მიხეილ აშვეთია: "სამგურალში" ყველა ლიდერია - თბილისის "დინამოსთან" მატჩს წყალტუბოში ჩავატარებთ

AutoSharing Option
ბოლო წლებია წყალტუბოს "სამგურალი" ეროვნულ ლიგაში ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა. იმერული გუნდი მიმდინარე ჩემპიონატშიც წარმატებით ასპარეზობს, 11 ტურის შემდეგ ლიდერთა შორისაა და პირველ ადგილზე მყოფ ბათუმის ,,დინამოსთან" სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა. გუნდში არსებული მდგომარეობის, გასული ტურებისა და სამომავლო გეგმების შესახებ "სამგურალის" სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

- ბატონო მიხეილ, თავდაპირველად შევაფასოთ განვლილი ეტაპი. გუნდმა ჩემპიონატი ცოტა მძიმედ კი დაიწყო, მაგრამ შემდეგ "სამგურალმა" თავისი თამაში იპოვა და ზედიზედ ხუთი მოგების შედეგად ლიდერთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. რა შეიცვალა საწყისი ტურების შემდეგ,
როგორ შეძლო ,,სამგურალმა" გამარჯვებულის იმიჯის ჩამოყალიბება?

- ალბათ, სეზონის მძიმე დასაწყისი მოსალოდნელიც იყო. გუნდში ახალი დანიშნული იყო მთავარი მწვრთნელი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესში იყვნენ. ასეთ ვითარებაში საწყისი ტურები საკმაოდ რთული გამოდის ხოლმე. შემდეგ სწორი მუშაობისა და წარმატებული სელექციის შედეგად გუნდმა იპოვა თავისი თამაში, დაიწყო მატჩების მოგება, შეიძინა თავდაჯერებულობა და უკვე გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა.

- "სამგურალს" ახალგაზრდა მწვრთნელი გიორგი ჭელიძე წვრთნის. თავიდან, როცა გუნდის ხელმძღვანელობამ მასზე გააკეთა აქცენტი, ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ დაიწყო ჩემპიონატი და გამოჩნდა, რომ გიორგი კარგად უძღვება საქმეს და ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია... რა შეგიძლიათ მასზე თქვათ, რა არის მისი, როგორც მთავარი მწვრთნელის გამორჩეული თვისებები?
- გიორგი ჭელიძე "სამგურალისთვის" უცხო ადამიანი არ იყო და იმედიც გვქონდა, რომ გუნდს კარგად შეეწყობოდა. გვჯეროდა, რომ გიორგის ჰქონდა პოტენციალი წარმატებული მუშაობისთვის და მისი დანიშვნა ერთობლივი გადაწყვეტილება გახლდათ. მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარებოდა. ამასთან ერთად, გიორგი ჭელიძე საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია. თითქმის 10 წელიწადია სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა. აქვს მწვრთნელთა პრო ლიცენზია, გაიარა ყველა ის ეტაპი, რაც კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. პირველ რიგში, არის ლიდერი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მის საქმიანობაში. კარგად უძღვება გუნდს და ასევე, სწორი დასკვნების გამოტანისა და პრაქტიკაში განხორციელების შესანიშნავი უნარი აქვს.

გარდა ამისა, ჰყავს შესანიშნავი სტაფი, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ორივე ასისტენტს, ლევან ხომერიკს და ივანე მახარაძეს, პრო ლიცენზია გააჩნია და დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. "სამგურალში" მუშაობენ: ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფიზმომზადების მწვრთნელი ოთარ საბანაძე, მწვრთნელ-ანალიტიკოსი გიორგი ნერგაძე, რომლისთვისაც ეს პოზიცია ახალია, მაგრამ მალევე აუღო ალღო და დაკისრებულ სამუშაოს თავი კარგად გაართვა; მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძე, დიდი სტაჟისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტი... წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრის პროფესიონალიზმი და თავდაუზოგავი მუშაობაა. რაც მთავარია, გუნდი არის ერთიანი... ხელმძღვანელობა, მწვრთნელები, ფეხბურთელები და გუნდის თითოეული თანამშრომელი ყველაფერს აკეთებს, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ყველას ერთი საფიქრალი და ამოცანა აქვს - გუნდმა კარგად ითამაშოს და დასახულ მიზანს მიაღწიოს.

- გუნდის შემადგენლობაზეც მინდა გკითხოთ, წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გრძელი სათადარიგოთა სკამიც არის. კლუბის ხელმძღვანელობამ, პირადად თქვენ, როგორც სპორტულმა დირექტორმა, დიდი სამუშაო გასწიეთ, რომ "სამგურალი" კონკურენტუნარიანი გუნდი ყოფილიყო. ახლა მწვრთნელების განკარგულებაში, ფაქტობრივად, ორი თანაბარი ძალის შემადგენლობაა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გუნდისთვის და რას იტყვით გუნდში არსებულ კონკურენციაზე?
- "სამგურალში" მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭელიძის დანიშვნის შემდეგ ძალიან მოკლე დროში შევძელით გუნდისთვის ის ფეხბურთელები მოგვეძებნა, რომლებიც "სამგურალს" გამოადგებოდა და გუნდი კონკურენტუნარიანი გახდებოდა. როგორც გამოჩნდა, ამ კუთხით საკმაოდ წარმატებული სამუშაო ჩავატარეთ. დიდი სათადარიგოთა სკამი,  ჯანსაღ კონკურენციასთან ერთად, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გადატვირთული კალენდრის პირობებში მწვრთნელებს როტაციის საშუალება ჰქონდეთ და ფეხბურთელები თითოეულ მატჩს მაქსიმალურად კარგ ფიზიკურ კონდიციებში შეხვდნენ.

- "სამგურალში" ბევრი საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა, საინტერესოა თქვენი აზრი ახალწვეულების შესახებ, ვინ შეეწყო ყველაზე მეტად გუნდს და ვისგან ელოდებით მომატებას?
- ახალწვეულებს რაც შეეხება, არ მინდა ვინმე გამოვყო. გუნდს ყველა კარგად შეეწყო. პროფესიონალები და მეგობრული ბიჭები არიან, გუნდის წევრებმაც თბილად მიიღეს... წარმატებისთვის ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. გუნდში კარგი საფეხბურთო გარემოა და ეს სატურნირო მდგომარეობაზეც აისახება. მომატებას ყველასგან ველოდებით, რადგან ჯერ თავიანთი მაქსიმუმი არც ერთს არ გამოუვლენია. დარწმუნებული ვართ, რომ თამაშიდან- თამაშამდე ყველა მოუმატებს, არა მარტო ახალწვეულები, არამედ გუნდის სტაჟიანი წევრებიც. ასე რომ, წინ კიდევ არაერთი საინტერესო და ლამაზი მატჩი გველოდება.

- ჰყავს თუ არა გუნდს გამოკვეთილი ლიდერები?
- ჩვენს გუნდში ყველა ლიდერია! ზემოთაც აღვნიშნე, რომ მთავარი ლიდერი მთავარი მწვრთნელია, რომელსაც გვერდში უდგანან ფეხბურთელები. არა აქვს მნიშვნელობა ისინი ძირითადში არიან თუ სათადარიგოთა სკამზე, თითოეული ფეხბურთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ყველანი ლიდერები არიან, გუნდი ერთიანია, ერთ გუნდად შეკრული და ის შედეგი, რაც დღემდე არის, სწორედ ამ ერთობის დამსახურებაა.

- "სამგურალში" საინტერესო მეკარე ნოდარ ყალიჩავა გამოჩნდა, რომელიც ბოლო ხუთ თამაშში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, მის შესახებ რას იტყვით?
- რაც შეეხება ყალიჩავას, ის მართლაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ბიჭმა, რომელიც ერთი წლის წინ მოვიდა ჩვენს გუნდში, შესამჩნევ პროგრესს მიაღწია და ძირითად შემადგენლობაშიც ხვდება. მშრომელი ბიჭია, პროფესიონალი, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული. იმედი გვაქვს, უფრო და უფრო მოუმატებს და საქართველოს კიდევ ერთი საინტერესო მეკარე შეემატება. თუ შრომას ასე გააგრძელებს, ალბათ, სანაკრებო დონეზეც საინტერესო ფეხბურთელი იქნება.

- საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვით, რამდენად საინტერესო ჩემპიონატია და რომელ გუნდებს გამოარჩევდით?
- სატურნირო მდგომარეობასაც რომ გადავხედოთ, თვალნათლივ ჩანს, რომ ძალიან დაძაბული სტარტი იყო. ზედა ექვსეულის გუნდები სატურნირო ცხრილში მჭიდროდ არიან ერთმანეთთან, რაც იმის მანიშნებელია, რომ სეზონის ბოლომდე დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატი იქნება. ეს კი ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ კონკურენციასა და თამაშებში ფეხბურთელი უფრო გაიზრდება და ჩემპიონატის დონეც მაღლა აიწევს.

- "სამგურალის" მიერ ჩატარებულ თამაშებზეც ვთქვათ, რომელ თამაშს გამოარჩევდით?
- ყველა თამაში პრინციპული იყო, მაგრამ, ალბათ, გარდამტეხი გორის "დილასთან" სტუმრად 3:0 მოგებული შეხვედრა გახლდათ. "სამგურალმა" თავისთვის უხერხულ მეტოქესთან ძალიან კარგად ითამაშა და ამან, როგორც სატურნირო მდგომარეობაზე, ასევე გუნდის განწყობასა და თვითრწმენაზე დადებითად იმოქმედა. სწორედ ამის გამო გამოვყოფდი "დილასთან" მოგებულ შეხვედრას, თორემ ნებისმიერი მატჩი პრინციპულია და ყველა მოგებული თამაში დასამახსოვრებელი იყო. იმედი გვაქვს, წარმატებულ სერიას გავაგრძელებთ.

- ალბათ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას კიდევ უნდა ველოდოთ გუნდის გაძლიერებას...
- მოყოლებული იანვრიდან, რაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდი დასრულდა, ჩვენ ერთი დღეც არ გავჩერებულვართ. აქედანვე ვეძებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენს გუნდს გააძლიერებენ. რასაკვირველია, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას იქნება გარკვეული ცვლილებები. ეს მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა, რომელიც გვეტყვის, რა პოზიციაზე გვინდა გაძლიერება და შემდეგ ერთობლივად, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც გუნდს წაადგება.

- "სამგურალს" წლეულს ჯერ წყალტუბოში არ უთამაშია, გუნდი საშინაო მატჩებს ზესტაფონში ატარებს. თუ არის ცნობილი, როდის დაუბრუნდება გუნდი მშობლიურ არენას?
- მინდა, გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო - მომდევნო საშინაო მატჩს, რომელიც 10 მაისს თბილისის "დინამოსთან" გვაქვს, საკუთარ მოედანზე ჩავატარებთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წყალტუბოში ფეხბურთი დაბრუნდება და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრებს კარგი თამაშითა და შედეგით გავახარებთ!

- რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა სტადიონზე და თუ იგეგმება განათების და ადმინისტრაციული შენობის გაკეთება?
- სტადიონზე გამოიცვალა მინდვრის საფარი, ასევე მთლიანად გარემონტდა გასახდელები, მსაჯთა და მწვრთნელთა ოთახები, ასევე - კლუბის ოფისი. რაც შეეხება განათებასა და ადმინისტრაციული შენობის გაკეთებას, ამ ეტაპზე არ დავკონკრეტდები, მაგრამ ეს სამომავლო გეგმებში ჩასმულია და ეტაპობრივად განხორციელდება.

- გულშემატკივრებზე რას იტყვით, გუნდის წარმატებული თამაშის ფონზე ელოდებით თუ არა, რომ წყალტუბოში დაბრუნების შემდეგ სტადიონი შეივსება?
- რასაკვირველია, ველოდებით სავსე ტრიბუნებს... ალბათ, გუნდმა ეს დაიმსახურა იმ შედეგებით, რომელიც დღემდე გვაქვს. იმედია, რომ "სამგურალის" ერთგული გულშემატკივრები გაავსებენ სტადიონს და უგულშემატკივრებენ ჩვენს გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული