25-ე ტური: "სამგურალმა" და "სამტრედიამ" მოიგეს

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი. ორივეში მასპინძლებმა მოიგეს: "სამგურალმა" "საბურთალოს" 1:0 სძლია, ხოლო "სამტრედიამ" "შუქურას" 4:2 აჯობა. საინტერესოა, სამტრედიელთა სამი ფეხბურთელისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

სამტრედია 4:2 შუქურა

"სამტრედია" ორჯერ იგებდა და აუტსაიდერმა "შუქურამ" ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ იმერულმა გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვება - 4:2.

საწყის ექვს წუთში ორი გოლი გავიდა. ჯერ დავით უბილავამ გადმოგდებულ ბურთს ერთი შეხებით დარტყმა მიაყოლა და ანგარიში გახსნა; მალევე "შუქურას" ფორვარდმა დავით მუჯირმა ეფექტური თავურით გაიტანა. ეს მუჯირის მეშვიდე
გოლია მიმდინარე სეზონში...

მეორე ნახევრის დასაწყისში "სამტრედია" ალექსანდარ მიშოვის ცაციით გატანილით გავიდა წინ. 64-ე წუთზე კი მუჯირის პასს მოჰყვა გიორგი გოგოლაშვილის ზუსტი დარტყმა და 2:2.

გადამწყვეტი გამოდგა მე-80 წუთი და ზვიად ნაჭყებიას გოლი. სამტრედიელთა გარემარბმა საჯარიმო კარგად შეასრულა და "სამტრედია" მესამედ გავიდა წინ... მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი იმერული გუნდის ფორვარდმა რევაზ ინჯგიამ კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე და 4:2 გახადა ანგარიში.

ეს სამტრედიელთა პირველი საშინაო გამარჯვებაა პირველი ტურის მერე.

და ერთი საინტერესოც: უბილავამ, მიშოვმა და ინჯგიამაც მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანეს.

სამგურალი 1:0 საბურთალო

წყალტუბოს "სამგურალმა" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ბენინელმა შარბელ გომეზმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით გაიტანა. ეს 36-ე წუთზე მოხდა.

"საბურთალო" მესამე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოელები მეოთხეზე არიან. მათ შორის სხვაობა სამი ქულაა.

ამ გუნდების წლევანდელი დაპირისპირებები: პირველ წრეში "სამგურალმა" 2:1 იმარჯვა, მეორეში კი "საბურთალომ" 5:1 სძლია წყალტუბოელებს...

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული