მეტი არგუმენტი რაღა გინდა, ვეჟო?!

AutoSharing Option
...საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი ახალი დასრულებულია. ჟურნალისტები "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში შევიკრიბეთ. უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კრის კოულმენი გავისტუმრეთ და ჯერი ვლადიმირ ვაისზე მიდგა.

საქართველოს ნაკრების თავკაცს არაერთ საკმაოდ კრიტიკულ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. მათ შორის იყო ამ სტრიქონების ავტორის ერთი კითხვაც, რომელიც ადრესატამდე თავდაპირველად მთლად სწორად ვერ მივიდა. ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე კითხვა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო.

"ბატონო ვლადიმირ, თქვენ თქვით, რომ ფეხბურთში ძლიერი იგებს. ეს მთლად ასე არ უნდა იყოს და ამის მაგალითი თუნდაც თქვენი
გაწვრთნილი სლოვაკეთის ნაკრებია, რომელიც ფავორიტი თავის დროზე არც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ყოფილა და მუნდიალზეც აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ზუსტად ვიცით, რა რესურსიც აქვს საქართველოს ნაკრებს. თქვენი აზრით, მას იმაზე მეტი არ შეუძლია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაარტყას უელსის ნაკრების კარში"?

რა თქმა უნდა, ეს კითხვა უმიზეზოდ არ დასმულა. ვაისმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრებისგან უელსის, ირლანდიის, ავსტრიისა და სერბეთის დონის გუნდების დამარცხება არ უნდა მოვითხოვოთ, რათგან მათი ფეხბურთელები გაცილებით უკეთესი ლიგების უკეთეს კლუბებში თამაშობენ...

- "შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

ცოტა უკან დავიხევ და ვიტყვი, რომ ფეხბურთში ერთი ნაბიჯია სიმწარიდან სიტკბომდე და როცა შედეგი ასე თუ ისე მისაღებია, შეიძლება, თაფლშიც ჩააწო კალამი, მაგრამ როცა აგებ, მეტი კრიტიკა გიწევს, რაც, მერწმუნეთ, მაინცდამაინც არ მსიამოვნებს. ამ წერილის ტონიც სხვანაირი იქნებოდა, გიორგი მერებაშვილს ან ოთარ კაკაბაძეს მატჩის ბოლოს რომ შეეგდოთ, მაგრამ რას ვიზამთ - ვმსჯელობთ იმ შედეგზე, რომელიც მივიღეთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვუყურებთ ტაბლოს და დასკვნები აქედან გამომდინარე გამოგვაქვს...

- საქართველო-უელსი 0:1 - დამთრგუნველი რეალობა [VIDEO]

ახლა ისევ მთავარზე. კითხვა რომ დავუსვი და ვაისმა თარგმანი მოისმინა, ჯერ ეგონა, ახლანდელ სლოვაკეთზე ვეკითხებოდი. მითხრა - ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითო. მერე, როგორც იქნა, კითხვის არსს მიხვდა და დაამატა - ის ძველი სლოვაკეთიც კარგი გუნდი იყო, ჰამშიკი უკვე გვყავდა, დურიცა მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა, "რეინჯერსის" ფეხბურთელსაც ვწვრთნიდიო...

ზოგადად, ერთხელაც უნდა დავადასტურო ვაისისადმი დიდი პატივისცემა. კაცი ვერ დამაჯერებს, რომ ის არ არის სამართლიანი კაცი და ფეხბურთშიც ბევრი რომ იცის, ესეც ფაქტია. მაგრამ მე ასე მგონია: უელსთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქმულის გათვალისწინებით, მას მომავალში ძალიან გაუჭირდება საქართველოს ნაკრების წარმატებით გაწვრთნა.

ზოგადად, მე ამ პრესკონფერენციაზე ვნახე ისეთი ვაისი, როგორიც არ მინდოდა, რომ მენახა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ის მართალია - ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა დაბალი დონის კლუბში თამაშობს. მეორე მხრივ კი, მან საკუთარი თავიც გააკრიტიკა და თქვა, რომ, დიდი ალბათობით, კრის კოულმენი, სლავოლიუბ მუსლინი და მარტინ ო"ნილი მასზე მაღალი დონის სპეციალისტები არიან და ამიტომაც წვრთნიან უკეთეს ნაკრებებს...

ჩვენ ეს ყველაფერი ალილუიასავით ვიცით. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენი რესურსი არ არის ულევი და ჩვენი ფეხბურთელები არ თამაშობენ მაღალი დონის გუნდებში, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რაღად გვინდა უცხოელი მწვრთნელი? თუ მაინც განწირულები ვართ და ჩვენზე ძლიერ გუნდებთან უნდა წავაგოთ, რაღად უნდა შევავსოთ სტადიონი?!

დღეს, თუნდაც ქართული ფეხბურთის არნახულად დაცემის ხანაში, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაცას მივაღწევთ და საშუალო დონის ნაკრებთა მარაქაში მაინც ჩავეწერებით. თუ მთავარი (ფაქტია, მნიშვნელოვანი ნამდვილად არის) ფაქტორი ის არის, თუ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, ამ საქმეს უნდა შევეშვათ, რადგან ახლო მომავალში, სამწუხაროდ, კლუბების ამბავში ვერც ირლანდიას დავეწევით, ვერც უელსს, ვერც ავსტრიას და, მით უმეტეს, ვერც სერბეთს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ისევ ჩვენი პირველი გუნდის მაგალითზე ვიმსჯელოთ. იყო დრო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძალიან კარგ კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ იმ გუნდმა შედეგს ვერ მიაღწია. რატომ და როგორ, ეს ძალიან ვრცელი თემაა და ჩვენი წერილის ფარგლებს სცდება, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი არ ყოფილა.

რამდენი მაგალითიც გნებავთ, იმდენია მსოფლიო ფეხბურთში, რომლის მიხედვითაც უარესად დაკომპლექტებულ ნაკრებსა თუ გუნდს უკეთესი მეტოქისთვის მოუგია. ვაისს კარგად უნდა ახსოვდეს 2010 წლის მუნდიალი, როცა მისმა გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ჯგუფური ეტაპი იტალიის დამარცხებით დაძლია. იმ სლოვაკეთის მიმართ ასევე დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბატონ ვაისს მაშინ იტალიაზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა და არც სლოვაკი ფეხბურთელები თამაშობდნენ უკეთეს გუნდებში, ვიდრე - იტალიელები.

ფეხბურთი იმადაც არის სპორტის ნომერი პირველი სახეობა მთელ მსოფლიოში, რომ აქ ყველაზე ნაკლებადაა "იერარქიული კიბე". კი ბატონო, ძლიერი ძლიერია, მაგრამ ძალიან ხშირად სუსტი ზეობს ძლიერზე. თუ, რა თქმა უნდა, საქმე "ჯუჯებს" არ ეხებათ, თუმცა ამ ბოლო დროს "ფეხი" მათაც გამოიღეს.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რომ ამ ლოგიკას ემორჩილებოდეს, რა უნდა ისლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე? ამ დროს კი თურქეთი უკვე ჩაეხსნა რუსულ მატარებელს. ისლანდიის ნაკრების ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი გილფი სიგურდსონია. დანარჩენების წვრილად ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ რად გვინდა - მათი გვარები არაფერს გვეტყვის...

ანუ, როგორც ზაალ ბარათაშვილი იტყოდა - ამაზე მეტი არგუმენტი რაღა გინდა, ვეჟო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია თუნდაც 10 მეტრი ბურთისა ტარება,ან წინ ,,გამოუვათ,, გაგდება,ან მეტოქე წამოეწევა-დაფრთხებიან და ბურთი ,,ებლანდებათ,, ან ფიზიკურად შეხებასაც ვერ იტანენ- სწრაფადვე კოორდინაციას კარგავენ და...რას უნდა ელოდო ?!

არა ფიზიკური-მყარი მომზადება,არა ფსიქიკური-მყარი მომზადება,არა მუდმივი მოძრაობა-სირბილი,ინდივიდუალურადადც ძალზე არასაემედოდ...
რას უნდა ველოდოთ ?!
თუმცა სერბეთთან შედარებით მეტად შემართებით თამაშობდნენ,მაგრამ...
გამოირჩევა მხოლოდ: კაშია,კანკავა,კაკაბაზე!
glaxuna
14 ოქტომბერი 2017 14:20
4
N1 სპორტი რომ იყოს საქართველოში არ მოკვდებოდა. ეს თამაში ამ სახით
ამ წესებით უვარგისია და მძლეოსნობაა
და მეტი არაფერი. 1-2 ფინტი არაფერს არ ცვლის.
საშუალოდ 200 კმ სირბილს და სეირნობას ვუყურებთ ხოლმე.
ფიფა-სა და უეფა-ს მათივე შემოსავლების გაოთხმაგება რომ
შესთავაზო არ მიიღებენ იმიტომ ,რომ
რასაც ახლა იგებენ ის როგორ გაათეთრონ არ იციან.
ვეტერანი
14 ოქტომბერი 2017 13:57
6
სფფ-ში მთლიანი შემადგენლობაა შესაცვლელი, დიდიან პატარიანად და მოსაყვანია უცხოელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავრობის წევრებსაც უნდა აეკრძალოთ მის საქმეებში ჩარევა, მთელი მსოფლიო დაგვცინის, თუმცა თითონ გავიხადეთ თავი ჩვენზე უარესების დასაცინად... რუსიც დაგვცინის,,, სტადიონი გადახურული რომ ყოფილიყოო ქარი არ დაუბერავდაო დაანანიძე ტამვას არ მიიღებდაო და მე ყვიტელ ბარათს გადავრჩებედიო, ჯიგარი დაკარგეს ქართველმა ფეხბურთელებმა დ აიმიტომ არ უნდათ უკეთეს გუნდებს!
gulshematkivari
14 ოქტომბერი 2017 13:22
3
ამჟამინდელ საქართველოს ნუ ადარებთ ნურც ისლანდიას, ნურც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ფეხბურთს და სპორტს კი არა, იმ ადამიანებს უნდა ადარებდეთ, ვინც ამ ქვეყნებში ცხოვრობს. ყოფილხართ ისლანდიაში? ისლანდიელები მოწესრიგებული, თავიანთ ქვეყანაზე შეყვარებული და რაც მთავარია, კარგი შემსრულებლები არიან. ჩვენთან კი, ყველა "ნიჭიერი", მაგრამ ზარმაცი, "ყველაფრისმცოდნე" და მწვრთნელზე "მცოდნეა". ქვეყნის სიყვარული რა არის, წარმოდგენაც არ აქვთ. მოკლედ, ჯერ ადამიანებად უნდა ჩამოყალიბდნენ და მერე სპორტსმენებად. კიდევ ერთი, საქართველოში გულშემატკივარი არ არსებობს. საქართველოს ჩემპიონატზე სპორტის ყველა სახეობაში მოედნები ცარიელია. კალათბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე დასწრება უფასოა, თუმცა მაყურებელი არათუ რიგით თამაშებს, პლეი-ოფის გადამწვეტ მატჩებსაც არ ესწრება. მოკლედ, ნაკრების კანდიდატს ბურთთან ურთიერტობამდე სხვა თვისებები უნდა ქონდეს. რეალურად კი, არც ეს თვისებები და არც ბურთის ფლობის ნორმალური დონე არ გააჩნიათ. ვაისი კი არა, ათი ფერგიუსონი და მოურინიო-გვარდიოლა რომ დაუყენოთ, ისინიც ვერაფერს უშველიან.
ლაშა
14 ოქტომბერი 2017 12:52
5
კარგი სტატიაა ფრიადი.აი ასე თამამად და გულახდილად,ობიექტურად უნდაიწერებოდეს. კოჭის გსგორებამ და დაუმსახურებელი დივიდენდების ავანსად გაცემა ჟურნალისტების მხრიდან, წყენს როგორც მწვრთნელებს და სფფ-ს სევე ფეხბურთელებსრაც საბოლოო ჯამსი ქარტულ ფეხბურთს ვნებდაწლების განმავლობაში და ეხლაც ავნებს. ბრავო და მეტად წერეთ კრიტიკული წერილები. კაცოო შედეგი არ სჩანს და რას ან ვის ვაქებთ?
სანდრო
14 ოქტომბერი 2017 12:51
4
ერთმა (თავის დროზე ნამდვილად კარგმა ფეხბურთელმა და დიდმა სპორტსმენმა-თემურ ქეცბაიას ვგულისხმობ)როცა გითხრათ:თავდასხმელი გასტრონომში ვიყიდოო-ლამის მთელმა საქრთველომ შეჭამეთ,ყველამ მისი ფულის დათვლა დაიწყეთ,მერმე ცხადაძეო.მერმე ფედერაციაში თუ კახაია კალაძის ძმაკაცი და საშუალო დონის(მართალია დიდი გამოცდილების,მაგრამ საშუალო დონის ფეხბურთელი) კობიაშვილი არ მოვიდაო,მაშინ დავიღუპებითო.ეხლა გყავთ ბატონო რბილი ლ-ს პატრონი ფეხბურთის ფედერაციის თავკაცად,მაგრამ გამოსავალი მაინც არ ჩანს.უკეთესს ვიტყვი,გამოსავალი კი არა,არამედ ქართული ფეხბურთის პანაშვიდზე მგონია თავი,როცა დაკრძალვა უკვე უახლეს შაბათს იქნება.მთავარი პრობლემა საქერთოდ ქართველი ადამიანის არაამბიციურობაში(კარგი გაგებით) არის,ამას მოჰყვება არაპროფესიონალზმი და გაუნათლებლობა(და არა მარტო მწვრთნელების),სიზარმაცე და უსაქმურობა.ასეთია დღევანდელი საქართველოს პორტრეტი და რაღა ვაისს ეძებთ განტევების თხად?
simartle
14 ოქტომბერი 2017 12:45
5
მაინც არ ეშვები პოლიტიკას?
saocaria
14 ოქტომბერი 2017 13:52
3
თუ ვთანხმდებით იმაზე რომ ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება არც თავდამსხმელები გვყავს ვინც ბევრ გოლს გაიტანენ მაშინ ისმის კითხვა რათ გვინდა უცხოელი სპეციალისტი მე მაგალითად მერჩივნა კახა ცხადაძე შედეგიც უკეთესი ქონდა ( თან ბევრად ) და ქემაინც იმ ხელფასს ქართველი იღებდა რასაც ეს ღრმადპატივცემული ვაისუკა იღებს . + ენის ბარიერი მაინც არ იყო და შეჩ*ემაზე რა მითხრაო არ კითხულობდა ეს ხუმრობით რათქმაუნდა :)
lashiko
14 ოქტომბერი 2017 11:38
3
ჯერ ერთი ქართველებს ბევრად მეტ ხელფასს უხდიდნენ (მაგალითად, ბოლო 2 ქართველს ქეცბაიას და ცხადაძეს) და მეორეც გამორიცხულია, ასეთი ფეხბურთელებით, მარტო ნაკრების იმედით ამოქაჩოს ფეხბურთმა. ამიტომ იყოს უცხოელი მწვრთნელი, ყოველ შემთხვევაში აქაურების გავლენის ქვეშ ნაკლებად იქნება.
haha
14 ოქტომბერი 2017 14:06
9
თუ ყველა თანხმდება ფედერაციაში რომ ვერ მიაღწევს ეს ნაკრები ვერაფერს საერთოდ რატო ვუხადოთ ხელფასი ვინმეს? ვინმეს მინიმალურ ხელფასიანი მოვიყვანოთ და გვეცოდინება რომ არ უნდა მოვთხოვოთ ჩვენი ფული არ მიაქვს და არც ვაგინებთ იმდენს.
gia
14 ოქტომბერი 2017 13:18
0
ვაისი მართალია, ჩვენ ამ ჯგუფში თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მეხუთე გუნდი ვართ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები ,მაგრამ ეს ფეხბურთელები თამაშობენ ძველებურ ფეხბურთს ანუ აკლიათ სისწრაფე და ჩქარი აზროვნება, თუ აჩქარდებიან მაშინ ბურთს ვერ იმორჩილებენ , დააკვირდით არაბიძეს , პელეა დუბლებში და პატარებში, მაგრამ დიდებში არ აყენებენ ,იმიტომ რომ ჩქარ ფეხბურთს ვერ თამაშობს ,ასევეა ყაზაიშვილი. აქედან დასკვნა: ბავშვებს უნდა ასწავლონ სწრაფი თამაში. ესაა ქართველების მთავარი ნაკლი
სწრაფი
14 ოქტომბერი 2017 11:36
4
