კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს

AutoSharing Option
როგორც გენიალური ქართველი მსახიობი ვასილ ჩხაიძე გენიალურ ქართულ ფილმ "შერეკილებში" ამბობს, "დადგა ჟამი ჩვენი განშორებისა!" მალე ცათმფრენი ჰაერში უნდა აიჭრას და მფრინავები ოცნებების ასრულების გზას დაადგნენ. იქამდე კი რთული სამუშაო პროცესის დასასრული ბათუმის წვიმიან საღამოს გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელია დინამოს გამოემშვიდობება. ახლა, როდესაც საქართველოს რეგიონების მოედნები "კვარას" ვეღარ ნახავენ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ხვიჩას საქართველოში ჩამოსვლას და ზოგადად, იმ გზაზე, რომელიც კვარაცხელიამ "ნაპოლიმდე" მამუკა ჯუღელთან ერთად გაიარა.

ხვიჩა კვარაცხელია სანამ მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდოდა, შეთავაზება ლისაბონის "სპორტინგიდან" ჰქონდა.
რეალისტურად შევხედოთ მოცემულობას: ხვიჩას უდიდესი პლუსი ტექნიკა და დრიბლინგია. მაშინ კვარა ფიზიკურად ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც ახლა. ტექნიკითა და დრიბლინგით ხვიჩას კონკურენციაში შესვლა პორტუგალიელ და ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მოუწევდა. საკმარისი იქნებოდა კი მისი პლუსები განვითარებისთვის საჭირო სათამაშო დროის მისაღებად? ალბათ, არა. პოლიტიკური და სოციალური საკითხი გვერდით რომ გადავდოთ და წმინდა სპორტული თვალსაზრისით ვიმსჯელოთ, საერთო დონის მხრივ, უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთის პრემიერლიგა პორტუგალიის სუპერლიგაზე მაღლა იდგა (უეფას საკლუბო კოეფიციენტები და ტრანსფერმარკტის მიხედვით გუნდების საშუალო სატრანსფერო ღირებულება რომ ავიღოთ). ხვიჩას "სპორტინგში" პროგრესის მისაღწევად უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, რადგან ძირითადად, თამაში "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში მოუწევდა.

ხვიჩა "რუბინში" გაიხსნა, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ სწორედ იქ ჩამოყალიბდა. ამიტომ კვარაცხელიას რუსეთში წასვლას ნეგატიურად ვერ შევაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ "სპორტინგი"-"პორტუს" თამაშის ხილვა უფრო გვესიამოვნებოდა, ვიდრე "ლოკომოტივი"-"სპარტაკის" ან "რუბინი"-"ურალის". პორტუგალიაში ხვიჩას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ჯდომა, 18 წლის ფეხბურთელი კი მხოლოდ ვარჯიშებსა და მეორე გუნდში თამაშით ვერ ვითარდება. ხვიჩა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ რუსეთში მოემზადა, მას განვითარებაში ხელი "რუბინში" შეუწყვეს და ეს რეალობაა.

მაგრამ ფეხბურთელისთვის მხოლოდ ევროპული ფეხბურთის ნაწილად გახდომა მიზანი შეუძლებელია იყოს. ასეა ხვიჩაც. ის პირველ რიგში ადამიანია, მერე - კაცი, მერე ქართველი და შემდეგ ფეხბურთელი. როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, კვარას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. გახსოვთ, "რუბინში" რთული პერიოდი რომ ჰქონდა, საქართველოს ნაკრებში როგორ თამაშობდა? ამ ადამიანს საკუთარი ქვეყანა ფეხბურთზე მეტად უყვარს, საქმიანობის იმ სფეროზე მეტად, რისი წყალობითაც ცნობილი, დაფასებული და წარმატებული გახდა. ეროვნულ გუნდში ხვიჩას 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მასთან ერთად ნაკრები მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა. ხვიჩამ კი საპასუხოდ გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის ჩემპიონატი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე არ დატოვა. ხვიჩას წამოსვლას ომის გაჩერება არ შეეძლო, ფეხბურთელი არც "რუბინში" აპირებდა დარჩენას, ომის საწინააღმდეგო პოსტი "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა. მეტი რა უნდა ექნა? იარაღი აეღო ხელში და საბრძოლველად წასულიყო?

გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორია - მისი კრიტიკის დროს ხშირად გამოიყენებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც, უკრაინელები ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან, ჩვენი კარგად ესმით და ქართველ ფეხბურთელს რუსეთი მანამ უნდა დაეტოვებინა, სანამ ამას სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააკეთებდნენ. უკრაინელებისა და ჩვენი მეგობრობის საკითხი ნათელია; ჩვენც და ისინიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში რომ ვართ ჩართულები, ესეც, თუმცა ერთი არაპოპულარული შეკითხვის დასმაც შეიძლება: თუ უკრაინელებს ჩვენი ყველაზე კარგად ესმით და ჩვენი ერები ერთმანეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე რომელიმე სხვა დასავლურევროპულ ხალხთან, 2008 წელს, საქართველოში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ჩემპიონატიდან რატომ არცერთი უკრაინელი არ წამოსულა? რაც უკრაინელებს არ გაუკეთებიათ, ზუსტად იმის გამო რატომ ვლანძღავთ და ვაგინებთ იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთით მთელი ჩვენი საზოგადოების გახარებას ახერხებს?!

და ვისი დამსახურება იყო მისი კარიერის მსგავსი განვითარება? მხოლოდ კვარაცხელიასი? იქნებ აგენტისაც? ამ საკითხზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან მამუკა ჯუღელზე კარგის თქმისგან ჩვენი კოლეგები თავს იკავებენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსული ტერმინებით საუბრობს და ფეხბურთელები რუსეთში მიჰყავს. ბრიტანეთმა არგენტინას ფოლკლენდის კუნძულები წაართვა, მათთან ბრძოლაში ათასობით არგენტინელი დაიღუპა და ის არგენტინელი აგენტები, რომლებსაც ფეხბურთელები ინგლისში მიჰყავთ ან თავად ნისლიან ალბიონზე გადასული მოთამაშეები ქვეყნის მოღალატეები არიან? ეს ფეხბურთის სფეროა, სპორტის და არა ომის. აქ საუბარი ომზე გვაქვს და არა პოლიტიკაზე. ცხადია, სპორტსა და პოლიტიკას შორის დიდი კავშირი არსებობს, მაგრამ ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, რადგან პოზიტიურ პოლიტიკურ კავშირებს ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებიც ინარჩუნებენ. რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი 8 წელია ოკუპირებული აქვს, ჩვენმა მოძმე ქვეყანამ კი მოსკოვიდან ელჩი მხოლოდ მას შემდეგ გამოიწვია, რაც რუსებმა კიევის აღება დააანონსეს.

მამუკა ჯუღელს კი ფეხბურთელები რუსულ კლუბებში მიჰყავდა, გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას აძლევდა, ვიდრე ბევრს შეეძლო. მოთამაშეები იმაზე გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე სხვა ქვეყანაში გადაუხდიდნენ. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ძალიან დიდი ნაწილის აგენტი მამუკა ჯუღელი იყო. რეალურად რომ შევხედოთ, ამ ადამიანს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. თემურ ქეცბაიას ყველა ჩვენგანი ტაშს უკრავდა, როცა ანორთოსისში ქართველი მოთამაშეები წაიყვანა და სანაკრებო მატჩების წინ სათამაშო პრაქტიკა მისცა. მაგრამ რატომ უნდა დავუკარგოთ მსგავსი საქმეები ჯუღელს? თან, თითქმის 20 წლის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეები ევროპის სიძლიერით მეექვსე ლიგაში მიჰყავდა და არა მხოლოდ მიჰყავდა, იმასაც ახერხებდა, რომ მის ფეხბურთელებს ეთამაშათ.

კიდევ ერთი საკითხია, რა კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ აგენტის მუშაობა? მას ვალდებულება ფეხბურთელსა და მის ოჯახთან აქვს. თუ მოთამაშე კმაყოფილია, ნიშნავს, რომ აგენტი კარგად მუშაობს.

ყვავს თავისი ბახალა ულამაზესი ეგონაო, ეგრე ვართ ჩვენც. გვგონია, რომ საქართველოში ისეთ ფეხბურთელებს ვზრდით, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თუ არა, "დორტმუნდსა" და "აიაქსში" მაინც უნდა თამაშობდნენ. არადა, რეალობა სულ სხვანაირია. 21-ე საუკუნეში საქართველოდან წასულმა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აიწყო ხანგრძლივი, წარმატებული კარიერა ევროპის ტოპ 5 ლიგაში და ეს ზურაბ ხიზანიშვილი იყო. გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს ახლა იწყებს...

კიდევ ვიღაცებს მამუკა ჯუღელის რუსული ტერმინებით საუბარი არ მოსწონს. არადა, თითოეული ჩვენგანი რამდენ რუსულ სიტყვას ვამბობთ დღეში? მაინცდამაინც ინგლისურ-ფრანგული სლენგებით უნდა ისაუბროს ადამიანმა? პაღდოონ! ამიტომ, რუსული სიტყვების გამოყენებისათვის ადამიანის გაკრიტიკება სრულიად უადგილოა, რამდენადაც უნდა გვეზიზღებოდეს რუსეთის სახელმწიფო და მისი დიქტატორი. რუსი არაა სლუცკი, რომელმაც კვარაცხელიას განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა?!

მამუკა ჯუღელმა კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილება ნუკრი რევიშვილსა და ლადო დვალიშვილთან ერთად მიიღო. ცხადია, ეს ხვიჩას სურვილიც იყო. ბუნებრივია, კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადმოსვლას ვგულისხმობთ. ხვიჩა ჩამოვიდა თუ არა საქართველოში, სტადიონები გაივსო, თბილისის "დინამოს" თამაშზე ათობით ათასი ადამიანი მოვიდა, როცა ჩემპიონატის შეხვედრებს რამდენიმე ასეული გულშემატკივარი ესწრება. ეს იყო ის საჩუქარი, რაც მამუკა ჯუღელისა და ხვიჩა კვარაცხელიასგან ქართველმა გულშემატკივარმა მიიღო. როდის ითამაშებს 18 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგაში? როდის ნახავს მაყურებელი წყალტუბოს სტადიონზე "ნაპოლის" დონის მოთამაშეს? მას შემდეგ, რაც ჯუღელმა კვარაცხელიასა და დავითაშვილისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვება მოახერხა, ხვიჩას თურქული გრანდები იწვევდნენ. 3 თვეს "გალათასარაის", "ფენერბაჰჩეს" ან "ტრაბზონსპორის" მაისურით გაატარებდა, სატრანსფერო ღირებულებაც მოიმატებდა, მეტ გასამრჯელოს გამოიმუშავებდა, მაგრამ საქართველოში წამოვიდა. ეს არ უნდა აღვნიშნოთ, არაფერი უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებმა დიდი ფეხბურთი ქართულ სტადიონებს დაუბრუნეს?

ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვინახავს ბოლო პერიოდში, რომლებმაც კარიერაში ბევრ ვერაფერს მიაღწიეს. შესაძლოა, ხვიჩას დარი ტალანტი არ ჰქონდათ, თუმცა იმდენი მაინც შეეძლოთ, იტალიის სერია A-ს საშუალო დონის გუნდში მაინც მოხვედრილიყვნენ, თუმცა ვერ შეძლეს. მამუკა ჯუღელმა კი პასუხისმგებლობა აიღო და კვარაცხელია "ნაპოლიში" იდეალურ დროს მიიყვანა. ტექსტი შერეკილების ციტირებით დავიწყეთ და ეგრე დავასრულებთ კიდეც. ხვიჩას მომავალზე საუბრისას, მისი ტრანსფერის განხილვისას ძალიან ბევრს თავი პროფესორად მოჰქონდა და ამბობდნენ, მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას კარგ გუნდში ვერ წაიყვანსო, მაგრამ "ვინ ყოფილა გამოტვინებული?"

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 76 /
""როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს"' ანუ? ომი რომ არა რა სტატის დაწერდით ნეტა.. შარშან არ ნიშნავდა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს?
LLL
01 ივლისი 2022 11:08
2
კარგი სტატიაა და ვეთანხმები. 2008-ში რუსები მშვენივრად გულაობდნენ უკრაინაში და პირიქით
gigi
29 ივნისი 2022 16:37
6
ჩემი კომენტარი არ მოგეწონათ თქვე მიკერძოებულებო?
ზურა
29 ივნისი 2022 12:44
0
წინა ზაფხულს რატომ ვერ წამოიყვანა ჯუღელმა კვარაცხელია რუბინიდან? ომი რომ არ ყოფილიყო ხვიჩა რუსეთს იყო ნაჩუქარი ჯუღელისგან სამუდამოდ. წინა ზაფხულს გამოჩნდა ვინ ვის რას უპირებდა.
T.b
29 ივნისი 2022 11:02
4
Abuashvili wavida portoshi da mesame gunds ver gacda.
Gabo
29 ივნისი 2022 07:12
9
უცნაური სტატიაა, ღმერთმანი. ბოლომდე მაინც ვერ გავიგე რას ემსახურება... გამოდის, რომ ბატონი მამუკა იმთავითვე ცდილობდა ხვიჩას ნაპოლიში წაყვანას და ამისთვის მიზანმიმართულად გამოიყენა რუბინი. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და ხვიჩა ნაპოლიში აღმოჩნდა. არადა, საინტერესოა, რომ არა ეს დაწყევლილი ომი, ფიფას საგანგებო წესები და რომ არა ბრწყინვალედ ჩატარებული სანაკრებო თამაშები, ეს მაინც მოხდებოდა? რა ვუყოთ, რომ მახსოვს ბოლო სეზონი პრემიერლიგაში, სტატისტიკა და გამოხმაურებები, მახსოვს ბოლო სატრანსფერო ფანჯარაც ომამდე, მახსოვს ინტერესებიც და რუბინის მიერ მოთხოვნილი ფასიც და ის ცუდი გრძნობაც მახსოვს, რომ ასე რუბინი ხვიჩას არასდროს გაუშვებდა?!
გოჩა
29 ივნისი 2022 02:44
3
რაგავაკეთო, ვერანაირი ლამაზად დაწერილი სტატია ვერ მაფიქრებინებს იმას, რომ რუსეთში უფრო განვითარდება ჩვენი ფეხბურთელი ვიდრე ევროპაში. პოლიტიკა რომ გვერდზე გადავდოთ ერთ წამს, ჯერ რომელი საფეხბურთო ქვეყანა რუსეთი არის, რომელმა ითამაშა დიდი ფეხბურთი რუსული კლუბიდან წასულმა (არშავინი ერთი, სხვა?)
ჯერ რა კლიმატია, მინუს 40 გრადუსში რომ ფეხბურთს ითამაშებ...
კარგით რა ხალხო, ისე გამოგყავთ, ვითომ რუსეთის იქეთ გზა მოჭრილი გვაქვს ყველგან, იმდენად უნიჭო და უპრსპექტივო ფეხბურთელები გვეზრდება, რუსეთმა თუ არ გვიშველა ისე ვის რად ვუნდივართ. წლებია ამას გვინერგავდნენ რუსები ტვინებში, რომ მათ გარეშე არ ვარგივართ და რატომ უნდა მიაღწევინოთ თავიანთი მიზნებისთვის?
მეგობრებო! კოლუმბიაში, ურუგვაიში, ბრაზილიაში ფეხშიშველი და მშიერი ბავშვები თამაშობენ მეტწილად ფეხბურთს და მერე ვარსკვლავები ხდებიან, ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ ისე ჯანსაღად იზრდებიან ის ბავშვები , რომ მაინცდამაინც ჩვენებს აქვთ მიდრეკილება ტრავმისკენ, მანდამაინც ჩვენიანის კუნთი და ძვალი იზრდება არასწორად და იმათი სწორად??
ჩვენი სისუსტე არის შრომისმიყვარეობა და მოტივაცია, რაც არ აქვს ქართველს და ძირითადი მიზეზი ეგ მგონია, რის გამოც ვერ ვართ მაღალ დონეზე. ხვიჩასნაირი ბავშვი რომ გეყოლება ქვეყანას, რომელსაც თანდაყოლილი აქვს ნიჭიც, შრომისმოყვარეობაც და მოტივაციაც, იმაზე როგორ უნდა თქვა ყვავს თავის ბახალა ლამაზი ეგონაო...
რატომ არ უნდა მეგონოს "ლამაზი", თუ ვინმეს მაგხელა ნიჭს და მონაცემებს შევამჩნევ? რომელი მაღალი დონის გუნდთან თუ მცველებთან ვერ აჩვენა თავისი თავი? რომელ ასპექტში დაიჩაგრა მათთან? ესპანეთს როგორც თანასწორი ისე ეთამაშა და უკეთესადაც კიდე. რატომ არ უნდა მეგონოს მაღალი დონის მოთამაშე ამიხსენით? და მისი ეს უნიკალური თვისებები რუსეთს გინდათ მიაწეროთ??
ფიზიკურად სუსტი იყო და ევროპაში ვერ გაქაჩავდაო, რუსეთი რომ არა ახლა ამ დონეზე არ იქნებოდაო...
შეიძლება სხვაზე თქვა ეგ მაგრამ ხვიჩა როგორ უნდა გარიო ამ ამბავში?
სულ პირიქით მგონია ყველაფერი, რუსეთი რომ არა ევროპული საფეხბურთო ქვეყნებისთვის ასეთი უცხოები არ ვიქნებოდით, ჩვენს ბავშვებს თავიდანვე დააკვირდებონენ და წაიყვანდნენ, რუსეთი რომ არა 19 წლის საუკეთესო ფორმაში მყოფი ხვიჩა უკვე იქნებოდა რომელიმე ევროპულ გუნდში.
რუსეთი რომ არა არ დამალავდნენ შემოთავაზებებს და მერე ირონიულად არ გვეტყოდნენ თქვენ გააპიარეთ თორე ისე ვის რად უნდაო..
რამხელა სტრესი იქნებოდა ეგ 20 წლის ბიჭისთვის გიფიქრიათ მაგაზე?
ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებს ყოველთვის ეჭვით ვუყურებთ, ზემოდან ჩაგვძახეს ასე, ან მეორე უკიდურესობაში ვვარდებით და ჩვენზე კარგი არავინ გვგონია.
მე არ მიყვარს საკუთარი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალება მაგრამ ომი რომ არ დაწყებულიყო ხვიჩას კარიერა განწირული იყო რუბინში. როგორც შარშან გაუკეთეს და დაუგდეს მოტივაცია ბოლომდე ისე უზამდნენ ყოველ წელს, სანამ სადმე განათხოვრებული არ აღმოჩნდებოდა ურალებში და როტორებში.
ევროპის დონის ტალანტი რომ გადმოგიგდო ღმერთმა, იმაზე მაინც ნუღა ამბობთ რუსეთი რომ არა ვერაფერს მიაღწევდაო.
იმედია არ შეუწყობთ ჩვენი ბავშვების რუსეთში გასვლას ხელს, ევროპაში არ ვუნდევართ და აგერაა რუსეთიო, ნუ ნერგავთ ამ მოსაზრებებს გთხოვთ!


იმედია გამოაქვეყნებთ ჩემს სიმართლეს და დისლაიქებს აღარ დავეძებ :))
Sommer
29 ივნისი 2022 00:00
4
ნიგზარ აი ხედავ და სხვებსაც ვეუბნები--აქსიომას წერს ნუგზარი და ფაქტები სახეზეა მაგრამ 2 პრაძვინუწი პააწრიოწი მაინც არ ეთანხმება !@ მაგათ რომ კითხო ხვიჩა და ზურიკო რუსებმა დაღუპეს და ჩაკვეტაძეს და ყენიას კი ევროპელებმა დიდი ფეხბურთისკენ გაუხსნეს გზა @@
zura222
30 ივნისი 2022 10:49
0
შეადარეთ როგორ ზრუნავდნენ კვარაზე რუბინში და ჩაკვეზე გენტში. ჯუღელი კვარას ოჯახის ახლობელია, მოგწონთ თუ არ მოგწონთ ფაქტია რომ რუბინში შვილივით უვლიდნენ. იგევე ყენია შალკეში, მაგათის დანგრეულია მისი კარიერა. იქ შენი პრობლემები და პიროვნული ფაქტორი სულ ჰკიდიათ, მწვრთნელს შედეგის გარდა არაფერი აინტერესებს. ფაქტია რომ სიომინიც შვილივით ექცეოდა კვირკველიასაც და ასათიანსაც. ორივემ თავისი კარიერით შეძლეს დარჩენილი ცხოვრება არ იმათხოვრონ და ღირსეულად გაატარონ. შეეძლოთ უფრო მეტი? ალბათ კი, მაგრამ არავინ იცის რა მოხდებოდა.
ნუგზარი
29 ივნისი 2022 19:23
3
კალაძეს არ ქონდა კარიერა ევროპაში?
გიორგი
28 ივნისი 2022 23:22
0
საქართველოდან პირდაპირ ტოპ 5 ლიგაშიო! საქართველოდანო! კალაძე კიევის დინამოდან წავიდა.
ნუგზარი
29 ივნისი 2022 19:11
0
Rusetshi satamashot wasvla saqartvelodan win gadadgmul nabijad chaitvleboda,magram charchena icodnen sul iqedan wamosvla agaravis undoda,gaugebaria Ratom unda itamasho uralshi,ufashi,tulashi....5,6,7 weli
Givi
28 ივნისი 2022 22:11
0
შენ, კომენტარებს ვინც ამოდეტირებ - რა დაინახე კომენტარში “სტატიის ავტორი ვინ არის", ისეთი, რომ არ გამოაქვეყნე? :)
მიჩინიო
28 ივნისი 2022 21:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული