სამტრედია 1:2 გაგრა
"გაგრამ" სამტრედიაში მოიგო და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე აინაცვლა. სტუმრები კახაბერ კაკაშვილის დარტყმით დაწინაურდნენ. სამტრედიელთა მეკარე იაროსლავ ბურიჩენკოვს ბურთი ხელიდან გაუვარდა და 0:1...
მეორე ნახევარში "სამტრედიამ" გაათანაბრა. გიორგი პაპუნაშვილის დარტყმული ბურთი ხელზე მოხვდა მცველ ლუკა ნოზაძეს... არბიტრმა გიორგი ვარდიძემ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა პენალტი და ვარლამ კილასონიამაც ზუსტად დაარტყა - 1:1.
ყველაფერი ფრისკენ
"გაგრაზე" დავწერეთ, "სამტრედია" კი ბოლო ადგილზეა: პირველ ტურში მოგების მერე გუნდმა შვიდ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.
საბურთალო 3:0 თელავი
"საბურთალომ" დამაჯერებლად გაიმარჯვა: 3:0 "თელავთან". თბილისური კლუბი მეხუთე ადგილზეა, "თელავი" კი მერვეზე დარჩა. სომეხი ვარდან მინასიანის მწვრთნელობით, "თელავს" ჯერ ქულა არ აუღია: 3 მატჩი, 3 წაგება.
"საბურთალო" გიორგი ჯგერენაიას თავურით დაწინარდა. მერე ლუკა სილაგაძემ შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. მე-14 წუთისთვის უკვე ორბურთიანი იყო სხვაობა. მესამე ბურთი კი ოთარ მამაგეიშვილმა მიითვალა ტექნიკური დარტყმით.
დილა 0:3 სამგურალი
წყალტუბოს "სამგურალმა" გორში 3:0 მოუგო "დილას" და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
მე-18 წუთზე იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ პენალტი მოიპოვა, ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ გამოიყენა და "სამგურალი" ასე გავიდა წინ. მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ორივე გოლი კარგი კონტრშეტევით გაიტანეს.
ჯერ იყო, მეკარე შეცდა და ჯერალდომ ისარგებლა, ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი გიორგი ნიქაბაძე მოძებნა და მანაც ზუსტად დაარტყა - 0:2. მესამე გოლი კი შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ გაიტანა ნიკა ხორხელის პასის მერე.
erovnuliliga.ge