"სამგურალი" სენეგალელ და "ზენიტის" ფეხბურთელს დაიმატებს - ინტერვიუ კლუბის პრეზიდენტთან

AutoSharing Option
"სამგურალის პრეზიდენტმა" მიხეილ იაშვილმა კლუბის საიტთან ინტერვიუში გუნდის სიახლეებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

- გუნდი ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება, ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა, რამდენად კმაყოფილი ხართ თამაშის ხარისხით?
- ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ და დიდი დატვირთების ფონზე გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ორივე მატჩი მოვიგეთ, რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ საკონტროლო მატჩებს სხვა დატვირთვა აქვს, ჯერ მზადების პირველ ეტაპზე ვართ, მწვრთნელები ტაქტიკურ სამუშაოებს ატარებენ, შემადგენლობებიც ექსპერიმენტალურია.

რამდენიმე დღეში გუნდი მიემგზავრება ანტალიაში, სადაც 4 ან 5 საკონტროლო მატჩს გავმართავთ.
მწვრთნელების თხოვნით, სპარინგებისთვის ძლიერი მეტოქეები შეირჩა. უკვე გარკვეულია სამი მეტოქე. ძალიან კარგი გუნდია "კოლოსი", რომელიც უკრაინის სუპერლიგაში ასპარეზობს. ასევე, ვორონეჟის "ფაკელი", ვორონეჟელები რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოს არიან და კარგი შემადგენლობაც ჰყავს, "ფაკელის" თამაშები ვნახეთ - წამყვან რუსულ კლუბებთან და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე ძლიერი გუნდია დანიური "ჰელსინგორი", რომელიც პირველი ლიგის ლიდერია. კიდევ ორი მეტოქე ადგილზე გაირკვევა. მოკლედ, ანტალიაში კარგი სპარინგები გველოდება. გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება და კარგად მოემზადება.

- გუნდის გაძლიერების პროცესი თუ გაგრძელდება?
- ვფიქრობ, საკმაოდ კარგი და დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს, თუმცა შეიძლება კიდევ დაგვემატნონ ფეხბურთელები. 4 თებერვალს ანტალიაში ველოდებით სენეგალელ ფორვარდს, რომელიც წინა სეზონში იტალიის სერია C-ს კლუბში თამაშობდა, ასევე პეტერბურგის "ზენიტის" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელს. მათ მწვრთნელები საქმეში ნახავენ და ამის შემდეგ გადაწყდება, დარჩებიან თუ არა გუნდში. მინდა გითხრათ, რომ იმედიანად ვარ განწყობილი, ვფიქრობთ, წლეულს "სამგურალი" იმაზე გაცილებით კარგი გუნდი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წელს ყველაზე საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატი გვექნება. ბათუმი, თბილისის დინამო, ტორპედო და დილა. ოთხეული ალბათ ასეთი იქნება
დონალდ ჯუსი
12:06 31-01-2022
0

სიახლეები პოპულარული