"თელავის" პრესსამსახურის ცნობით, გადაყენებული ოლეგ ვასილენკოს ნაცვლად გუნდის მწვრთნელად არმენ ადამიანი დანიშნეს:
"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენს გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სკ "თელავს" 56 წლის სომეხი სპეციალისტი არმენ ადამიანი გაწვრთნის.
არმენ ადამიანი 1967 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა, ყოფილმა ნახევარმცველმა სამწვრთნელო საქმიანობა 2004 წელს დაიწყო და ძირითადად სომხეთის პრემიერლიგის კლუბებს წვრთნიდა - "მიკა", "ლორი", "სევანი", "ალაშკერტი", "არარატ-არმენია", "არცახი".
უეფას პრო-ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი ბოლოს "არცახს" თავკაცობდა, ორჯერ (2004/2005-2005/2006) "მიკასთან" და ერთხელ "ალაშკერტთან" (2018/2019) აქვს მოგებული სომხეთის თასი, ხოლო იმავ "მიკასთან"
ერთად 2006/2007 წლების სეზონში სომხეთის სუპერთასი ასწია.
არმენ ადამიანი: "მოგესალმებით ყველას და მინდა, მადლობა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებით და სტაფით, ვინც ვართ, დასახულ მიზანს მივაღწევთ და საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებთ. ბიჭებო, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, 20 დღეში 6 თამაში გვიწევს დიდ შესვენებამდე და მოდუნების უფლება არ გვაქვს. მე უკვე ვნახე თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი, ბევრში ის აცრებლებული თვალებიც დავინახე, მარცხს როგორ განიცდიდით და ახლა უფრო მჯერა, ეჭვიც არ მეპარება, რომ მიზანს მივაღწევთ. რა თქმა უნდა, წარსულს პატივს ვცემთ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, მინდა, თითოეულ თქვენთაგანში თავდაჯერებულობა და ვარჯიშებზე ღიმილიანი სახეები დავინახო - როცა "თელავის" მაისური გაცვია, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენი სახლია და ამით უნდა ვიამაყოთ".