ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ლადო ბურდულს არაერთხელ უთამაშია ირლანდიელთა წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, საინტერესოა, როგორი განწყობით ეგებება "სამყურებთან" შეხვედრას ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის ყოფილი ნახევარმცველი...

- როცა ეროვნული ნაკრები თამაშობს, უზომოდ ბედნიერი ვარ. ამ განცდას არაფერი შეედრება. მიუხედავად წარუმატებლობისა, სტადიონზე სულ იმედიანად, ოპტიმიზმით სავსე მივდივარ. ირლანდიასთან შეხვედრებში ჩვენ არ გვაქვს კარგი სტატისტიკა, მაგრამ მაქვს იმედი, რომ, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება ჩვენთვის უსიამოვნო ეს "ტრადიცია".

- რამდენად ფიქრობს ფეხბურთელი ამ სტატისტიკაზე, როცა ის მინდორზე გადის, ხომ არ შებოჭავს ეს ციფრები საქართველოს
ნაკრების ფეხბურთელებს?

- ჩემი აზრით, საკლუბო ასპარეზზე უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს სტატისტიკას, ვიდრე სანაკრებოზე. კლუბები მაინც უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და ყოველთვის თავში უტრიალებთ წინა შეხვედრების შედეგი, რადგან მცირე დროში ვერ ახერხებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის დავიწყებას. როცა საქმე ნაკრებს ეხება, ასე არაა. კი, სტატისტიკის მიხედვით ირლანდიას აქვს დიდი უპირატსობა, მაგრამ როცა მინდორზე გავლენ, შეიძლება, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ეს საერთოდ არ ახსოვდეთ. თაობები იცვლება, ახალი ფეხბურთელები მოდიან...

- წლების წინათ, თქვენ არაერთხელ გითამაშიათ ირლანდიელთა წინააღმდეგ. შეადარეთ ახლანდელი და მაშინდელი ნაკრებები...
- ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მაშინ ირლანდიას უფრო ძლიერი ნაკრები ჰყავდა - რობი კინი, ოში, დოჰერტი... ვარსკვლავები მაშინ უფრო მეტნი იყვნენ ირლანდიელთა შემადგენლობაში, ვიდრე - ახლა.

- როგორ სამატჩო სცენარს ელით ვლადიმირ ვაისისაგან?
- ჩემი აზრით, ვაისი რაღაც განსაკუთრებულს და ახალს ვერ მოიგონებს. ზოგადად, ნაკრების მწვრთნელს ძალიან მცირე დრო აქვს ფეხბურთელებთან სამუშაოდ და ეს მას საშუალებას არ აძლევს, ხშირად მიმართოს კარდინალურ ცვლილებებს. ალბათ, აქცენტი გაკეთდება ბურთის მეტ კონტროლზე...

- ...და რას უნდა ველოდეთ ირლანდიისაგან?
- აქტიურად გამოიყენებენ ფლანგებს, უდიდეს ყურადღებას მიაქცევენ "სტანდარტებს"... ამის ვარაუდი აქედანვე შეიძლება და ჩვენი გუნდი ამისთვის მზად უნდა იყოს.

- რამდენად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ნაკრების უპირატესობად ის ფაქტი, რომ სტუმარ გუნდს ეს შეხვედრა უეჭველად მოსაგები აქვს?
- ეს ძალიან კარგი მოცემულობაა და, შეიძლება, მნიშვნელოვანი პლუსი იყოს საქართველოს ნაკრებისთვის. მერე რა, რომ საშინაო შეხვედრაა - შეგვიძლია, მოწინააღმდეგე კონტრშეტევაზე დავიჭიროთ, დავსაჯოთ წამიერი უყურადღებობისთვის...

- ეროვნულ გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება...
- რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. დღეს საქართველოს ნაკრებს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნაკრებში ერთ ადგილზე რამდენიმე, თითქმის თანაბარი ძალის ფეხბურთელი იყოს. მეორე მხრივ, ესაა მშვენიერი შანსი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომელთაც აქვთ ნაკრებში მოხვედრის ამბიცია.

ჩვენი დროის ნაკრები ყველას კარგად გვახსოვს. იმხელა კონკურენცია იყო, მეტი არ შეიძლებოდა. შეხედავდი შემადგენლობას და იფიქრებდი, აქ როგორ უნდა მოვხვდეო?! და მაინც, ვიშრომეთ გეგმაზომიერად და ავისრულეთ ჩვენი ოცნება. ჩვენ არ ვიყავით, ვთქვათ, გიორგი ქინქლაძის დარი ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ შრომასა და რწმენას ბევრი შეუძლია.

- ფაქტია, ჩვენ ვლადიმირ ვაისს ძალიან ხშირად მოვუწოდებთ, რომ ენდოს ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ მეორე მხრივ, ეს გარკვეული რისკია მწვრთნელისთვის...
- ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მოდით, შევეცადოთ და საკითხს ვაისის კუთხიდან შევხედოთ. მას დღეს არ აქვს მყარი მდგომარეობა. ის წნეხშია მედიისა და გულშემატკივრების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში ეს მისთვის ძალიან დიდი რისკია.

რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ გავჩერდეთ და შევწყვიტოთ კრიტიკა. ჩემი აზრით, ცოტა მეტად უნდა ვენდოთ ვაისს, რაკი ჩავაბარეთ ამ უმნიშვნელოვანესი საქმის გაძღოლა. გვინახავს მწვრთნელები, რომელთაც თავიდან არცთუ ისე დამაჯერებლად დაუწყიათ კლუბსა თუ ნაკრებში და მერე მიუღწევიათ შედეგისთვის.

- დაბოლოს, თქვენზეც გვითხარით...
- ამ ეტაპზე ჩემს მეგობრებს ვეხმარები დუშეთის "არაგვში". ვნახოთ, რა და როგორ იქნება. უფრო დეკემბრისთვის მაქვს სიახლეების მოლოდინი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლადო კაპელოოო
liverpuli barsas supermarketia.d.d.
17:45 02-09-2017
0
ბურდულმა წააქცია და დააქცია სიონი მაგარია ყველაფერში,გარდა მწვრთვნელობისა.
beni
16:21 02-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული