27-ე ტური: "იბერია 1999"-მა და "ტორპედომ" მოიგეს

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა და ორივე სტუმრებმა მოიგეს, ჯამში კი 10 გოლი ვნახეთ...

თელავი 1:2 ტორპედო

ლიდერმა ქუთაისელებმა ნორვეგიელი ბიორნ იონსენის დუბლით გაიმარჯვეს. იონსენი ბომბარდირთა დავაში ლიდერია, 19 გოლი მოუგროვდა.

მე-12 წუთზე ნორვეგიელმა პენალტი გაიტანა. მეორე ნახევრის დასაწყისში "თელავმაც" პენალტით გაათანაბრა, კერძოდ, თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა. თუმცა მალევე "ტორპედო" მეორედ დაწინაურდა: იონსენმა ლაშა შერგელაშვილის ჩაწოდებული ბურთი გაიჩერა და ძლიერი დარტყმით 1:2 გახადა ანგარიში. მომენტები კიდევ იყო, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

"ტორპედომ" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. რაც
შეეხება "თელავს", მათ პირიქით ბოლო ხუთი შეხვედრა არ მოუგიათ და ბოლოსწინა ადგილზე არიან.

სამგურალი 3:4 იბერია 1999

შვიდგოლიანი მატჩი წყალტუბოში, რომელშიც მასპინძელი "სამგურალი" "იბერია 1999"-თან ჯერ ორი ბურთის სხვაობით აგებდა, მერე სამჯერ გაიტანა და წინ გავიდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

შესაბამისად, "სამგურალი" მეხუთე ადგილზე დარჩა, "იბერია 1999" კი მეორე პოზიციაზე და ხუთი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ტორპედოს".

მე-17 წუთზე 0:2 იყო. ჯერ გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა ეფექტური დარტყმით, მერე კი მალელმა შეიკნე სილამ ახლოდან დაამატა მეკარე ნოდარ ყალიჩავას მიერ მოგერიებულ ბურთს.

მალევე, პირველი ტაიმის შუაში ლუკა ხორხელის ათიოდე მეტრიდან დარტყმით სხვაობა შემცირდა.

მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე ისევ ლუკა ხორხელმა გაიტანა, შორეულ კუთხეში მოულოდნელად დაარტყა და 2:2. სხვათა შორის, ლუკას 10 გოლი მოუგროვდა და აქედან 7 ბურთი ბოლო 6 ტურში მიითვალა...

მალევე "სამგურალი" სულაც წინ გავიდა. ლუკა ხორხელის გარღვევის მერე ილია ახვლედიანმა შორიდან დაარტყა და 3:2. ეს ახვლედიანის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

"იბერია 1999"-მა თამაში შემოატრიალა. ორივე გოლი შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. მან ჯერ თავურით გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ახლოდან დაამატა და 3:4. სხვათა შორის, სიხარულიძემ წინა შეხვედრაშიც (გაგრასთან 1:1) მოახერხა გატანა. მაშინაც შეცვლაზე შევიდა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული