ულამაზესი გოლები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა და ჯამში 14 გოლი გავიდა, თან ძალიან ლამაზი გოლებიც.

"გაგრამ" "თელავს" სძლია, ქუთაისის "ტორპედომ" ფოთის "კოლხეთი 1913"-ს აჯობა და "იბერია 1999"-მა ბათუმში მოუგო მოქმედ ჩემპიონ "დინამოს".

გაგრა 2:0 თელავი

გუნდებს ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ, მაგრამ "გაგრამ" 2:0 გაიმარჯვა და მეშვიდე ადგილზეა, "თელავი" კი - მეცხრეზე.

ორივე გოლი ლამაზი იყო: მეორე ტაიმის დასაწყისში მათე ვაწაძემ ბრწყინვალე მაკრატელათი დააწინაურა "გაგრა". გუნდის კაპიტნის გოლი-მშვენება.

შეხვედრის ბოლოს კი გიორგი ხარებაშვილმა შორიდან ცხრიანში გაიტანა -
2:0. "გაგრას" ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვება აქვს.

კოლხეთი 1913 2:5 ტორპედო

შვიდი გოლი ვნახეთ და შვიდივე სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. პირველი ტაიმის შუაში ელიტონ ჟუნიორმა შესანიშნავი ჩახვეული დარტყმით დააწინაურა "ტორპედო", ხოლო მერე ჟორჟინიომ გაზარდა სხვაობა და 0:2.

მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე ფოთელთა ნახევარმცველმა გიორგი ხარებავამ საჯარიმო დარტყმით დაძაბა თამაში - 1:2. თუმცა ექვს წუთში "ტორპედოს" ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით და სხვაობა ისევ ორბურთიანი გახდა. ეს იონსენის მერვე გოლია სეზონში.

მატჩის ბოლო წუთებში კიდევ სამი გოლი გავიდა. ჯერ ბრაზილიური გათამაშება: ელიტონ ჟუნიორის პასი და ფელიპე პირესის ზუსტი დარტყმა - 1:4. მერე კი პირესმა მილოშ ნინკოვიჩს გაატანინა...

ბოლოს ფოთელთა ნახევარმცველმა გიორგი მელქაძემ პენალტით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში - 2:5.

"ტორპედოს" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო "კოლხეთი 1913"-ს ოთხი თამაშია არ მოუგია და მერვე ადგილამდე დაქვეითდა.

დინამო ბთ 2:3 იბერია 1999

ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, მეორე გოლი სულაც კაცნაკლულებმა გაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ წააგეს 2:3. ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ბოლო ხუთ შეხვედრაში სამჯერ დამარცხდა, მესამე ადგილზეა და უკვე 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ გორის "დილას"...

მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, გიორგი წიტაიშვილმა ოსტატურად დაამუშავა ბურთი და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

მალევე, ბათუმელებს გაუძევეს ჟან ვიქტორი, რომელიც მოედნის ცენტრში ეუხეშა გიორგი კოხრეიძეს. არბუტრმა კონსტანტინე გიორგაძემ ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა ჟან ვიქტორს, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და წითლით შეცვალა.

პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი სტუმართა მალელმა თავდამსხმელმა შეიკნე სილამ დასწრებაზე ითამაშა და გაათანაბრა ანგარიში.

67-ე წუთზე ტურის კიდევ ერთი ლამაზი გოლი ვნახეთ: ბათუმელთა გარემარბმა პაატა ღუდუშაურმა ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით.

ბათუმელები კარგა ხანს ინარჩუნებდნენ სასურველ ანგარიშს, თუმცა 89-ე წუთზე იბერიელთა საყრდენმა ბაქარ ქარდავამ ძლიერი დარტყმით გაათანაბრა - 2:2.

გამარჯვების გოლი კი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე. ნონიკაშვილმა დაბალი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს. ეს მისი მერვე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - 2:3. "იბერია 1999" მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბათუმის დინამო კარგად დაკოპლექტებული გუნდია და თავის სიტყვას იტყვის. ნუ ვართ სულწასულები, არავის არაფერს ვპატიობთ, ესაა ჩვენი დიდი მინუსი. ცოტა ხანში გუნდი ფორმაში ჩადგება და მაღალ დონეზეც ითამაშებს. მათი ხელმძვანელობის მოქმედებები არც მე მომწონს. ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ, რომ მსაჯი მოედანზე ხელშეუხებელია. თუ კი დააშვებს, მას ჰყავს მისი დამსჯელი. ასეთ უხეშ თამაშზე მე მხოლოდ გაძევებები მახსოვს.
გიზოგ
18:06 20-05-2024
1
ტორპედოს ფანებო ეხლა რო გამოხტით და წერთ ტორპედოს ვერავინ გააჩერებსო, უძლიერესი ლეგიონერები ყავსო, თქვენ არ იყავით 2 ტურის წინ რო ყველას გუნდიდან ყრიდით? თქვენ არ იყავით სეზონის დასაწყისში რო ამბობდით ივნისში უკვე ჩემპიონები ვიქნებითო? არ გინდათ რა ეს ტრაბახი. ესე იძახდნენ 3 წლის წინ ბათუმის ფანები რო ქართული ბაიერნი ვართ და ეროვნული ლიგის თამაშებს მოტივაციით ვეღარ ვუყურებთო, და რას თამაშობენ კი იცით. პრინციპში თქვენც იგივე დაგემართათ სამეულშიც არ ხართ.დ.დ.
ტორპედოს ფანებს!!!
12:20 20-05-2024
5

სიახლეები პოპულარული