ჰეთ-თრიქი, სადებიუტო გოლებიც; "დინამო თბილისმა", "საბურთალომ" და "სამტრედიამ" მოიგეს

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა: "დინამო თბილისმა", "საბურთალომ" და "სამტრედიამ" სამ-სამი ქულა მიითვალეს. ჯამში 14 გოლი გავიდა. ვნახეთ ჰეთ-თრიქი, ასევე სადებიუტო გოლებიც.

დილა 1:3 სამტრედია

ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "სამტრედიამ" სტუმრად 3:1 მოუგო გორის "დილას". ეს გორელთა ზედიზედ მეორე წაგებაა, ხოლო "სამტრედიას" საინტერესო სტატისტიკა აქვს: 16 ქულიდან 11 სტუმრად აიღო. იმერულმა გუნდმა 28 მაისის მერე პირველად გაიმარჯვა.

მე-14 წუთზე სამტრედიელთა ნახევარმცველმა საბა ფირანაშვილმა შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა, ხოლო შესვენების წინ მათე აბულაძემ პენალტით ორამდე გაზარდა
სტუმართა უპირატესობა.

მომენტები საკმაოდ შეიქმნა ორივე კართან. 89-ე წუთზე "დილამ" სხვაობა შეამცირა, კერძოდ ონორე გომისმა გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი სამტრედიელთა ფორვარდმა რევაზ ინჯგიამ კონტრშეტევისას კარგი პასი გაუკეთა თორნიკე ახვლედიანს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

საბურთალო 5:0 გაგრა

"საბურთალომ" უკვე მე-13 წუთისთვის შეიქმნა ორბურთიანი უპირატესობა. ორივე გოლი კამერუნელმა სირილ ჩამბამ გაიტანა ახლო მანძილიდან. ჩამბამ ბოლო წუთებზე კიდევ ერთი ბურთი მიითვალა და საბოლოოდ ჰეთ-თრიქი შეასრულა...

რაც შეეხება დანარჩენ ორ გოლს: ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა გიორგი ჯინჯოლავას კარგი ჩაწოდების შემდეგ. ხოლო მერე თავად ჯინჯოლავამაც მოახერხა გატანა და თან ლამაზად - შორიდან მოულოდნელი დარტყმით.

საბურთალოდან ერთი საგოლე პასი 17 წლის დანიელ ქვარცხავამ გააკეთა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მხოლოდ 8 წუთი ითამაშა.

"საბურთალო" მესამე ადგილზეა. "გაგრამ" კი ზედიზედ მეოთხედ წააგო, თუმცა მერვე ადგილზე დარჩა.

შუქურა 2:3 დინამო თბ

აუტსაიდერი ქობულეთის "შუქურა" პირველი ტაიმის მერე 2:0-ს უგებდა "დინამო თბილისს", თუმცა საბოლოოდ ჩემპიონმა იმარჯვა. "დინამო" მეორე ადგილზეა.

"შუქურა" ალეკო ანანიძემ დააწინაურა, მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით დარტყმით. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი ბექა ვერულიძემ გაიტანა: საჯარიმო ტექნიკურად შეასრულა, იქ დავით მუჯირმა დააბნია მეკარე და ბურთი კარში აღმოჩნდა.

მეორე ნახევარი როგორც კი დაიწყო, დინამოელმა უსმანე კამარამ მოახერხა კარგი გოლის გატანა - 1:2. მალევე, 54-ე წუთზე პენალტი დაინიშნა "შუქურას" კარში და დავით სხირტლაძემ ანგარიში გაათანაბრა.

"დინამომ" მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატეხა "შუქურა": კუთხური და 19 წლის ჯადული იობაშვილის გოლი თავურით. ეს იობაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. პირველი და ასეთი ფასეული - 2:3.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც მესამე გოლისას გააკეთა სამტრედიელმა ფეხბურთელმა ეს არის სრული პიჟონობა!ასეთ რამეს ბრაზილიელიც არ იკადრებდა)ისე ვთხოვ რედაქციას ამიხსნას-ითვლება თუ არა წესების დარღვევად გოლამდე მაისურის გახდა და ასე უმაისუროდ შეგდება გოლის?ვხედავ თამაში არ გინახავთ,უბრალოდ მატჩის ოქმიდან წერთ თავისუფალ თემას)
გიუშა
08:22 03-09-2023
2

სიახლეები პოპულარული