ფრე წყალტუბოში; რვა გოლი გორში...

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური. ვნახეთ 4:4, სადებიუტო გოლებიც, დუბლებიც... პირველ და მეორე ადგილოსნების შეხვედრა ფრედ დასრულდა: "დინამო ბათუმი" კვლავაც ბურთების შეფარდებით უსწრებს წყალტუბოს "სამგურალს".

გაგრა 1:2 საბურთალო

"საბურთალომ" კვლავ იმარჯვა და 8-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვს. ომარ თეთრაძის გაწვრთნილი გუნდი მესამე ადგილზეა, თუმცა ლიდერს მხოლოდ 3 სამი ქულით ჩამორჩება. "გაგრა" კი მეშვიდე ადგილზე რჩება.

გამარჯვებულთაგან ორივე გოლი იური ტაბატაძემ გაიტანა, ორივე პენალტით და საინტერესოა, რომ ორივეჯერ თავად მოიპოვა. ტაბატაძეს სეზონში 6 გოლი მოუგროვდა.

ბოლოს კი "გაგრადან" როინ ოდიშელიძემ მახვილი
კუთხიდან დარტყმით შეამცირა სხვაობა - 1:2. ეს ოდიშელიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

სამტრედია 1:2 დილა


გორის "დილამ" სტუმრად სძლია აუტსაიდერ "სამტრედიას". დილას 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და აქედან 5 მოიგო.

ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე ტაიმში გაიტანა ორი გოლი: თორნიკე ძოწენიძემ საშუალო მანძილიდან დაარტყა ზუსტად, ხოლო ნიკა გაგნიძემ მცველებს აჯობა და ონორე გომისის ჩაწოდებული ბურთი გადაგზავნა კარში.

70-ე წუთზე "სამტრედიამ" დათო კირკიტაძის ახლოდან გატანილით შეამცირა სხვაობა - 1:2.

სამგურალი 1:1 დინამო ბთ

წყალტუბოში, პირველ-მეორე ადგილოსნების შეხვედრა ფრედ დასრულდა. "სამგურალს" ზედიზედ 8 მატჩი ჰქონდა მოგებული და მეცხრე ვეღარ მოახერხა. არადა, სწრაფი გოლი გაიტანეს წყალტუბოელებმა: გიორგი ნიქაბაძემ ახლო კუთხეში დაურტყა ანტონ ჩიჩკანს, რომელმაც მოგერიება ვერ შესძლო.

შეგახსენებთ, ნიქაბაძე "დინამო ბათუმში" თამაშობდა. ეს გიორგის მერვე გოლია სეზონში და მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ბომბარდირთა დავაში ლიდერს, ჯოვინო ფლამარიონს.

ბათუმელებმა 32-ე წუთზე გაათანაბრეს. არბიტრმა ალეკო აფციაურმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი და ჩათვალა, რომ "სამგურალის" ფეხბურთელმა შარბელ გომესმა თავის საჯარიმოში წესები დაარღვია მამუკა კობახიძეზე. პენალტი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა - 1:1.

ბოლო წუთი იყო დრამატული, როცა მეკარეებმა - ჯერ ჩიჩკანმა, მერე კი ნოდარ ყალიჩავამ, ურთულესი ბურთები მოიგერიეს. ჩიჩკანმა ლადო ჩიხრაძის თავური მოიგერია, ყალიჩავამ კი თორნიკე კაპანაძეს არ გაატანინა. საბოლოოდ, 1:1.

თელავი 1:0 ტორპედო

"თელავმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. გუნდს მეოთხე ტურის მერე არ ჰქონდა მოგებული.

1:0 ქუთაისის "ტორპედოსთან". მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, კუთხურის შემდეგ ბრაზილიელმა საყრდენმა ვიტინიომ მიიღო ბურთი და ცაციით ზუსტად დაარტყა. ეს ვიტინიოს პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"თელავი" მერვე ადგილზეა, "ტორპედო" - მეექვსეზე.

დინამო თბ 4:4 შუქურა

რვაგოლიანი მატჩი გორში, სადაც ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" ბოლოსწინაადგილოსან ქობულეთის "შუქურასთან" 4:4 ითამაშა.

არადა, მე-6 წუთზე დინამოელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ. ჯერ ულად-ომარ იმრანმა გაიტანა ვაგნერ გონსალვესის აზრიანი პასის შემდეგ; ამას კი მოჰყვა მცველ ალექსანდრე კალანდაძის გოლი - კუთხური იყო, გოგი კულუამ მოიგერია დავით სხირტლაძის თავური, მაგრამ დამატებაზე კალანდაძემ მაინც გაიტანა.

ამის მერე კი, შესვენებამდე მოხდა ასეთი ამბავი: "შუქურამ" სამი უპასუხო გოლი გაიტანა და ტაბლოზე უკვე 2:3 ენთო.

მიშიკო სარდალიშვილმა ახლოდან მოახერხა დამატებაზე ზუსტად დარტყმა - 1:2. ამას მოჰყვა ქობულეთელთა შეტევები, იყო საჯარიმოც, რომლის გათამაშების შემდეგ არეულობაში დავით მუჯირი გაერკვა კარგად და ანგარიში გაათანაბრა.

38-ე წუთზე კი "შუქურამ" მშვენიერი კომბინაცია განახორციელა, მუჯირი-ფაცაცია და ბოლოს სარდალიშვილმა დაასრულა. დინამოელთა უკანა ხაზი კვლავ სტატისტად იყო - 2:3.

მეორე ტაიმში "დინამომ" შეუტია და გიორგი ხარაიშვილმა მალევე გათანაბრა: საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით...

83-ე წუთზე ვაგნერ გონსალვესმა "დინამო" დააწინაურა. ჩაწოდება-დარტყმა, ბურთის ტრაექტორიამ მცველები და მეკარე დააბნია - 4:3.

თუმცა რამდენიმე წუთში "შუქურამ" თავისი კიდევ გაიტანა: მუჯირმა თავურით ლამაზად შეასრულა და 4:4.

"დინამო" მეოთხე ადგილზეა. გუნდმა ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული