელის გადასაწყვეტია. თუ დაინახავს ჩემში პოტენციალს, თუ დაინახავს, რომ თამაში შემიძლია და გუნდს გამოვადგები, ძალიან გამიხარდება. რომ არ მოგატყუოთ, ძალიან ემოციურად ველოდები ამ მომენტს და იმედი მაქვს, მოწვევას მივიღებ. თუმცა, რასაკვირველია, ეს ყველაფერი კარგი თამაშით უნდა დავიმსახურო.

- გაქვს საყვარელი ტაქტიკა, რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
- სხვათა შორის, "სპარტაკთან" კარიერაში პირველად ვითამაშე სამმცველიანი ტაქტიკით. მეგონა, გამიჭირდებოდა, თუმცა ასე აღმოჩნდა. უნდა ვაღიარო, რომ 4 მცველით თამაში უფრო მეკომფორტულება, მაგრამ პრობლემა არც სამი ცენტრალური მცველით თამაში აღმოჩნდა.

- შენი აზრით, რა სათამაშო კომპონენტების განვითარება გჭირდება?
- სისწრაფეზე ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო. მოკლე მანძილებზე სპრინტში მომატება მჭირდება, მოტრიალების ფაზაშიც. ამის პარალელურად, ძლიერი მხარეების კიდევ უფრო გაუმჯობესება მმართებს. თუნდაც ფიზიკური ძალა, მინდა უფრო ძლიერი გავხდე, მეორე სართულზე უკეთ ვითამაშო.

ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა დღევანდელ ფეხბურთში ბურთის თამაშში შეყვანასა და შეტევის დაწყებას აქვს. ეს მხარეც ძლიერი უნდა მქონდეს. თუმცა ბევრი რამ მწვრთნელზეა დამოკიდებული. ზოგიერთი სახიფათო პასის გაკეთების უფლებას გაძლევს, ზოგიც გეუბნება, რომ დაცვაში რისკი არ სჭირდება.

- კლუბში რა ვითარებაა? რუსულ მედიაში იწერებოდა, "ტამბოვში" საქმეები მთლად კარგად ვერ მიდისო...
- ქალაქ ტამბოვში არ ვთამაშობთ, სარანსკში ვართ, კარგ ბაზაზე, კარგ პირობებში. თავიდან რაღაც გაურკვევლობები იყო გუნდში, მაგრამ ყველაფერი დალაგდა. დარწმუნებული ვარ, მეორე წრიდან პრობლემა აღარ იქნება. მე თვითონ აქ თავს კარგად ვგრძნობ, მომწონს, რომ ჩემი ეიმედებათ.

- წარმატების მიღწევისათვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლება. ამ კუთხით ხომ არ გაქვს გეგმები?
- სკოლა თურქულ ენაზე დავამთავრე. საკმაოდ რთული იყო, რადგან ერთია საუბარი და მეორეა ბიოლოგიისა და ქიმიის თურქულ ენაზე სწავლა. საბედნიეროდ, ყველა გამოცდა ჩავაბარე. ახლა კი რუსეთში ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში მინდა ჩავაბარო სამწვრთნელო განათლების მიმართულებაზე.

- სამ ქვეყანაში მოგიწია თამაში და ზედაპირულად რომ თქვა, რა სხვაობა დაინახე?
- თურქეთში თამაშისას, რაც ყველაზე მეტად გხვდება თვალში, ეს დისციპლინაა. ჩემს გუნდშიც უმაღლეს დონეზეა ეს საკითხი აყვანილი. იგივე რუსეთზეც შეიძლება ითქვას. ცოტა უხეშად კი გამომდის, მაგრამ საქართველოში ამ კუთხით ძალიან უკან ვართ. არადა, ამ სამ ქვეყანაში მითამაშია და პირდაპირ ვიტყვი, რომ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორებიც საქართველოში არიან, მე არც თურქეთში და არც რუსეთში არ მინახავს. ქართველები ისეთი ტექნიკურები არიან, ბურთით ისე მოქმედებენ, ვერც თურქი და ვერც რუსი მოთამაშეები ვერ შეედრებიან.

- რომელია შენი ოცნების გუნდი?
- ჩემი საოცნებო კლუბი ლონდონის "ჩელსია", ძალიან მინდა "სტემფორდ ბრიჯზე" გამოსვლა. ჩემი ოცნებაც და მიზანიც პრემიერლიგაში თამაშია. მიმაჩნია, რომ თუ თავს არ დავზოგავ და მოვინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ, როგორ ისვენებ, როგორ ერთობი?
- ბოლო პერიოდში დუბლებიდან ძირითად გუნდში რომ გადამიყვანეს, ვარჯიშებზე ძალიან ვიღლებოდი და დასვენების გარდა, არაფერზე ვფიქრობდი. თუმცა უკვე შევეჩვიე და თავისუფალ პერიოდებსაც ვპოულობ.
ოჯახიდან ძალიან შორს ვარ და ამიტომ, ვცილობ მაქსიმალურად დიდი დრო მათთან საუბარს დავუთმო. ველაპარაკები მშობლებს, დებს, ვესაუბრები ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდა. ამის გარდა, ხშირად ვკითხულობ წიგნებს. კლუბში კი მაძალებენ, ენის გასაუმჯობესებლად რუსული წიგნები იკითხეო, მაგრამ ეგრე კარგად არ ვიცი ჯერ, ქართულად და თურქულად კითხვა მირჩევნია.

ამის გარდა, სერიალებსაც ვუყურებ, თუმცა მეტ დროს ვარჯიშში ვატარებ. აქ ტრენაჟორები გვაქვს, სტადიონიც არის, მე და კობახიძე ხშირად მივდივართ ხოლმე და ვვარჯიშობთ. ჩემთვის, 19 წლის ფეხბურთელისთვის, ადვილი არაა ფიზიკურად ძლიერ ფორვარდებთან თამაში და მათთვის სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად ძალის მომატება მჭირდება.

- რომელია შენი საყვარელი ფილმი?
- ძალიან მიყვარს ძველი ქართული ფილმები. "უძინართა მზე" ჩემი ფავორიტია. ახლებიდან კი გამოყოფა არ შემიძლია, ბევრია კარგი, თუმცა განსაკუთრებით არცერთი მომწონს.

- საუბრისას ხშირად ახსენე ოჯახის როლი. ორიოდე სიტყვით შენს ოჯახზე მოგვიყევი...
- დედაჩემი დიასახლისია. ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. თურქეთში ერთი თამაშიც არ გამოუტოვებია. სულ მამხნევებდა და როცა მჭირდებოდა, გვერდში მედგა. მამაჩემიც ეგრე იყო, სულ სჯეროდა, რომ შემეძლო კარგი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. დები კი ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორები არიან. ორივე ჩემზე უფროსია და მათთან საუბარი უდიდეს დადებით იმპულსს მაძლევს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე.

alt"ეს ჩემი ცხოვრების დიდი იმედგაცრუება იყო" -ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

მკითხველის კომენტარები / 17 /
ისე ჭკვიანმა და პატრიოტმა საფეხბურთო აგენტმა და ფედერაციამ უნდა იზრუნოს,რომ ნიჭიერი ახალგაზრდები რუსეთში არ მოხვდნენ,რადგან იქედან თავის დაღწევა შეუძლებელია.
ილია
19:13 23-12-2020
3
აი როგორ ხალხს უნდა ვიწვევდეთ ნაკრებში, ადამიანს რო ხვეწნა მუდარას დაუწყებ ჩამოდი შენი სამშობლოსთვის ითამაშეო, იმის თამაში საერთოდ არ მინდა სულ რომ მესი იყოს
ultranationalist
19:01 23-12-2020
1

სიახლეები პოპულარული