ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში ჩატარდა, სადაც "დინამომ" "საბურთალოს" თამაში შემოუტრიალა და 2:1 სძლია. ამით დასრულდა დედაქალაქური გუნდის 11-მატჩიანი წაუგებელი სერია.
ბათუმის "დინამო" 42 ქულით ლიდერია, "საბურთალო" კი 38 ქულით მეორე ადგილზე დარჩა.
სტუმრები პირველ ტაიმში სილამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და დიდი ძალებით შეუტიეს. 77-ე წუთზე ღუდუშაურის ჩაწოდებულ ბურთს ფლამარიონმა ლამაზი თავურით კუპატაძის კარში მიუჩინა ადგილი, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატზე მეცამეტე გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე "საბურთალოს" მცველმა ჯგერენაიამ ბურთი კუპატაძეს უკან ცუდად დაუგორა, რომელმაც მასთან პირისპირ გასული კაპანაძე წააქცია და მამუჩაშვილმა პენალტით გამარჯვება აჭარულ გუნდს მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეეძლოთ, მაგრამ კომპენსირებულ დრიში ფლამარიონის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 2:1
გოლები: 0:1 სილა (19), 1:1 ფლამარიონი (77), 2:1 მამუჩაშვილი (85, პენ)
თბილისის „დინამომ“ ერთ-ერთი აუტსაიდერის, „სამტრედიას“ წინააღმდეგობის დაძლევა საკუთარ მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ 3:0 მოიგო.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - სამტრედია 3:0
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (59, პენ), 2:0 მოისწრაფიშვილი (86), 3:0 ოდიშარია (90+4)
ბათუმში მიღწეული ფრის შემდეგ „ტორპედომ“ 1:0 სძლია „დილას“ და ამით დასრულდა გორული გუნდის 10-მატჩიანი წაუგებელი სერია. გოლი მე-80 წუთზე ორიგინალურად შესრულებული პენალტით, „პანენკათი“ კუხიანიძემ გაიტანა. ეს ეროვნულ ლიგაში მისი საიუბილეო, 50-ე გოლია. ქუთაისელებმა შოტლანდიელი მწვრთნელის, კინის ხელმძღვანელობით, პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
ტორპედო - დილა 1:0
გოლი: კუხიანიძე (80, პენ)
6 ივნისს „შუქურა“ „სამგურალს“, ხოლო „თელავი“ „გაგრას“ შეხვდება.