თუ ვაისი წავა... ქომაგთა რჩეული კახა ცხადაძეა

AutoSharing Option
რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები ვერ აჟღერდება. თუ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში მალევე გაირკვა, რომ შანსი არ გვქონდა, უკრაინელები ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ხორვატიასთან და მიზანი ვერ აისრულეს.

დღეს ქართულ ფეხბურთში უკვე მთავარი განსახილველი თემა ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხია. ყველაფერი საქართველოს ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც გვეცოდინება სლოვაკი სპეციალისტის პასუხი. არ არის გამორიცხული, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეთავაზება ყაზახეთის ნაკრებიდანაც ჰქონდეს.

რამდენიმე გამოკითხვის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმეტესობა ვაისის დარჩენის
მომხრეა, უბრალოდ, მთავარი მოთხოვნაა, სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოში უფრო დიდი დრო გაატაროს და მოთამაშეებს დააკვირდეს.

მეორე ნაწილი, ვისაც ვაისთან დამშვიდობება სურს, ნაკრებში ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა. მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებს შორის რამდენიმეს ყველაზე მეტად ასახელებენ.

Sportall.Ge
აქტიურად განიხილება კახაბერ ცხადაძის ნაკრებში დაბრუნების საკითხი. ბევრი ქომაგი ფიქრობს, რომ ეროვნულ გუნდში მის მიერ დაწყებული ცვლილებები ძალიან კარგი იყო და უნდა გაგრძელებულიყო...

ცხადაძე 2014 წელს თემურ ქეცბაიას ნაცვლად დაინიშნა და ეროვნულ ნაკრებს 10 თამაშში გაუძღვა: 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

გულშემატკივრის მთავარი პრეტენზია კახა ცხადაძისადმი ნაკრებში მისი ვაჟის, ბაჩანას მიწვევას უკავშირდებოდა. სხვა შემთხვევაში, ქომაგი მწვრთნელის მიმართ აშკარად პოზიტიურად იყო განწყობილი, მაგრამ ფედერაციამ ცხადაძე ნაკრებიდან ხელფასის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო გაუშვა და მის მაგივრად ვლადიმირ ვაისი მოიწვია.

ბოლო პერიოდში ქართველი მწვრთნელი ალმათის "ქაირათში" მუშაობდა, დღეს კი ახალ სამსახურს ეძებს.

Sportall.Ge
მეორე სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახსენებენ, გია ცეცაძეა. სულ ცოტა ხნის წინ მან "სამტრედია" დატოვა.

თუ ცეცაძის კარიერას გადავხედავთ იმერულ კლუბში, მას შიდა ასპარეზზე წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგან არსებული კონტინგენტით მუდმივად ახერხებდა დადებითი შედეგის მიღწევას.

რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, ცეცაძემ ევროტურნირებზე, ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერაფერი დაუპირისპირა აზერბაიჯანულ კლუბებს.

ცეცაძე ეროვნულ ნაკრებში კახაბერ ცხადაძის ასისტენტიც იყო და შემდგომ, ვლადიმირ ვაისისაც. მანამდე მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. გია ცეცაძე 43 წლისაა...

Sportall.Ge
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გულშემატკივართა კეთილგანწყობას აქამდე ინარჩუნებს, რაც დიდწილად გორის "დილაში" მის მუშაობას უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით გორის გუნდმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად ითამაშა.

44 წლის მწვრთნელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც აქვს ნამუშევარი და საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია. "ტრაბზონსპორში" შოთა არველაძის ასისტენტი იყო.

რაც შეეხება დევდარიანის დამოძღვრილ "ლოკომოტივს", ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის და საკმაოდ ნაყოფიერად.

Sportall.Ge

საუბრობენ შოთა არველაძეზეც, რომელიც დღეს ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი აქამდე ვერ ახერხებდა წარმატებული სამწვრთნელო კარიერის აწყობას და კლუბებს ხშირად იცვლიდა, სანაკრებო დონეზე კი არასდროს უმუშავია.

განსაკუთრებით გამორჩეული გუნდი, სადაც შოთას უმუშავია, ჰოლანდიური "ალკმაარია". იქ ის ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო.

Sportall.Ge
გია გეგუჩაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უარყოფითი ბალანსი აქვს, მაგრამ მისი წარმატებები ქართველ გულშემატკივარს არ ავიწყდება და 52 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდში მიწვევის ერთ-ერთი კანდიდატია.

ხოლო ის, თუ რატომ ვერ დაატყო თავის ხელი გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებს, ბევრისთვის გამოცანაა.

ცნობისთვის, გია გეგუჩაძესთან ერთად თბილისის "დინამოს" უეფას თასზე უთამაშია, "ზესტაფონს" კი ძალიან ცოტა დააკლდა ევროტურნირზე მოსახვედრად.
მკითხველის კომენტარები / 62 /
მენტალიტეტი თუ არ გამოვიცვალეთ - მარჩელო ლიპიც ვერ გვიშველის! 10 ჯერ უფრო მეტი ვარჯიში გვჭირდება ყველა კომპონენტში. ნიჭიერება არ ნიშნავს წარმატებას. შრომა, ოფლი და სისხლი უნდა დაიღვაროს.
ქუთაისელი
15:27 10-10-2017
3
ფაქტია, რომ ბოლო წლებში საუკეთესო მატჩი სწორედ ცხადაძის ფორმაციის ნაკრებმა ჩაატარა გერმანიაში... მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ და ბოლო წუთებზე მოგებული მატჩისთვის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს იოაჰიმ ლიოვი... სიტუაციის მთელი კომიკურობა კი მიზეზში მდგომარეობდა - ასეულობით მილიონების უაზროდ მფლანგველმა ფედერაციამ ოფიციალურ მიზეზად ცხადაძის გაზრდილი მადა დაასახელა, რაც კონტრაქტით გათვალისწინებულის კანონიერ მოთხოვნაში გამოიხატებოდა თურმე...
ნაკრების მწვრთნელი უპირველესად სიტუაციას უნდა ფლობდეს გუნდში და საქართველოში ამას ვერცერთი უცხოელი მწვრთნელი შეძლებს... ხსენებული მატჩი ამ მხრივაც გამორჩეული გახლდათ - გუნდს მწრთნელის ხელი ეტყობოდა და ყველა მოთამაშე მაქსიმუმს აკეთებდა თავის ადგილზე... ნაკრები რომ ამ გზით განვითარებულიყო, მინიმუმ რა შედეგიც გვექნებოდა - ყველაზე სუსტ ქვეჯგუფში (შეადარეთ სერბეთი და ირლანდია სხვა ჯგუფების გამარჯვებულებს) მოგების გრაფაში ზერო არ გვეწერებოდა და მაქსიმუმ - შესაძლოა, ქართული დროშები გვეფრიალებინა რუსეთის სტადიონებზე... თუმცა, ეს მხოლოდ ოცნებაა და რეალობასთან აღარაფერი აკავშირებს... ერთი ეგაა, ოცნება, თუნდაც ყველაზე გაბედული, ყოველთვის სჯობს იმ კოშმარს, რასაც დღევანდელი ქართული ფეხბურთი და ეროვნული ნაკრები ჰქვია...
მსქროლავი ტროლი
14:47 10-10-2017
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული