დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონი გახდა: მეცხრამეტედ ისტორიაში! ბოლო, 36-ე ტური გაიმართა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ყველა ადგილი დალაგდა და დარჩა მხოლოდ პლეი-ოფები.
დინამო თბ 2:1 გაგრა
დინამო თბილისი მოგების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა და საქმე ბოლომდე მიიყვანა კიდეც. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა დინამო არენაზე გაგრას 2:1 სძლია. თბილისელთა ორივე გოლი ლამაზი იყო, ორივე შორიდან გავიდა...
პირველ ტაიმში კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გაიტანა, მეორე ტაიმის შუაში კი ულად-ომარ იმრანმა მეორე დაამატა. გაგრას ფორვარდმა თამაზ მაქაცარიამ 73-ე წუთზე შეამცირა სხვაობა. საბოლოოდ, დინამომ საჩემპიონო თამაში მოიგო, გაგრა
გაგრას ფლეი-ოფი მოუწევს სპაერთან, რომელიც ლიგა 2-ში მეორე ადგილზე გავიდა.
დინამო (ბთ) 2:2 ტორპედო
ბათუმელებს უნდა მოეგოთ და თან გაგრას იმედზე უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა საბოლოოდ, ეს არ მოხდა: დინამო ბათუმი მეორე ადგილზე გავიდა. ზაფხულისთვის 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდნენ, თუმცა...
ტორპედოსთან შეხვედრა 2:2 დასრულდა. გია გეგუჩაძის გუნდი 35-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა, როცა მეკარისგან მოგერიებულ ბურთს დაამატა. პირველი ტაიმის ბოლოს ირაკლი ბუღრიძემ ახლოდან ერთ შეხებაში დარტყმით გაათანაბრა. მეორე ტაიმის შუაში გიორგი არაბიძის პენალტმა ქუთაისელები დააწინაურა, მაგრამ მსაჯის დამატებულ წუთებზე მათე ვაწაძემ ახლოდან დაასწრო ყველას და 2:2.
ტორპედო მეხუთე ადგილზე გავიდა და წინ თასის ფინალი ელის ლოკომოტივი 2-თან.
საბურთალო 0:1 თელავი
თელავს ქულები სჭირდებოდა, რათა ფლეი-ოფის ზონას ასცდენოდა და ეს მოახერხა: საბურთალოს მოუგო. 75-ე წუთზე თელაველთა ფლანგელმა მირიან ჯიქიამ ჩააწოდა და საბურთალოელ გიორგი ჯგერენაიას საკუთარ კარში აეჭრა ბურთი - 0:1.
თელავი მეშვიდე ადგილზე გავიდა, ხოლო საბურთალო - მეექვსეზე. საბურთალოელებმა სეზონის ბოლო ნაწილი სუსტად ჩაატარეს.
სიონი 5:2 ლოკომოტივი
შვიდგოლიანი მატჩი ბოლნისში: სიონმა 5:2 მოუგო აუტსაიდერ ლოკომოტივს, რომელმაც სეზონი 8 ქულითა და 101 გაშვებული გოლით დაასრულა.
სიონი მე-14 წუთისთვის 2:0-ს იგებდა ლუკა ასათიანის თავურითა და ივან ფოცხვერიას პენალტით. შემდეგ ლოკოდან ლევან თავზარაშვილმა შეამცირა სხვაობა, რასაც ბოლნისელთა განელი რამინ დოობის გოლი მოჰყვა და ტაიმი 3:1 დასრულდა. მეორე ტაიმში მიხეილ ქოჩაკიძის გოლმა სიონის უპირატესობა გაზარდა. ამას 64-ე წუთზე მოჰყვა გიორგი უგრეხელიძის გატანილი და 5:1, ხოლო ერთ წუთში ლოკომოტივის ფეხბურთელმა რევაზ ბუშელაშვილმა ახლოდან დარტყმით დაასრულა კომბინაცია. საბოლოოდ 5:2.
საინტერესო ფაქტი: ამ მატჩში 5-მა ფეხბურთელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად გაიტანა გოლი... დოობიმ, უგრეხელიძემ, ქოჩაკიძემ, თავზარაშვილმა და ბუშელაშვილმაც. სიონი მერვე ადგილზე გავიდა და ფლეი-ოფში შეხვდება ლიგა 2-ის მესამეადგილოსან სამტრედიას.
დილა 3:0 სამგურალი
მესამე ადგილის და შესაბამისად, კონფერენციის ლიგაზე გასვლის საკითხი წყდებოდა. დილას მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, ხოლო სამგურალს ფრეც ხელს აძლევდა. საბოლოოდ, გორელებმა 3:0 მოიგეს და კვლავაც მოიპოვეს ევროსაგზური: ზედიზედ მესამე სეზონში...
აი, სამგურალს კი ევროტურნირებამდე კვლავ ცოტა დააკლდა. წინა ორ სეზონში თასის ფინალები წააგო, ამჯერად კი ბოლო ტურში მოეცარა ხელი. დილას სამივე გოლი კომბინაციური თამაშს შედეგი იყო: ანდრი დემჩენკოს გუნდიდან გოლები თორნიკე კაპანაძემ, ტიერი გეილიმ და ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანეს. ეს სპანდერაშვილის პირველი გოლი იყო სეზონში.
ამ შეხევედრისას მოქმედებდა VAR-ის სისტემა: ვიდეო მსაჯი იყო დავით ხარიტონაშვილი, ასისტენტი კი - გიორგი ელიკაშვილი.
erovnuliliga.ge