აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი

AutoSharing Option
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: 2013/14 წლების უმაღლესი ლიგის გათამაშება განსაკუთრებული რომ უნდა ყოფილიყო, ვშიშობთ, ყველაზე სკანდალურ-სამარცხვინო არ გამოდგეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში!

სამწუხაროდ, მართლაც ასეა: ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ XXV ჩემპიონატს რეალურად ემუქრება სკანდალური ფინიში.

უფრო ზუსტად, ჯერ ის არის საკითხავ-გასარკვევი, რამდენი გუნდი შეძლებს 2014 წლის თებერვალში სეზონის განახლებას: უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 12 გუნდიდან მხოლოდ ორგან ("დინამოსა" და "ჩიხურაში") არ არის კატასტროფული სიტუაცია, დანარჩენები კი მეორე ეტაპს გამესამედებულ-გამეოთხედებული ბიუჯეტით ან კიდევ... სულაც უფულოდ ხვდებიან!

თუმცა, ვერც
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვერც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ვერავინ ადანაშაულებს: დღე არ გავა, ამ ორი უწყების ხელმძღვანელები ქართული საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს არ შეხვდნენ და ამ "უეცრად თავსდატეხილ" პრობლემაზე არ იმსჯელონ.

არანაკლებ გაურკვევლობაში არიან იმ ათი გუნდის ფეხბურთელებიც: ჩვენთან ხომ ლამის ტრადიციასავით დამკვიდრდა მოთამაშეებთან ექვსთვიანი კონტრაქტების გაფორმება; ჰოდა, წარმოიდგინეთ, ზამთრის სატრანსფერო "ბაზარზე" რამდენი "თავისუფალი აგენტის" სტატუსის მქონე ფეხბურთელი გამოჩნდება და სად უნდა გადანაწილდეს ეს არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი, დღესდღეობით მართლაც ძნელი სათქმელია.

თანაც, როგორ გგონიათ, მხოლოდ იმ ათი გუნდის ფეხბურთელების მომავალია ბურუსით მოცული?

აი, ორი დღის წინ არ იყო, თბილისის "დინამომ" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამ ფეხბურთელს ოფიციალურად რომ გაუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, კიდევ შვიდი კი ტრანსფერზე რომ დააყენა? არადა, ამ ათივე ფეხბურთელს (გივი კვარაცხელია, გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი სეთურიძე, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, დავით ხოჭოლავა, ირაკლი ლექვთაძე), წესითა და რიგით, ნებისმიერ ქართულ გუნდში მოწყობა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ იმ დანარჩენ ჩვენს კლუბებში დღესდღეობით რა სიტუაციაც არის, რა პირობები უნდა შესთავაზონ ჩვენ მიერ ნახსენებ ფეხბურთელებს?

თუმცა, ეს კიდევ არაფერი: არანაკლებ "საინტერესო" სიტუაციაა... მწვრთნელებთან მიმართებაშიც! ჰო, აი, ასეთი რამ კი, 1990 წლიდან მოყოლებული, ნამდვილად ვერ გაგვიხსენებია: პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ორად-ორი მწვრთნელიღა შემორჩა, რომლებმაც სეზონი თავიანთ გუნდში დაიწყეს: სოსო ფრუიძე ("ჩიხურა") და ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯია")!

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც "განსაკუთრებული" სეზონი გამოვიდა: XXV ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული დღემდე, თორმეტგუნდიან უმაღლეს ლიგაში უკვე 15 (!) სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა!..

ფრუიძის სარეკორდო ნიშნული
...ამა წლის პირველ ნოემბერს "ლელოში" სწორედ სამწვრთნელო "კარუსელის" თაობაზე ვწერდით და ისიც ვივარაუდეთ, რომ იმ დროისათვის მომხდარი ხუთი სამწვრთნელო გადაადგილება ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო: არადა, ის გვიკვირდა, ცხრა ტურის მერე ხუთი სამწვრთნელო ცვლილება მოხდაო და წინა სეზონის ამ პერიოდთან გავავლეთ პარალელი (2012/13 წლების სეზონშიც, 9 ტურის შემდეგ 5 სამწვრთნელო გადაადგილება იყო მომხდარი).

ისე, რახან წინა სეზონი ვახსენეთ, ბარემ საერთო მაჩვენებელიც ვთქვათ: 11 სამწვრთნელო გადაადგილება უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობის დროს მოხდა, ხოლო სამმა მწვრთნელმა (გია გეგუჩაძე, ელგუჯა ქომეთიანი, ვალდას ივანაუსკასი) გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

აი, ახლა კი, მართლაც "უნიკალურ" და სარეკორდო მაჩვენებელთან გვაქვს საქმე: 1-ლი ნოემბრიდან დღემდე (ანუ არასრული ორი თვის განმავლობაში) უმაღლეს ლიგაში 10 (!) სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა!

მოკლედ, ბოლო წლების "აბსოლუტურ რეკორდამდე" არც არაფერი უკლია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ დღესდღეობით არსებულ სიტუაციას და არც ის გაუკვირდეს ვინმეს, რომ რამდენიმე გუნდში მწვრთნელი მეორე ეტაპის განახლებამდეც შეიცვალოს.

ბარემ ბოლო წლების ის "აბსოლუტური რეკორდიც" ვახსენოთ: 2011/12 წლების სეზონში 22 სამწვრთნელო გადაადგილება ვიხილეთ და 12 გუნდიდან მხოლოდ ერთგან ჰქონდა მწვრთნელს აბსოლუტური ნდობა; თანაც, ეს გუნდი უმაღლესი ლიგის დებიუტანტი იყო და მწვრთნელიც სადებიუტო სეზონს ატარებდა უმაღლეს ლიგაში: მარტვილის "მერანსა" და ამ გუნდის აწ უკვე ყოფილ თავკაცზე, მალხაზ ჟვანიაზე მოგახსენებთ.

სხვათა შორის, ჟვანიამ წინა სეზონიც სრულად ჩაატარა უმაღლეს ლიგაში, ისე, როგორც - დუშან უჰრინმა (თბილისის "დინამო"), გია გეგუჩაძემ ("ტორპედო"), სოსო ფრუიძემ ("ჩიხურა") და გია გურულმა (ბათუმის "დინამო").

ჟვანიამ ეს სეზონიც უმაღლეს ლიგაში "მერანთან" ერთად დაიწყო, თუმცა VIII ტურის მერე პირველ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "დინამო-2" ჩაიბარა, აი, 6 დეკემბერს კი უკვე "დინამოს" ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლადაც წარადგინეს.

სამაგიეროდ, სამწვრთნელო კარიერაში "წყვეტა" არა აქვს "ჩიხურას" თავკაცს სოსო ფრუიძეს: გამოცდილი სპეციალისტი საჩხერელთა გუნდს, საერთოდაც, 2007 წლიდან წვრთნის და "გადაბმულად" ერთ გუნდში მოღვაწეობის მის მაჩვენებელს დიდი ხნის განმავლობაში, ალბათ, ვერავინ გააუმჯობესებს.

აქვე, ისიც ვთქვათ, რომ სოსო ფრუიძეს გარჯა დაუფასდა: რამდენიმე დღის წინ "ჩიხურამ" კლუბის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა - საქართველოს სუპერთასი!

სამწვრთნელო სუსხი
ამ სეზონში, ნოემბრამდე მომხდარ სამწვრთნელო გადაადგილებებზე ადრეც ვწერდით; ახლა კი, არასრულ ორ თვეში რაც მოხდა, იმას შეგახსენებთ. ჰო, XXV ჩემპიონატს ნოემბერ-დეკემბერში მხოლოდ სუსხიანი ამინდები არ სდევდა თან - კვირა არ გავიდოდა, რომელიმე გუნდში მწვრთნელი არ შეეცვალათ!

შემოდგომა-ზამთრის მიჯნაზე პირველი "მსხვერპლი" რატკო დოსტანიჩი აღმოჩნდა: საპასუხო მერვედფინალში "ზესტაფონმა" რომ "სიონს" ვერ აჯობა, სერბ სპეციალისტს კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.

სხვათა შორის, სწორედ იმ მატჩში იყო, "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა მწვრთნელობაც რომ შეითავსა და წარმატებულადაც: იმის შემდეგ ბოლნისელთა კლუბი წაუგებლად ასპარეზობს.

...ისევ "ზესტაფონს" დავუბრუნდეთ: იმერული კლუბი XI ტურში მოედანზე ლევან ბაჯელიძისა და გიორგი მიქაძის "დუეტმა" გამოიყვანა, აი, ამის შემდეგ კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდა გია გეგუჩაძე - "ზესტაფონის" ისტორიაში, უდავოდ, ყველაზე წარმატებული სპეციალისტი!

გეგუჩაძე "ზესტაფონსა" და უმაღლეს ლიგას XII ტურში დაუბრუნდა; სწორედ ამ ტურში ვიხილეთ კიდევ ერთი სამწვრთნელო სიახლეც: კობა წიტაიშვილის ნაცვლად "ზუგდიდი" მოედანზე ოთარ თუთბერიძემ გაიყვანა, უკვე მომდევნოში კი "ზუგდიდს" ოფიციალურად ახალი მწვრთნელი მოძღვრავდა: გიორგი დარასელია საქართველოს ჩემპიონატს 11-თვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

აი, ამის შემდეგ კი ამ სეზონის ყველაზე "ხმაურიანი" გადაადგილება მოხდა: წინა სეზონში "დუბლის" შემსრულებელი დუშან უჰრინი მიმდინარე გათამაშებაში ერთპიროვნული ლიდერის რანგში დაგვემშვიდობა და სამშობლოში, ჩეხეთში დაბრუნდა ("დინამოში" მისი ადგილი რომ მალხაზ ჟვანიამ დაიკავა, ამაზე ზემოთაც ვისაუბრეთ).

ამ ყველაფერს გაგრძელება დეკემბერშიც მოჰყვა: პირველი ეტაპის ბოლო ტური დასრულდა თუ არა, "გურიას" მთავარ მწვრთნელ რომან პოკორას კარისკენ მიუთითეს! არადა, შეგახსენებთ, რომ უკრაინელი სპეციალისტი "გურიაში" VII ტურის მერე დაინიშნა და მაშინაც და დღესაც, ბევრს უკვირდა, თუ რატომ მოხდა ლანჩხუთელთა გუნდის იმდროინდელი თავკაცის, დავით მახარაძის ჩანაცვლება რომან პოკორათი.

თუმცა, პირველი ეტაპი ამით არ დამთავრებულა: ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჟერარდ სარაგოსა "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ისე, არც ეს ფაქტი უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს: ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ბოლო ცხრა ტურში 8 მატჩი წააგო.

ჰოდა, დღესდღეობით ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ უმაღლეს ლიგაში არც ერთი უცხოელი მწვრთნელი აღარ დაგვრჩა: რატკო დოსტანიჩს, დუშან უჰრინს, რომან პოკორასა და ჟერარდ სარაგოსას უკვე დავემშვიდობეთ; ოღონდ ამ ოთხიდან ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქართულ ფეხბურთში რაღაც კვალი დატოვაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მთავრობა სპეციალურად ასუსტებს გუნდებს რომ მერე მოითხოვონ გუნდებმა ესენგეს ჩემპიონატში მონაწილეობა.სად წავიდა რეგვენი კალაზე და ყიფიანი რომ სულ გააზრეს მუქარი?გააკეტონ რამე. ისე ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ბრალია
gaga
21:24 26-12-2013
0
მე მაქვს ასეთი კითხვები:
პირველი, ტრანსფერზე დაყენება ფეხბურთელის უფლების დარღვევა არაა - ჩვეულებრივი მოვლენაა და ეგ კლუბის საქმეა. და რა არის აქ პრობლემა? ვისაც უნდა წაიყვანოს. თუ საქართველოში ვერ გადაუხდიან რამდენიც ფეხბურთელებს სურთ, საზღვარგარეთ წავიდნენ (თუ იქ ვინმე რამეს გაიმეტებს).
მეორეც, რატომ, რა დამსახურებისთვის უნდა ჰქონდეს საქართველოში ფეხბურთელს უფრო მეტი ხელფასი ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტს, ექიმს, მასწავლებელს? სადღაც უცხოეთში ფეხბურთელებს რომ მაღალი ხელფასები აქვთ მაგიტომ? წესია ასეთი და მაგიტომ? ასე აზროვნებენ ბიზნესში?
და ბოლოს, თუ ყველას არ აინტერესებს ეს ფეხბურთი, ვისაც აინტერესებს იმან მიხედოს და ამ ინტერესიდან გამომდინარე რამდენი გუნდიც გამოიცხობა, იმდენ-გუნდიანი ჩემპიონატი ვითამაშოთ. თუ ძალით უნდა შევტენოთ გუნდები ვიღაცეებს და თან ვიძახოთ დემოკრატები ვართო? თუ დაგვაგინა ვინმემ 12გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება? თუ 16 გუნდიანი ჩემიონატიც კი გვინდა იმიტომ რომ 16>12 და ვიამაყებთ რომ 16 გუნდი გვყავს უუმაღლეს ლიგაში და ბოლოს თავი უნდა ვიმტვრიოთ ჩემპიონატი როგორ ჩავამთავროთ?
mkitxveli
21:01 26-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული