"TV პირველი" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, რომ "ჩიხურას" სტადიონს პოლიცია იცავს და ისინი ფეხბურთელებს სტადიონზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.
როგორც იცით, გუშინ საჩხერული გუნდის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი ერთბაშად 14 ფეხბურთელს გაუწყვიტა.
მოთამაშეები ამბობენ, რომ ეს არაკანონიერად მოხდა და მათ სექტემბრამდე შრომითი ხელშეკრულება აკავშირებდათ.
ასევე, ფეხბურთელები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ჩიხურას" ხელმძღვანელობამ ისინი თამაშის ჩაწყობაში დაადანაშაულა.
"ჩიხურას" პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თორნიკე შალამბერიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან, ფეხბურთელებს 3 თვის ხელფასი გადაუხადონ.
აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩში დღეს "ჩიხურა" "ზუგდიდს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.