დრამა 87-ე წუთიდან; ხუთბურთიანი სხვაობა; სერიების გაგრძელება... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ვნახეთ დრამატული 3:3, ასევე დაფიქსირდა სეზონში ყველაზე დიდი სხვაობა ანგარიშში, იყო სადებიუტო გოლებიც. ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა კი ოთხის ნაცვლად ორი ქულა გახდა...

გაგრა 1:1 თელავი

ცხრილში მეზობელი გუნდების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. "გაგრა" პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა თეიმურაზ შონიას გოლით. შონიასთვის ამ სეზონში მეოთხე გოლი იყო... მეორე ტაიმში კი "თელავის" ნახევარმცველმა გიორგი ილურიძემ გაათანაბრა თავურით - 1:1.

"გაგრა" მეშვიდე ადგილზეა, ხოლო "თელავი" - მერვეზე. კახეთის გუნდს ჯერჯერობით ერთი გამარჯვება აქვს: სტუმრად "შუქურასთან"...

სამგურალი
4:1 შუქურა


წყალტუბოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ხოლო "შუქურა" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ასე რომ, სერიები გაგრძელდა.

მე-20 წუთზე ნოდარ ლომინაძემ პენალტით დააწინაურა "სამგურალი", ხოლო ტაიმის ბოლოს "შუქურას" ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა - 1:1.

მეორე ტაიმში კი "სამგურალის" უპირატესობა აშკარა გახდა. ლომინაძემ ითამაშა კარგად, გარღვევის მერე კარში დაარტყა, მეკარე გიორგი აბრამიშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ნიკა ხორხელმა დასწრებაზე გაიტანა - 2:1.

მალევე "სამგურალის" ბენინელმა შემტევმა შარბელ გომესმა ხანგრძლივი შეტევა დაასრულა ძლიერი დარტყმით. ეს ბენინელის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ პირისპირ გასვლისას გაიტანა და 4:1. იქ ნიკა კალანდარიშვილის კარგი პასიც უნდა აღვნიშნოთ.

"სამგურალი" მესამე ადგილზეა, ხოლო "შუქურა" - ბოლოზე.

სამტრედია 0:2 დინამო თბ

"დინამო თბილისმა" სამმატჩიანი მოუგებელი სერია სამტრედიაში შეწყვიტა. სერბმა ზორან მარუშიჩმა დუბლი შეასრულა - 0:2.

მარუშიჩს მიმდინარე სეზონში 7 გოლი მოუგროვდა და დაეწია "დინამო ბათუმის" ფორვარდ ჯოვინო ფლამარიონს. ახლა თანალიდერობენ ბომბარდირთა დავაში.

სერბმა ჯერ ულად-ომარ იმრანის მშვენიერი დაფარული პასი გამოიყენა, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა; მეორე ტაიმში კი ვაგნერ გონსალვესის ჩაწოდებულზე თავით ითამაშა კარგად და მეორე გაიტანა.

"დინამო თბილისი" 2 ქულით ჩამორჩება "დინამო ბათუმს", "სამტრედია" კი ბოლოდან მეორე ადგილზეა.

საბურთალო 3:3 დინამო ბთ

უხვგოლიანი და დრამატული მატჩი გაიმართა რუსთავში. მშვენიერ ფორმაში მყოფი "საბურთალო" ლიდერ "დინამო ბათუმთან" 87-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა და... 3:3 ითამაშა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთები იყო, როცა ბათუმელები პაატა ღუდუშაურმა დააწინაურა მახვილი კუთხიდან დარტყმით - 0:1. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიორგი ზარიამაც გაიტანა, შორეულ კუთხეში კარგად დაუმიზნა და სხვაობა ორბურთიანი გახდა.

73-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით 0:3 გახადა ანგარიში. სიტუაცია კი ასეთი იყო: "საბურთალოს" მეკარე ლაზარე კუპატაძემ კეფაში მოარტყა ხელი ბათუმელთა მცველ საშა ბალიჩს. არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი, პენალტიც დანიშნა და კუპატაძეც გააფრთხილა.

87-ე წუთზე კი თამაში შეიცვალა: ოთარ მამაგეიშვილის კარგ შორეულ პასს მოჰყვა ლუკა სილაგაძის ზუსტი დარტყმა და 1:3. ორ წუთში მალელმა ფორვარდმა შეიკნე სილამ გიორგი ჯინჯოლავას გამჭოლი პასი გამოიყენა და ვარდნაში ფეხით გაიტანა...

კულმინაცია კი იყო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. ხარიტონაშვილმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა VAR-ზე გადამოწმების მერე, ოღონდ ამჯერად ბათუმელთა კარში, სილაზე წესების დარღვევა დააფიქსირა. სილამ თავად დაარტყა და გაიტანა - 3:3.

მატჩი 104-ე წუთზე დასრულდა...

"დინამო ბათუმი" ლიდერია და 2 ქულით უსწრებს "დინამო თბილისს". "საბურთალო" კი მეოთხეზეა. საინტერესოა, რომ საბურთალოელებმა ბოლო 4 შეხვედრაში 3-3 გოლი გაუტანეს "თელავს", "დინამო თბილისს", "ტორპედოსა" და "დინამო ბათუმს".

დილა 5:0 ტორპედო

მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა: "დილა"-"ტორპედო" 5:0.

42-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა შორიდან დარტყმით გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია სეზონში.

დანარჩენი ოთხი გოლი კი შესვენების მერე ვნახეთ. დასაწყისშივე, 45-ე წამზე, ონორე გომისმა ჩააწოდა და ნიკა გაგნიძემ თავურით გაგზავნა ბურთი კარში - 2:0.

მალევე ისევ გომისმა დაიწყო შეტევა, კარგი პასი გააკეთა და ბარბადოსელმა ტიერი გეილმაც მშვენიერი გოლი გაიტანა.

70-ე წუთზე გეილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ძლიერად დაარტყა და სეზონში უკვე 6 გოლი მოაგროვა.

ბოლოს კი გიორგი ცეცხლაძემ თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე ოთო გოშაძეს - 5:0. ეს 20 წლის ცეცხლაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"დილა" მეხუთე ადგილზეა, "ტორპედო" - მეექვსეზე. ქუთაისელებმა წინა მატჩიც დიდი ანგარიშით წააგეს, კერძოდ, "საბურთალოსთან" 0:3.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
დილას თამაში არ მიკვირს მერჩია მეთქვა გორელები, მაგრამ ეს ხალხი იმას მაინც აკეთებს, რომ მათი უცხოელები თავს დებენ მოედანზე. მხოლოდ მადლობა მათ და ეგებ ევროპაზეც არ შეგვარცხვინოთ.
ტორპედო როგორ ვერ ახერხებს თამაშს, მე ამის მიზეზს გუნდში მოვძებნიდი. აქ გუნდი არ თამაშობს ცალკეული სახელები დარბიან(ზოგიერთს ესეც ეზარება).
საბურთალოს ყოჩაღ და ბათუმმა ყურები გამოიფხიკოს. მერამდენედ აფუჭებენ მოგებულ თამაშს. რით ვერ გაიგეს, რომ სანამ მსაჯი ფინალურს არ დასტვენს არც არაფერი მოგიგია და არც არაფერი წაგიგია.
3-0-ის მერე ბათუმი გაჩერდა, საბურთალომ კი პირიქით ვაჟკაცურად იბრძოლა ბოლომდე.
ამ თამაშში მსაჯმა ნამდვილად საოცრებები აკეთა. თუ კუპატაძეს ის თავში ხელის ჩარტყმა განზრახ ქმედებად ჩაუთვალეს (მე მგონია, რომ სწორედაც ასე იყო. თუმცა ვერ მივხვდი რატომ უნდა გაეკეთებინა ეს), მაშინ ეს ცალსახა წითელია. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობისათვის სახიფათო დარტყმა შეიძლებოდა გამოსვლოდა. თუ შემთხვევითობად ჩათვალე ან ყვითელი ან პენალტი რა შუაშია.
მგონია, რომ ამ მომენტიდან საბურთალო უფრო შეიკრა ბათუმმა კი როგორც ჩვევია ამ ბოლო დროს, თამაში დამთავრებულად ჩათვალა.
პენალტი ბათუმელთა კარში კიდე ერთი საოცრება იყო, ან ვარის ან მოედნის მსაჯი ოფიციალურად კი არა ძმაკაცებსაც ვერ აუხსნის საიდან მოიტანა პენალტი. მაგათ ეტყობა ძაან სპეციალური კამერა აქვთ და ჩანაფიქრებსაც ხედავენ :)
თუმცა ვთვლი რომ ასეთი მონდომების გამო საბურთალო წაგებას აღარ იმსახურებდა და ეგებ ბათუმმა ბოლო ბოლო ისწავლოს ჭკუა და გაიგოს რომ თამაში გრძელდება ბოლო წამამდე.
ოთარი
01 მაისი 2023 14:16
1
გელოდის.არანაირი პენალტი არ იყო არასპორტულ საქციელზე(როგორც ლაზარე მოიქცა) ჯარიმა და მითუმეტეს პენალტი არ ინიშნება.უბრალოდ უნდა გაეგდო კუპატაძე,პენალტი არასპორტულ საქციელზე?ვინმეს გინახავთ ასეთი რამ?პირადად მე მხოლოდ ჯალათბურთში ვიცი ტექნიკური რო საჯარიმოა
Master
01 მაისი 2023 12:12
2
აბა სად ხართ ჩხეტიანის შაპიტოებო?
გიგი
01 მაისი 2023 11:47
0
ოეეე მსაჯიიი! კუპატაძე გასაგდები იყო და ობიექტურად თუ განიხილავენ მაგ ჩარტყმისთვის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც ეკუთვნის... ბათუმის კარში კიდევ რისთვის დადეს პენალტი? აქედან, იქიდან, ყველა რაკურსით და ყველა პოზაში ვუყურე და მაინც ვერ გავიგე...
ვენეციის კომისია
01 მაისი 2023 10:53
6
კობახიძემ სილას 3 ჯერ ამოარტყა მეტი არაფერი
გელოდი
01 მაისი 2023 11:19
0
მამა კახა და ძმანნი მისი... ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ლეგენდა...
ეჰ
01 მაისი 2023 08:46
0
ვინაა ეს მსაჯი,საერთოდ ასაკრძალი აქვს მსაჯობა,რა ყვითელი და პენალტი,გასაგდები იყო კუპატაძე/წითლის მაგიერ პენალტი?კალათბურთია და ტექნიკური ჯარიმა(პენალტი) მისცა?რა აბსურდია,ან რა პენალტი დადო ბათუმის კარში.ფხიზელი იყო ეს კაცი საერთოდ???ასეთი აბსურდი მსაჯის მხრიდან რაც კუპატაძის ინციდენტზე ქნა არ მინახავს,არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.ტექნიკური პენალტ ახალი ცნებაა ფეხბურთში???
master
01 მაისი 2023 08:41
3
ორმაგი სასჯელი დიდი ხანია აღარ არის ამიტომ არის ყვითელი და პენალტი
გელოდი
01 მაისი 2023 11:20
3
Ტორპეეეეეეეედოოოოოოო....მსაჯების ბრალი იყო და ფედერაციის.მსოფლიო ფეხბურთის აკვანი ჩავა სამტრედიაში,მოიგებს 2:1 და თავი ისევ ლივერპული ეგონება
Ლ.გიო
01 მაისი 2023 07:45
0
ლაზარე კუპატაძე გასაგდები იყო ... ან უნდა გაეტარებინა მაშინ "სუძიას" ეპიზოდი ... და ბათუმს რატო მიცა პენალტი ვერც კომენტატორმა გაიგო და ვერც "სუძიამ" მარტო იმან გაიგო რო ყვიროდა პენალია აბა რა არისოოო )))) სამარცხვინო მსაჯი იყო რა მოკლეთ ...
bejo
01 მაისი 2023 01:58
5
ეს ბათუმის ფანები სულ მსაჯებზე რო წუწუნებთ გუნდის პრობლემები რო დაინახოთ არ გინდათ? პენლის ეპიზოდი კიი სადაო იყო მარა ის ორი გოლიც მსაჯებმა გაატანინეს? 87 წუთამდე რო 0-3 იგებ და ვერ შეინარჩუნებ ანგარიშს ეგ ვისი ბრალია? დაცვის ცენტრში რო ანეგდოტი კობახიძე გყავთ რომელიც ანეგდოტურად ტურის და წრის სიმბოლურ ნაკრებებში ხვდება ეგეც მსაჯების ბრალია? კვერნაძე ბიჭი რომელიც შარშან დაფრინავდა ისე რო ნაპოლიც კი დააინტერესა და სკამიდან არ აყენებთ ეგ ვისი ბრალია? არაფრის მაქნისი ლეგიონერები რო მოგყავთ და 2-3 თვეში რო უშვებთ მაგას ვის აბრალებთ ფედერაციას? ვიღაც იაკობსენი რო მოიყვანეთ ეგვიპტელი ვარსკვლავი სალაჰის ქორწილში თამადის მოადგილე რო იყოო ის სად არის? თუ თქვენ მართლა ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდი გგონიათ ბათუმი? მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და დაცვას მიხედეთ.
qomagi
01 მაისი 2023 04:28
3
დაიმატოს დილამ 4-5 კარგი ფეხბურთელი და გუნდი არ ჯობია საქართველოში, რა ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ანდრეი დემჩენკო გენიოსია ეგ კაცი ბოლო სამი სეზონია გუნდს 20 ზე მეტი ფეხბურთელი არ ყავს განაცხადში და სამეულს არ ცდებიან. დილას რო დინამოების და ტორპედოს შესაძლებლობები ქონდეს დარწმუნებული ვარ არც ევრო თასებზე შეირცხვენენ თავს. მიბაძეთ დინამოებო და ტორპედო დილას ან კითხეთ როგორ მოყავთ არაფრის მთქმელი ლეგიონერები და როგორ ათამაშებენ ფეხბურთს. თან ყველა ლეგიონერი რო ნორმალური ყავთ და რო იყენებენ. ბათუმის და ტორპედოს ლეგიონერები სკამზე დასაჯდომად რო ყავს და დინამოს ვინც ნორმალური ლეგიონერი ყავს კამარა ეგეც დილადან იყიდეს. ბათუმის დინამო კობახიძის იქით რო ვერ იყურება დაცვა რო არ ყავს საერთოდ რისი იმედი გაქვთ ევრო თასებზე? ან ტორპედო როგორ ვერ თამაშობს ფეხბურთს საქართველოში საუკეთესო შემადგენლობა ყავს.
awa
01 მაისი 2023 01:43
0
გეგუჩაძე რომ გეყოლება უალტერნატივო მწვრთნელი დრამა კი არა ტრაგიკომედიაა)
გიუშა
01 მაისი 2023 01:25
2

სიახლეები პოპულარული