გეთანხმებით ყველაფერში.ჩვენი ნაკრები დღეს უფრო ნელ ტემპში თამაშობს,ვიდრე 20 წლის წინ საშუალო ევროპული საკლუბო გუნდები თამაშობდნენ.ისიც სიმართლეა,რომ ბავშვობიდანვე არ ასწავლიან სწრა თამაშს,რაც იმასა იწვევს,რომ ბავშვემა საერთოდ არ იციან უბურთოდ თამაში,უჭირთ ადგილის შერჩევა და სწრაფი გადაადგილება სიტუაციების ცვლილებისას.90-იანებში და შემდგომაც ბავშვებთა ისეთები მუშაობდნენ,რომლებსაც თავად არ უთამაშიათ სერიოზული ფეხბურთი,იქცეოდნენ როგორც ვაჭრები და გამომძალველები.შედეგი მივიღეთ,ანუ გვაქვს ის-რაც დავიმსახურეთ.კარდინალური ცვლილებების დრო დიდი ხანია დადგა.უცხოელი პროფესიონალი მწვრთნელები უნდა მოვიწვიოთ ბავშთა გუნდებში.მე მხარი დავუჭირე კობიაშვილს მხოლოდ იმ იმედით,რომ გერმანულ პედანტიზმს ეზიარებოდა და ბევრ რამეს შესცვლის-მეთქი,მაგრამ პირველივე ნაბიჯი უხიაგი გადადგა და ცხადაძის ნაკრებიდან გაშვებით დაგვანახა,რომ ნაკრების ინტერესებს მერკანტილურები ურჩევნია;რატომ წავიდა პარლამენტში ,,ამბიციური" სფფ-ის პრეზიდენტი-არ მესმის.რისთვის წაიყოლა ჯამარაული-არც ესაა გასაგები.ამიტომ მგონია,რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ დიდხანს ვერაფერი ეშველება....მეორე ახალკაცის გამოჩენამდე.ნოდარის მოსვლამდე კი...არაფერი გეტკინოთ.დიდმა გულისტკივილმა დამაწერინა ამდენი.ბოდიშს გიხდით.
გიორგი ჯანიკაშვილი
14 ოქტომბერი 2017 13:22
2
პატარა ქვეყანა ვართ დაბალი დონის ჩემპიონატებში გვყავს ფეხბურთელები ეროვნული ლიგა დაბალი დონეა კი ეს ასეა მაგრამ ბევრი მაგალითი არსებობს,რომ ჩვენი მზგავსი ან უარესი მდგომარეობის ქვეყნების ნაკრებებს და გუნდებს მიუჰწევიათ წარმატებისთვის საკლუბო დონეზეც და სანაკრებო დონეზე ეს არ არის არგუმენტი უმთავრესი ის არის არაპროფესიონალებს უკავიათ მაღალი თანამდებობები ფედერაციაში კლუბებში მეფობს კორუფცია ნეპოტიზმი და ამიტომ ვერ ვითარდებით მთელს ევროპაშ ფეხბურთი არის უფასო ან მინიმალური ფასის ბავშვისთვის საქართველოში კი ძალიან შეძლებული ოჯახი უნდა გქონდეს,რომ ფეხბურთზე ატარო ბავშვი და იმ კლუბშიც ყურადღებას არავინ არ აქცევთ თუ ვიღაც ბობოლას შვილი არ არის რეგიონებში არ არის განვითარებული მაგალითად კახეთს გუნდი რატომ არ უნდა ჰყავდეს ქვემო ქართლს შიდა ქართლს ყველაფრის გამოსწორება შეიძლება თუ მოინდომებენ მარა არც სურვილია და არც მონდომება.
daTo
14 ოქტომბერი 2017 11:23
1
სიტყვა "ფედერაცია" შეცვალე სიტყვა "ოცნებით" და მიიღებს ნაციონალების საარჩევნო ლოზუნგებს.
ki
14 ოქტომბერი 2017 14:14
0
რისი თქმა უნდა ამ სტატიით ავტორს ვერ გავიგე.
ან რას ერჩით ვაისს? ის ფაქტი, რომ გუნდის შემადგენლობა და ამ შემადგენლობის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გადამწყვეტია შედეგების დადების საკითხში ამაზე კამათობს? კიდე კაგად ითმაშა ნაკრებმა შემადგენლობიდან გამომდინარე. ეს სპორტული ჟურნალისტები კიდევ შეეგუეთ იმ აზრს, რომ ძალიან სუსტები ვართ ფეხბურთში (ფარერებზე ცოტა უკეთესი). ნუ იქმნით ილუზიებს ყოველი შესარჩევის დაწყებამდე და ნუ უქმნით ილუზიებს მკითხვესაც. ურც ფეხურთელებისგან და მწვრთნელებისგან ითხოვთ ზედმეტებს. ან ეს რა უბედურება გჭირთ, თუ ვინმემ 1 კარგი დრიბლინგი გააკეთა, ყველა ყიფიანი და ქინქლაძე გგონიათ და ეგრევე გააშანშალებთ ხოლმე სტატიებს. დაანებეთ საერთოდ ფეხბურთზე წერას თავი და რამე სასარგებლო გააკეთეთ.
გიორგი
14 ოქტომბერი 2017 11:14
8
სრულიად გეთანხმები მეგობარო! ყველას ძველი დრო ახსოვს
aburjga
14 ოქტომბერი 2017 17:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული