"დილამ" ახალი პორტუგალიური სამწვრთნელო შტაბი წარადგინა - რიკარდო კოშტა გორულ გუნდში იმუშავებს, მაგრამ მთავარ მწვრთნელად არა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მოქმედმა ლიდერმა გორის "დილამ" ახალი სამწვრთნელო შტაბი ოფიციალურად წარადგინა. პორტუგალიურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთავარ მწვრთნელად რიკარდო კოშტა ინიშნებოდა, მაგრამ მან გენერალური მენეჯერის პოზიცია დაიკავა, გუნდის დამრიგებელი კი ფრანჩესკო მიგელ კასტრო გახდა. 

"გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი 45 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანჩესკო მიგელ კასტრო იქნება. მას ამ დრომდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად სამშობლოში უმუშავია.

იგი იყო ,"მორიერენსეს" ,"ვიტორია გიმარაეშის" მეორე გუნდის, ბოლოს კი - "კოვილას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე. საფეხბურთო კარიერაში კი ნათამაშები აქვს "ბრაგას" და "მორიერნესეს" რიგებში.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტის
პოზიციაზე ასევე პორტუგალიელი სერხიო სანტოსი იქნება. 45 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერა სამშობლოში პორტუგალიის ქვედა ლიგის კლუბებში: "სანტიაგოს", "მირანდელას" და "ფელგუეირას" რიგებში აქვს გატარებული, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

გენერალური მენეჯერის პოზიციაზე კი იმუშავებს წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი რიკარდო კოშტა, რომელიც ფეხბურთელობის დროს თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა: "ვალენსია" "ვოლფსბურგი", რომელთან ერთადაც გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა; "ლილი" და მშობლიური "პორტო", რომლის რიგებშიც 2004 წელს ჟოზე მოურინიოს თაოსნობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 4-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 2-ჯერ ქვეყნის თასის მფლობელი, 5-ჯერ კი ქვეყნის სუპერთასის მფლობელი.

მას პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩატარებული აქვს 22 მატჩი, სადაც თავი 1 გოლით გამოიჩინა. მან ნაკრებთან ერთად ითამაშა, ისეთ ფორუმებზე, როგორებიცაა: 2006, 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატები, ასევე, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი. კარიერის დასრულების შემდეგ მისი სამწვრთნელო კარიერა პორტოში განვითარდა, იგი ჯერ 19-წლამდელთა გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი 17-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ", - ვკითხულობთ "დილას" განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ვიცი როგორც ტორპედოს გულშემატკივარი წელს ღირსეული ჩემპიონი მაინც გვეყოლება და იმედიანად მაინც ვიქნებით შემდეგ შესარჩევზე. წარმატებები დილას, ტორპედოსთან ერთად, დაე ღირსეულმა გაიმარჯვოს.
იბრუხ მართალი
22:46 10-07-2024
0

სიახლეები პოპულარული